2014 წლის საბიუჯეტო პერსპექტივები - მერაბიშვილის პროგნოზი და ანალიზი 2014 წლის საბიუჯეტო პერსპექტივები - მერაბიშვილის პროგნოზი და ანალიზი />


  15:00:52     06-01-2014

2014 წლის საბიუჯეტო პერსპექტივები - მერაბიშვილის პროგნოზი და ანალიზი

a27332.jpg

"ქვემოთ ვეცდები მიმოვიხილო საქართველოს ხელისუფლების 2014 წლის საბიუჯეტო პერსპექტივები, 2013 წელთან შედარებით. რა საწყისი პოზიციები ჰქონდა 2013 წელს „ოცნების მთავრობას“?

1. დაახლოებით 2 მილიარდიანი ფინანსური „ბალიში“. უფრო ზუსტად:

- 330 მილიონი ნაშთი (ზედმეტი ფული) ხაზინაში;

- 500 მილიონი 2013 წლის საგარეო ვალის გადასახდელად;

- 300 მილიონი გაზის საერთაშორისო კორპორაციის ანგარიშზე, მათ შორის, კორპორაციის მიერ მოზიდული კრედიტის ნარჩენი და გარანტირებული მოგება საქმიანობიდან გამომდინარე;

- 300 მილიონი სხვადასხვა რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ ფონდებში და პროექტებში;

- 200 მილიონი საპარტნიორო ფონდში, რომელშიც რკინიგზის გარანტირებული დივიდენდი (რკინიგზის მიერ აღებული კრედიტები ფარავდა რკინიგზის რეკონსტრუქციის ხარჯებს და არაფორმალურად დივიდენდს ათავისუფლდებდა ბიუჯეტისთვის, ამ შემთხვევაში საპარტნიორო ფონდისთვის) და სხვა.

2. 350-400 მილიონი ჯამური ფინანსური აქტივები, რომელშიც შედიოდა დეპოზიტებზე განთავსებული ძველი კრედიტების ნაწილი, კახეთის, წყალტუბოს, ბათუმის, ლაზიკის, ნამახვანის, 12 მცირე ჰესის და სხვა ნაკლებად მასშტაბური პროექტების ანგარიშებზე განთავსებული ხარჯები. 

3. დიდი იმედი, რომ ივანიშვილი უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სერიოზული საგარეო ინვესტიციების მოზიდვას. ის რომ „6 მილიარდიანი ფონდი“ არ შეიქმნებოდა, ამას ყველაზე ადრე ხადური მიხვდა. თუმცა ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც კი იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი თავის პირად 1 მილიარდს მაინც „წააშველებდა“ მთავრობას და ეკონომიკას.

4. სასიამოვნო გაკვირვება, რომ მთავრობამ „ადვილად“ შეძლო 2012 წლის ბიუჯეტის შესრულება. 

ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა საშუალება მისცა მთავრობას ბევრი გაუაზრებელი და თამამი გადაწყვეტილება მიეღოთ.

რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ?

დაიწყო „გაიაფების“ პოლიტიკა - ტარიფების განახევრება, რომ სრული უტოპია იყო, ეს ყველასათვის ნათელი იყო. ამიტომ გადაწყდა სიმბოლურად მაინც გაეიაფებინათ ელექტროენერგიის და გაზის ტარიფი.

მოსახლეობისთვის ტარიფების უმნიშვნელო შემცირებამ, ენერგეტიკაზე კატასტროფულად იმოქმედა. მაინც რა მოხდა ასეთი? რა უნდა გამოეწვია ასეთ უმნიშვნელო ცვლილებას?

იმის გამო, რომ ენერგეტიკაში (ისევე როგორც სხვაგან) მთავრობის ჯიბეში მიმავალი წილი ტყუილი აღმოჩნდა, შემცირება მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელდა, კერძოდ:

სადისტრიბუციო კომპანიებს ვალდებულებები სრულად მოეხსნათ, რის შედეგადაც მათ მარტო 2013 წელს 200 მილიონიანი სავალდებულო და 150 მილიონიანი სავარაუდო ინვესტიცია შეაჩერეს. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და დანაკარგის საკომპენსაციოდ „ენერგო პროს“ და ნაწილობრივ „თელასს“ ენგურჰესის იაფი ჭარბი დენის რესურსის დიდი ნაწილი გადაეცა. რა თქმა უნდა სახელმწიფოს ხარჯზე. 

რაც შეეხება გაზის 50 თეთრიდან 45 თეთრამდე უმნიშვნელო შემცირებას, ამ ცვლილებამ მთავრობის რესურსებიდან გაზის კორპორაციის ანგარიშზე არსებული 300 მილიონიდან 200 მილიონი გამოუყენებადი გახადა.

ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგები 2014 წელსაც გაგრძელდება. წელს ვერ მივიღებთ 2012 წლის გადმოსახედიდან გარანტირებულ 300 მილიონ ინვესტიციას. ბიუჯეტს ასევე დააკლდება გარკვეული შემოსავლები, რაც ტარიფების შემცირებით იქნება გამოწვეული.

ამ დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგებს უკვე 2014 წლის იანვარში იგრძნობს საქართველოს ყველა ავტომობილის მესაკუთრე, ვინც მანქანაში საწვავად გაზს იყენებს. კორპორაციას ხარჯების დაბალანსებისთვის უწევს გასაყიდი გაზის ფასის მკვეთრი ზრდა და უახლოეს მომავალში გაზის გასამართ სადგურებზე 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 1-1.05 ლარიდან 1.20-1.25 ლარამდე გაიზრდება.

2012 წლის ბიუჯეტის შესრულებამ ცრუ იმედები მისცა ახალ მთავრობას. ახალმა მთავრობამ, ერთი რამ ვერ გაითვალისწინა. მისი წინამორბედი მთავრობა ტრადიციულად პესისმისტურად გეგმავდა ბიუჯეტს. შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც წესი ბიუჯეტი ფაქტობრივად 300-400 მილიონის გადაჭარბებით სრულდებოდა.

ახალი მთავრობისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც ის იყო, რომ ივანიშვილის საოცნებო „6 მილიარდიდან“ არც ერთი თეთრი არ გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე ფორმალური „საინვესტიციო ფონდის“ გეგმები ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული. 

აღარ ჩამოვთვლი სხვა დიდ თუ პატარა შეცდომებს, რომელიც მთავრობის გაუგებარი და სწრაფად ცვალებადი პოზიციებით იყო გამოწვეული.

შედეგმაც არ დააყოვნა: 

- დასაწყისში ჩამოთვლილი აქტივებიდან მთავრობას პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. 

- ბიუჯეტი მინიმუმ 850 მილიონი ლარით გაირღვა.

- ხაზინაში არსებული 330 მილიონი ნაშთი 100 მილიონს მიუახლოვდა. 

- საგარეო ვალის მომსახურების ხარჯი გაიზარდა.

- გაზის კორპორაციას არათუ ჭარბი ფული, არამედ ბალანსის შესანარჩუნებლად გაზის სარეალზაციო ფასის გაზრდაც კი მოუწევს.

- რეგიონული ფონდები გამოცარიელდა ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო.
- რკინიგზაში ტვირთბრუნვის დაუგეგმავი კატასტროფული შემცირების გამო, სავარაუდო დივიდენდი აორთქლდა და შესაბამისად საპარტნიორო ფონდის მთავარი ფინანსური წყარო გააქრო. 

შედეგად, ქვეყანა, რომელიც 2013 წელს 2 მილიარდიანი ფინანსური „ბალიშით“ ხვდებოდა, 2014 წელს უკეთეს შემთხვევაში 200-300 მილიონიანი საერთო რეზერვით შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად, მომდევნო წელს მთავრობას 2013 წელს დაუბეგრავი მინიმუმიდან დაგროვილი გადასახადები აქვს დასაბრუნებელი, რაც კიდევ 150-200 მილიონს შეადგენს.

თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა. მთავრობას 2013 წლის განმავლობაში, შეცდომების დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამ გამოცდილებიდან სწორი დასკვნების გამოტანამ შეიძლება ქვეყანა ნამდვილი კატასტროფისგან იხსნას. თუ ეკონომიკის და ბიუჯეტის შემოსავლების ვარდნა შემცირდა, მიმაჩნია, რომ ეს ამ მთავრობის დიდი გამარჯვება იქნება." - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პატიმარი, ვანო მერაბიშვილი.

0

ავტორი: