01:32:15     20-12-2013
ქართველმა მსახიობმა სან-მარინოს ფესტივალზე გრან-პრი აიღო
სალომე დემურია ქართველი მსახიობი გახლავთ, რომელსაც სან-მარინოს ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გრან-პრი გადასცეს. არადა, მსახიობი ქართულ-ესპანური ფილმის კასტინგზე იმ მიზნით მივიდა, რომ მასობრივ სცენებში მაინც დაეკავებინათ, თუმცა დანახვისთანავე მთავარი როლის შესრულება შესთავაზეს...
- 2003 წელს თეატრალურ
ინსტიტუტში ჩავაბარე, რამაზ იოსელიანის ჯგუფში დავიწყე სწავლა, მაგრამ დიმა
ხვთისიაშვილთან დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდში გორის დრამატულ თეატრში
ვთამაშობდი, სწავლის პერიოდშივე მივიღე მონაწილეობა სტუდენტების მიერ
გადაღებულ ოთხ მოკლემეტრაჟიან ფილმში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი
ერთი წლის განმავლობაში თავისუფალ თეატრში ერთ სპექტაკლში ვიყავი
დაკავებული.
- რაც შეეხება ფილმს, რომელმაც დიდი წარმატება მოგიტანა...
-
როგორც იცით, ფილმს ჰქვია 'ჩაიკა' და არანაირად არ უკავშირდება ჩეხოვის
'თოლიას' , დამოუკიდებელი სცენარითაა გადაღებული, რომელიც ესპანელმა
სცენარისტმა ლუის მოიამ დაწერა. ფილმი მოგვითხრობს პროვინციელი გოგონას
ამბავს, რომელიც სახლიდან გაიქცევა და ძალიან მძიმე ცხოვრების გზას
გაივლის, ებმება პროსტიტუციაში და აღმოჩნდება სატვირთო გემზე მეძავად...
გადაღებები
მიმდინარეობდა საქართველოსა და შუა აზიაში, კერძოდ, ყაზახეთში. ვმუშაობდით
თითქმის 20-საათიანი გრაფიკით, საშინლად ციოდა სამცხე-ჯავახეთში, მგლები
ყმუოდნენ, ისეთ ადგილას ვიყავით, რამდენიმეჯერ გადასაღებ მოედანზე მისულები
მანქანიდანაც კი ვერ გადავედით ქარბუქის გამო.
- ინტიმურ სცენებში მონაწილეობამ თუ მოგიწია?
-
ასეა, თუმცა სცენარში გაცილებით მეტი ინტიმური სცენა იყო, ზოგი რეჟისორმა
ამოიღო, ზოგი მე ამოვაღებინე და ასეთი ბევრი სცენა აღარ დარჩა ფილმში,
შეიძლება მაყურებელს უფრო მეტი უნდოდა, მაგრამ დავტოვეთ ყველაზე
მნიშვნელოვანი, გაუპატიურების ეპიზოდი. თავიდან სცენარი რომ გამომატანეს და
თვალი გადავავლე, იმდენად ცუდი ნათარგმნი იყო და იმდენი უხამსი სიტყვა იყო
გამოყენებული, სცენებზე აღარაფერს ვამბობ, რომ დავურეკე და უარი ვუთხარი,
მე ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ მერე დამიყოლიეს. რეჟისორი დათანხმდა
რაღაცების ამოღებას, მაგრამ მაინც იმდენად სურდა, რამდენიმე ინტიმური სცენა
ყოფილიყო ფილმში, რომ შუა აზიიდან გადასაღებად ნამდვილი მეძავი
ჩამოიყვანა, თუმცა მან ვერ გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო გახლდათ,
მარტო გახდა ხომ არაა საქმე?!
'ჩაიკაზე' მუშაობის პარალელურად
გადამიღეს აზერბაიჯანულ ფილმში, სადაც ასევე მთავარი როლი მქონდა, ვიმუშავე
ფირზეც, ამ ყველაფერმა კი გამოცდილებაც დამიგროვა. იქამდე ახალბედა
ვიყავი, მაგრამ იმ მეძავზე მეტის გაკეთება მაინც შემეძლო, რომელიც
რეჟისორმა ჩამოიყვანა, ამას რომ მიხვდნენ, მერე დათმობაზეც წამოვიდნენ.
თუმცა უნდა ვაღიარო, ის სცენები, რომლებიც ამოვაღებინე, ნამდვილად საჭირო
იყო, დამაკლდა, ეს უნდა გაკეთებულიყო ფილმისთვის, თავიდან ზედმეტი
მომეჩვენა, რად უნდათ ამდენი ინტიმი-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ სულაც არ იყო
ასე. უნდა ვთქვა, რომ ძალიან განვიცდიდი ყველა სცენის გადაღებას, რომ
ვიგებდი, გადაღება უნდა მქონოდა, მთელი კვირა საშინელ ხასიათზე ვიყავი,
მაგრამ კამერის წინ ყველანაირი სტრესი მეხსნებოდა.
- რაც შეეხება სან-მარინოს ფესტივალს და გრან-პრის ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის...
-
შარშან 'ჩაიკის' პრემიერა სან-სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალზე
შედგა, რომელსაც მთელი თუ არა, ნახევარი ჰოლივუდი ესწრებოდა. ამ ფესტივალის
შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ნამუშევარმა მსოფლიოს სხვადასხვა
ფესტივალი მოიარა, მათ შორის პოლონეთის ფესტივალიც, სადაც ასევე გრან-პრით
დაგვაჯილდოვეს. იმ პერიოდში, ანუ ორ წელიწადში გავაჩინე ორი ბავშვი და ამის
გამო ვერ დავდიოდი ზემოხსენებულ ქვეყნებში, ცოტა ჩამოვრჩი მოვლენებს,
თუმცა ჩემი მეუღლე, რომელიც 'ჩაიკის' პროდიუსერი გახლდათ, ყველანაირად
საქმის კურსში იყო....
ჩვენი ფილმი განსაკუთრებულად მოსწონთ
ამერიკელებს, ყველა იმ ფესტივალზე გაიმარჯვა, სადაც ჟიურიში ამერიკელი იყო,
მეც პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის გადმომცა მაიკლ შებერგმა,
სან-მარინოს ჟიურის პრეზიდენტმა, რომელიც გახლავთ კვენტინ ტარანტინოს
პროდიუსერი. იმდენად რთული და დაძაბული ორი წელი მქონდა, ვგულისხმობ
ორსულობებს, ბავშვებს, როცა ჩემმა ქმარმა მითხრა, პრიზი მოგანიჭესო, იმ
მომენტში ბავშვს ვაძინებდი და რეაქცია საერთოდ არ მქონდა, ვერ გავიაზრე, რა
მოხდა, თან არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას...
- მოგვიყევი შენი და შენი მეუღლის სიყვარულის შესახებ.
-
ჩემი მეუღლე, ირაკლი ბაღათურია, როგორც გითხარით, ფილმის პროდიუსერი
გახლდათ, იქ გავიცანით ერთმანეთი, დავქორწინდით და დღეს უკვე ორი შვილი
გვყავს.
- როგორ რეაგირებდა ირაკლი შენს ინტიმურ სცენებზე?
-
ირაკლი თეატრალების ოჯახშია დაბადებული, დედამისი გახლავთ მსახიობი ლილი
ბურბუთაშვილი, მამა რეჟისორი ოთარ ბაღათურია, მისი ნახევარძმა კი არის
ასევე მსახიობი ბაჩი ლეჟავა, რომელიც ნინო ლეჟავას ძმაცაა, ირაკლი და ბაჩი
დედით არიან ძმები. ბაჩი ფილმშიც ჩემს მაზლს თამაშობს და ცხოვრებაშიც ჩემი
მაზლი გახდა, სხვათა შორის, 'ჩაიკაში' გაუპატიურების სცენას სწორედ
ბაჩისთან ვთამაშობ, თითქოს ეს ძალიან მიუღებელია, მაგრამ მაშინ ირაკლისი
არაფერი არ ვიყავი, ცოლი რომ ვყოფილიყავი, რასაკვირველია, ერთ-ერთი უარს
ვიტყოდით, მაგრამ მაშინ, უბრალოდ, პარტნიორები და მეგობრები გახლდით, ახლა
კი შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ირაკლი თურმე სულ ამბობდა, არ მინდა,
ჩემი ცოლი მსახიობი იყოსო, მაგრამ ეტყობა, დრო რომ გადის, ყველაფერი
იცვლება, ყოველ შემთხვევაში ფაქტი სახეზეა, რადგან თავად უყურა, როგორ
ვთამაშობდი ინტიმურ სცენაში, თუმცა მაშინ მისი მეუღლე არ ვიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი გვყავს, სულ ცდილობს, მეტ და მეტ ფილმში
დავკავდე.
- როდის შეძლებს ქართველი მაყურებელი ფილმის ნახვას?
- შარშან ფესტივალ 'პრომეთეზე' აჩვენეს, მაგრამ როდის გამოვა კინოგაქირავებაში, არ ვიცი.
ციცი ომანიძე
ჟურნალი 'რეიტინგი'
0