17:37:48     15-01-2014
„გოგოჭური იძახის რომ იქ არ ყოფილა“, „კადრებში ჩანს პირი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა“ - პროკურატურა
პროკურატურა ადასტურებს რომ ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება. პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, იმ პირთა მიმართ, ვინც ტარყაშვილის მკვლელობაზე უკვე გასამართლებულია, საქმე დაიხურა. თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოვლენის მიზნით.
პროკურატურაში აცხადებენ რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფი მინდია გოგოჭურის მონაწილეობა, ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში, ამ ეტაპზე არ დასტურდება.
თუმცა, პროკურატურის წარმომადგენელი იქვე ამატებს: „კადრებში ჩანს პირი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ფირი არაა ხარისხიანი“. პროკურატურის ეს ფრაზა უკვე მიუთითებს ბევრ რამეზე და აღრმავებს ეჭვს იმის შესახებ რომ მკვლელობაში მარგველაშვილის შვილობილის ქმარია გარეული.
მეტიც, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ მოკლულის ოჯახი მკვლელობის ამსახველ ვიდეო-კადრებს ერთ-ერთ უცხოურ საექსპერტო ბიუროს გადასცემს, მკვლელობაში მონაწილე პირთა იდენტიფიკაციის მიზნით.
რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სოლიდური საექსპერტო ბიურო დაადასტურებს იმ ფაქტს რომ ერთ-ერთი მკვლელი, რომელიც ესვრის ტარყაშვილს, იარაღს აგდეს ძირს, გზას კვეთს და თბილისი მარიოტისკენ გარბის, მარგველაშვილის ფავორიტი გოგოჭურია? დაიწყება თუ არა, მის წინააღმდეგ გამოძიება? პროკურატურას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს...
„პრესა.ჯი“: ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმე დახურულია? გრძელდება ძიება?
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თემურ დოლიძე: იმ პირების მიმართ, ვინც უკვე გასამართლებულია, საქმე დაიხურა. თუმცა, ძიება გრძელდება იმ პირთა მიმართ, რომელზეც ოჯახი საუბრობს. ამ ნაწილში, გამოძიება გრძელდება...
- დავით ჯოხაძე ფიგურირებს მკვლელობის საქმეში?
- დიახ, ჯოხაძე ფიგურირებს. მას აქვს წაყენებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება.
- გოგოჭური?
- გოგოჭური მოწმის სახით დაკითხულია. თავად იძახის რომ მკვლელობის მომენტში იქ არ ყოფილა. კადრებში ჩანს პირი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ფირი არაა ხარისხიანი.
გამოძიებით ვერ დადგინდა ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში მინდია გოგოჭურის მონაწილეობა.
- როგორც ვიცით, მოკლულის ოჯახმა მკვლელობის ამსახველი ვიდეო-კადრები ერთ-ერთი ქვეყნის საექსპერტო ბიუროში უნდა გააგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზამ დაადგინა რომ ის პირი, რომელიც მარიოტის მიმართულებით გარბის და კადრებშიც ჩანს, მინდია გოგოჭურია, დაიწყება თუ არა, მის წინააღმდეგ გამოძიება?
- მე ვარ თქვენი კოლეგა.PR-ს ხელმძღვანელი. არ ვარ იურისტი და ამიტომ, იურიდიულ საკითხებზე პასუხს ვერ გაცემთ. არ ვიცი, რა იქნება ამ შემთხვევაში".
შეგახსენებთ რომ ზურა ტარყაშვილი შუა რუსთაველზე, 5-მა პირმა მოკლა. ადგილზე 30-ზე მეტი მასრა იპოვეს. 23 წლის ჩოგბურთელს 17 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის ბრმა შურისძიების მსხვერპლი გახდა. მკვლელობის საქმეზე, 5-დან მხოლო ორი - გოგბერაშვილი და რუსიშვილი დააკავეს, ერთი - აგლაძე, დაუსწრებლად გაასამართლეს, ხოლო დანარჩენ ორს მკვლელობის ბრალი არ წაუყენეს.
ოჯახი აცხადებს რომ გოგოჭურს, რომლის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებაც მოგვიანებით, ვიდეო-ფირის ნახვის შემდეგ შეიტყვეს, მარგველაშვილი მფარველობს.
P.S: ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი რამდენიმე ვიდეო არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, მალე გავრცელდება ეს ვიდეო. მკითხველმა თავად განსაჯოს, შესაძლებელია თუ არა, ფირზე დაფიქსირებულ პირთა (მათ შორის გოგოჭურისა და ჯოხაძის) იდენტიფიცირება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიცია
საიას თავმჯდომარის და ვახტანგ ხმალაძის კომენტარი
0