14:12:12     13-01-2014
„ამ სამინისტროს წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალიშვილთა სასწავლებელი დავარქვათ“...

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ახალ მთავრობას კადრების სელექციას ურჩევს და აცხადებს, რომ ზოგიერთი მინისტრი უფუნქციოდ არის დარჩენილი. „პრესა.ჯი“ ცინცაძეს პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა რამოდენიმე მინისტრი დატუქსა...
სოსო ცინცაძე: სამწუხაროდ, საკადრო პოლიტიკის გატარება არა ადამიანის პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ სხვა პრინციპით ხდება. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ხშირად იჩენს თავს. აი მაგალითად, ამას წინათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ვაკანსია, თუმცა გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ნეტარნი და მორწმუნენი თავს ნუ შეიწუხებენ“, რადგან ამ ადგილის მფლობელი უკვე წინასწარ განსაზღვრულია.
რაც შეეხება ღარიბაშვილის მიერ მინისტრთა დატუქვსვას, პრემიერი მართალი იყო, რადგან მან შემთხვევით გაიგო იმ პროტესტის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა იგივე ქურდული სამყაროს წევრობის თაობაზე.
- „პრესა.ჯი“: რა არის მთავარი პრობლემა მთავრობისთვის?
- ეს არის კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა. ამასთან, ზოგოერთი სამინისტრო უფუნქციოდ რომ იქცა, ესეც ფაქტია...
- რომელ სამინისტროს გულისხმობთ, რომელია უფუნქციო მინისტრი?
- მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილის სამინისტრო, რომელსაც შეუცვალეს სახელწოდება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო დაარქვეს, მაგრამ ამ კუთხით ჩვენ ამ უწყებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, თუნდაც შერიგების კუთხით და თუ გინდათ, ამ სამინისტროს წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალიშვილთა სასწავლებელი დავარქვათ... ამით მიანც არაფერი იცვლება.
აბსოლუტურად არ მომწონს ზაქარეიშვილის მუშაობა. მე 10 წელიწადი ვუსმენდი მას, აქუბარდიას ეთერში, რომელიც აღშფოთებას არ მალავდა რომ წინა მთავრობა კონფლიქტების გადაჭრის საკითხში არაფერს აკეთებდა...
მეც და ათიათასობით ადამიანს შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ თუ ასეთი ხალხი მოვიდოდა მთავრობაში მეორე დღეს ყველაფერი დალაგდებოდა, თუმცა გადის 2 წელიწადი და ჩვენ შედეგს ვერ ვხედავთ. შესაცვლელია სტარატეგია და არა ის აბრა, რომელიც გამოკრულია სამინისტროს კედელზე. სტრატეგიის შეცვლას კიდევ პროფესიონალიზმი სჭირდება.
- სოჭის ოლიმპიადა კვლავ მთავრი დაპირიპირების საგნად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოჭში საქართველოს მთავრობა არ ჩავა, პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არც ქართველმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ...
- იმ შემთხვევაში, თუ სოჭში, იფრიალებს ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ალამი, იქ საქართველოს დროშის ადგილი არ უნდა იყოს. არ შეიძლება, ქართელმა სპორტსმენებმა მიიღონ მონაწილეობა ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. რუსული პრესა უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიმბოლიკა უხვად არის წარმოდგენილი სოჭში.
- ერთ-ერთი სკანდალი, მთავარი პროკურორის ნასამართლეობა გახდა, რასაც ოთარ ფარცხალაძის გადადგომა მოჰყვა, საუბრობენ, რომ უმცირესობას კომპრომატები სხვა მინისტრებზეც აქვთ, დაიწყება თუ არა კომპრომატების ომი წინასაარჩევნოდ?
- კომპრომატების ომი ქართული ნოუჰაუ არ არის. ეს ხდება ყველგან, ამიტომ ვაცხადებ, რომ ამ მთავრობის მინუსი არის სწორედ კადრების არასწორად შერჩევა. მე არ ვიცი ფარცხალაძემ რა გააკეთა გერმანიაში, არც ისი ვიცი რა განათლებას ფლობს, ვიცი რომ ის ნაციონალური მოძრაობის დროს იკავებდა ძალობან უწყებაში თანამდებობას და ლოგიკურია რომ ოპოზიცია მის წარსულს აუცილბლად გამოიყენებდა, რაც წარმატებითაც გააკეთა.
აი რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოდის ძალა, რომელსაც არ გააჩნია თავისი ჩრდილოვანი კაბინეტი. მსგავსი რამ, რაც მოხდა ფარცხალაძესთან დაკავშირებით, არასდროს მოხდებოდა ევროპულ ქვეყნებში. იმიტომ რომ იქ ოპოზიციას ჰყავს ჩრდილოვანი კაბინეტი. მას ჰყავს თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი პროკურორი, შს მინიტრი და ასე შემდეგ...
საქართველოში კი ორი წლის წინ მოხდა ისე რომ ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელშიც რეალური პოლიტიკოსი იყი მხოლოდ ხუთი კაცი. ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და კოალიციაში გააწევრიანა ისინი, ვისაც ხშირად ხედავდა ტელევიზიით.
მან ყველაზე სოლიდურ პარტიად „რესპუბლიკელები“ ჩათვალა. რამდენად სწორად, ეს სხვა საკითხია... ჩანდა ალასანია, რომელიც მიიყვანა კოლიციაში, თუმცა მერე ვნახეთ რომ მას არერთხელ აუწია ყური და ჩამოაშორა კიდეც ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
არადა, იყო დრო, როდესაც ივანიშვილი მთელ ფსონს თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრზე სდებდა და ამბობდა რომ სწორედ ის გახდებოდა სახელმწიფოს პირველი პირი.
0