18:55:32     14-01-2014
ორი წლის წინ ქუთაისში დაკარგული გოგონას კვალს ოჯახმა თურქეთის სასტუმროში მიაკვლია, სადაც მის დანაწევრებას აპირებდნენ
![a27446.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a27446.jpg)
2010 წელს გაუჩინარებული ნათია გიორგიძე ქუთაისში ქუჩის სათვალთვალო კამერამ ბოლოს პუშკინის ქუჩაზე დააფიქსირა. მას შემდეგ ნათია სახლში არ გამოჩენილა. გამოძიება ამდენი ხნის განმავლობაში გოგონას რაიონში ეძებდა და მისი დაკარგვის ვერსიადაც უბედურ შემთხვევას, ან თვითმკვლელობას განიხილავდა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, ნათიას დედამ სამარშუტო ტაქსში შემთხვევით მოკრა ყური მგზავრების საუბარს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმერეთის ერთ-ერთი სოფლის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: გარდაიცვალა ოჯახის დედა, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში უნდა გამგზავრებულიყო. მან მეუღლეს თურქეთის ერთ-ერთი სასტუმროდან დაურეკა და შეატყობინა, რომ იქ მიყვანილი ჰყავდათ 19 წლის გოგონა, გვარად გიორგიძე, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა და მეუღლეს შველა თხოვა. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენიმე დღეში ის ქალბატონი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
ნათიას დედამ მოძებნა გარდაცვლილის მეუღლე, რომელმაც რატომღაც ვერ გაიხსენა იმ გოგონას სახელი და გვარი, რომლის შესახებაც ცოლმა შეატყობინა.
გიორგიძეების ოჯახმა შვილის ძებნა ახალი ენერგიით დაიწყო. ადვოკატიც აიყვანეს, რომელმაც ამ საქმის გამოძიებაში პროფესიონალთა ჯგუფი ჩართო.
„გარდაცვლილი ქალის ოჯახი 3 წლიწადი დუმდა, ცოტა ხნის წინ კი დაკითხვაზე განაცხადეს, რომ თურქეთში ნამდვილად იმყოფებოდა ნათია გიორგიძე. გამოიკვეთა ტრეფიკინგის ჯგუფი . მალე გამოძიება უნდა დაიწყოს, დაიკითხონ ამ ჯუფის წევრები და მოხდეს მათი დაკავება. ალექსანდრე ჭიკაიძეს ვთხოვ, ერთი კვირის განმავლობაში დაიკითხოს ტრეფიკინგის ჯგუფის ყველა წევრი“, - აცხადებს დაკარგული გოგონას დედა.
როგორც მისი ადვოკატი ლედი ტუკვანი „პრაიმ თაიმთან“ საუბრისას ყვება, მათთან შეხვედრისას გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლემ ამხილა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც მისი ცოლი საზღვარგარეთ გაიყვანეს.
„მან 2012 წელს ეს პირები პოლიციაშიც დაასახელა თურმე. მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. გვიამბო, როგორ დაურეკა მეუღლემ, დარეკვამდე კი ვინმე ქეთინომ - რომელიც იყო ერთ-ერთი გადამყვანი და ახლდა ამ ჯგუფს. მისი ზარიც თურქეთიდან განხორციელდა. სწორედ ამ ქალბატონმა უთხრა, რომ ჯგუფი, რომელმაც თქვენი მეუღლე წაიყვანა, მას ვერ დაეხმარება, რადგან პრობლემები 19 წლის გოგოს გადაყვანის გამო გვაქვს, რომელსაც ინტერპოლი ეძებსო. ამიტომაც თქვენ ამ ჯგუფს თანხა მოსთხოვეთ ქურდების დახმარებით და ასე დაიბრუნეთ ფულიო. ამ ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში რეკავს უკვე ამ კაცის მეუღლე. ვინ ყოფილა ეს ხალხი, 19 წლის გოგონა ჰყავთ მოყვანილი და დანაწევრებას უპირებენო. როგორღაც მომეხმარე, პოლიციაში განაცხადეო. ქმარს მოესმა, რომ ცოლს ამ ტექსტის გამო ვიღაც ეჩხუბებოდა. მერე წაართვეს ყურმილი და კავშირიც შეწყდა. ამ სატელეფონო ზარიდან 2-3 დღეში ოჯახი იგებს, რომ ეს ქალბატონი უკვე სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში აცნობეს, რომ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა , იქვე გარდაიცვალა საავადმყოფოში და სიკვდილის მიზეზად მოწამვლა დაუდგინდა. ვერსია თვითმკვლელობა იყო. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ქალბატონი მნიშნელოვანი ამბის მოწმე გახდა. ამ ბატონმა განგვიმარტა, თუ რა ზეწოლები ხორციელდებოდა ოჯახის მისამართით. გადამყვანები დუმილის სანაცვლოდ 25 ათას ევროს იხდიდნენ, თუმცა ოჯახის უფროსმა თანხა არ აიღო და იქვე უთხრეს, სჯობს მიიღო ფული, თორემ ეს საქმე მაინც ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი გვმფარველობსო. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ თანხა ვიღაცამ აიღო. ჩვენ ვიცით ვინ, მაგრამ მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ ამჟამად“, - აცხადებს ადვოკატი.
გარდაცვლილი ქალბატონის ქმარი გოგონას ვინაობას ვერ იხსენებდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ოჯახის ერთერთმა წევრმა დაურეკა, დაწვრილებით უამბო მომხდარის შესახებ და დაუდასტურა, რომ თურქეთის სასტუმროში ნამდვილად ნათია გიორგიძის ბედი წყდებოდა, რაზეც გარდაცვლილი ქალბატონი მის მეუღლეს სატელეფონო საუბრის დროს აფრთხილებდა.
ადვოკატის განცხადებით, ქალბატონის მეუღლემ უკვე მისცა ჩვენება და აღიარებს, რომ მისი მეუღლე ნათია გიორგიძეზე უყვებოდა თურქეთიდან.
ადვოკატის თქმით, დადგენილი აქვთ უკვე სასტუმრო, სადაც ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. ის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, მოიძიონ საბერძნეთში ქალაბტონის გარდაცვალების რეალური მიზეზი და უკვირს, 2012 წლიდან რატომ არ დაინტერესდა პოლიცია 19 წლის ქართველი გოგონას ბედით.
0