19:15:44     22-12-2013
კახა კუხიანიძის და მარინა ბერიძის დაპირისპირება გრძელდება - 'მხოლოდ მე არ ვარ მაგ ქალის კლანჭებში მოქცეული'
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, შოუბიზნესშიც დაიძაბა ურთიერთობები. ვინ ავა ნანატრ სცენაზე და ვინ ქვევიდან დაუკრავს ტაშს, ამ ამბავს ერთი კვირაა არეულობა მოჰყვა. მას მერე რაც გაირკვა რომ გალა კონცერტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს, მომღერლები რიგში ჩადგნენ. ვიღაცას დაურეკეს, მოიწვიეს, ვიღაცას - არა. ნაწილმა უკმაყოფილება პრესის საშუალებით გამოთქვა, ნაწილმა - ტელეეკრანიდან, ნაწილმა პრესკონფერენცია გამართა მარინა ბერიძის წინააღმდეგ, სადაც მოძრაობა-მანიფესტაციაზეც იყო საუბარი. მანამ სანამ აქციები დაიწყება და მომღერლები ტრანსფარანტებით გამოვლენ ქალაქის ქუჩებში, კახა კუხიანიძეს შევეხმიანეთ, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში ისიც თქვა, მარინა ბერიძე პროფესიით აკომპანიატორი ყოფილა და თან დაკვრა არ სცოდნია, 'ისწავლოს დაკვრა და მერე დამკვრელად დაუძახებთო'.
- კახა, წლების განმავლობაში ითმენდით ე.წ. 'შავ სიებსა' და დაბლოკვას მომღერლები. ახლა რა მოხდა, რა გახდა ამ აჟიოტაჟის მიზეზი?
-
ყოველთვის ვცდილობდი გამერკვია რატომ მბლოკავდნენ და პასუხი არავის ჰქონდა
ჩემს შეკითხვებზე. ეს პრობლემა ინტერვიუებშიც არაერთხელ მიხსენებია.
უბრალოდ, ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ, მაგრამ თავშეკავებასაც აქვს
საზღვარი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, საახალწლო კონცერტის სიიდან არც
მიხეილ სააკაშვილი ამომიღებდა და არც გიორგი მარგველაშვილი. აჟიოტაჟი
დაიწყო იქიდან, როცა დავიწყე გარკვევა, თუ რატომ არ ვიყავი წელსაც
საახალწლო კონცერტის სიაში. კულტურის სამინისტროში დავრეკე და პასუხად
მარინა ბერიძის წივილ-კივილი მოვისმინე. არ მესმის ასეთი დამოკიდებულება
შემოქმედი ადამიანის მიმართ, მით უფრო იმ ადამიანისგან, რომელიც კულტურის
სფეროს ემსახურება. ამას მარინა ბერიძის ლანძღვა მოჰყვა ჩემი მისამართით,
ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში.
- წივილ-კივილში რას გულისხმობ, ქალბატონი მარინა თავად გესაუბრა, როდესაც დარეკე კულტურის სამინისტოში?
-
ჩვენი საუბარი ვერ შედგა. ეს აჟიოტაჟი არ მოხდებოდა ნორმალურად რომ
ეპასუხა ჩემთვის და არ გაველანძღე პრესაში. შეიძლება არ მოვწონდე, ეს არც
არის გასაკვირი. ყველას ვერ მოეწონები. მაგრამ ნიჭზე ცუდად საუბარი ვერ
ვაპატიე. გენეტიკით მაქვს უფლისგან ნაჩუქარი ნიჭი და ვინც არ უნდა იყოს
ამის უარყოფას არ ვაპატიებ!
- ქალბატონი მარინა ამბობს, რომ
გალა კონცერტებს თვითონ არ ატარებს. ანრი ჯოხაძე, რომელიც საახალწლო
კონცერტებზე მღერის და მღეროდა დაადასტურა, რომ მარინა არ ადგენს მსგავსი
კოცერტების სიებს...
- ეს ძალიან დიდი სიცრუეა. ზუსტად ვიცი,
რომ მარინა ბერიძის ამოგდებული ვარ სიიდან. ერთი ლოგიკური შეკითხვა მაქვს.
თუ კულტურის სამინისტრო უხდის მომღერლებს ჰონორარს, კერძოდ განყოფილება,
რომელსაც მარინა ბერიძე ხელმძღვანელობს, როგორ გგონიათ არ ინტერესდება ვის
უხდის ფულს?!
- იქნებ პირადი წყენა აქვს რაიმე შენს მიმართ,
შენი რძალი, ნინო ძოწენიძე ყოველთვის გამოდიოდა საახალწლო კონცერტებზე, მაშ
რატომ არ ამოიღო ის?
- არ ვიცი, რა პირადი წყენა უნდა
ჰქონდეს, ბავშვობიდან ვმღერი და მიცნობს. როცა უნდოდა მაშინ მესალმებოდა.
ჩემი აზრით, ზედმეტად არაჯანსაღი ამბიცია აქვს მარინას.
- საკუთარ თავში არ გიძებნია მიზეზი, იქნებ არ მოსწონთ შენი სიმღერა?
-
და სხვისი ყველასი მოსწონთ, ვინც ამ კოცერტებზე გამოდის? აქ ხშირ
შემთხვევაში სუბიექტური მიდგომებია და დარწმუნებული ვარ ამ მომღერლების
უმეტესობა არ მოსწონთ, უბრალოდ, თავს შევიკავებ და არ დავკონკრეტდები. მე
მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური მომღერალი ვიყო და მინდა,
საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო. რთულია როცა ამის საშუალებას არ
გაძლევენ. როგორ უნდა გქონდეს მომღერალს რეიტინგი, როცა ასეთ გალა
კონცერტებზე არ გამოდიხარ, სადაც კარგი დეკორაციაა, კარგი შოუ კეთდება. 10
წელი ვითმინე. მინდა ვიყო წარმატებული და ისეთი მოთხოვნადი მომღერალი,
როგორიც ადრე ვიყავი. გასაკვირი ის არის, რომ პროფესიონალი მომრერალი ვარ
და შემიძლია ნებისმიერ ღონისძიებაზე ვიმთერო ცოცხლად იქნება ეს, ორკესტრის
თუ ბენდის თანხლებით და ამ დროს, სახელმწიფოს არცერთ გალაკონცერტზე არ ვარ
მიწვეული და მარინა ბერიძე ეხება ჩემს ნიჭს?!
- მოძრაობა-მანიფესტაციაზე საუბრობდით პრესკონფერენციაზე, რა სახის იქნება ეს მოძრაობა და როგორ გგონია გამოიღებს შედეგს?
-
არანაირი გამოსვლები და აქციები არ იქნება. იქნება ბრიფინგი, შეგვაქვს
განაცხადი კულტურის სამინისტოში და მსურველები ხელს აწერენ მარინას
გათავისუფლებაზე. მხოლოდ მე არ ვარ მაგ ქალის კლანჭებში მოქცეული, ბევრი
ჰყავს გამწარებული. მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი 'რეიტინგი'
0