18:24:49     12-01-2014
ქილერებმა ქართველი კანონიერი ქურდი მეუღლისა და შვილების თვალწინ ჩაცხრილეს
რუსეთში, პოდმოსკოვიეში, კრასნოგორსკის რაიონში, მიწისქვეშა ავტოსადგომში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დათო მელქაძე, მეტსახელად "დათო ფოთელი" მოკლეს. იგი კრიმინალური წრეების მიერ სხვა კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის გამო იძებნებოდა.
ინფორმაციას, ქართველი კანონიერი ქურდის მკვლელობის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
50 წლის "დათო ფოთელზე" თავდასხმა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა, როდესაც მაღაზია "ლარუა მერლენის" სავაჭრო ცენტრიდან მეუღლესთან და შვილებთან ერთად გამოდიოდა.
პოლიციის განცხადებით, მელქაძეს ორმა პირმა ესროლა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ადგილზე დააგდო, რის შემდეგაც, ორივე თავდამსხმელი მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დღეს დილით გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, მკვლელობა შეკვეთილი იყო, რადგან მას ეძებდნენ სხვა ქუთაისელი ავტორიტეტის, ავთანდილ ჩიხლაძის, მეტსახელად "კვეჟოს" მკვლელობისთვის, რომელიც 1994 წელს მოსკოვში მოხდა.
1994 წლის 12 აპრილს, ავთანდიულ ჩიხლაძე მეუღლესთან ერთად საკუთარ ბინაში, ლომონოსოვის პროსპექტზე მოკლეს. მაშინ, მათი მცირეწლოვანი ვაჟიც დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.
წლების შემდეგ, "კვეჟოს" ვაჟი კანონიერი ქურდი გახდა და მკვლელის ძებნას შეუდგა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მან აუწყა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომ მამის მკვლელობაში დათო მელქაძე იყო გარეული.
0