14:47:15     19-12-2013
პუტინს საქართველოს ახალი ხელისუფლება აღარ მოსწონს, თუმცა, ქართველებზე "ძველებურად გიჟდება"

მავთულხლართების გაბმის, ქართველების ეთნიკური ნიშნით ჩაგვრისა და ოკუპაციის პარლალელურად, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კვლავ ქართველი ხალხის სიყვარულზე საუბრობს. მისი თქმით, მას ქართველი ხალხი განსაკუთრებით უყვარს. როგორც ჩანს, პუტინს თავისებურად ესმის სიყვარული და ეს 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროსაც კარგად გამოჩნდა.
"საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა ქართველი ხალხის მიმართ – არა. ჩემი დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი ისეთივე კეთლგანწყობილი დარჩა, როგორიც იყო. ყველაზე რთულ დროსაც კი, როცა კავკასიაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, თქვენთვის კარგად ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინაც კი ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულება ყველაზე კეთილგანწყობილი იყო.
უნდა ითქვას, რომ იმ რთულ მომენტებშიც კი, თავად ქართველის ხალხის რუსეთისადმი დამოკიდებულებით მტკიცდებოდა. არ მახსოვს, ეს აქამდე მითქვამს თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ ქალაქში მოხუცი მამაკაცი მივიდა ჩვენს სამხედროსთან და ჰკითხა, აქ რას ეძებთ, აქ რა გინდათ, მიდით, თბილისში წადით და მიშა წაიყვანეთ, მე რას მიყურებთო.
როგორც იცით, ჩვენ სამხედროები დავკარგეთ, ჩვენების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთ-ერთ სამხედროსთან მოხუცი ბებია მივიდა, წაიყვანა, დააპურა. როდესაც ვამბობ, რომ ქართველი ხალხის მიმართ ყველაზე კეთილი დამოკიდებულება მაქვს, არ ვხუმრობ და არც ირონიით ვამბობ", - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.
მისივე მტკიცებით, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები რუსეთის გამო არ დაწყებულა და ყველამ აღიარა, რომ რუსეთს არც სამხედრო ქმედებები დაუწყია.
"არსებობს პრობლემები, რომელიც ჩვენს გამო არ დაწყებულა, ეს სამხედრო ქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია. ეს ახლა უკვე ცხადია და ყველამ აღიარა. მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ათასჯერ ვუთხარით, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას. მაგრამ არა, მაინც მიიყვანეს საქმე აქამდე. ახლა შეიქმნა განსაზღვრული რეალობა. ჩვენ არ შეგვიძლია, ანგარიში არ გავუწიოთ ამას. მაგრამ ვხედავთ იმ სიგნელებს, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იძლევა.
არ ვიცი, რას გულისხმობდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიძლება ეს უწყებასთან დაკავშირებული საკითხებია. მაგრამ საქართველოში სიტუციის ისე განვითარება, რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, მოგვცემს შესაძლებლობას დავაბრუნოთ უვიზო რეჟიმი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაეხმარება ხალხს ერთმანეთთან ურთიერთობაში, დაეხმარება ქართველ მეწარმეებს რუსულ ბაზაზრზე მუშაობაში და საერთოდ, შექმნიდა პირობებს ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზების დასრულებაში", - ამბობს ოკუპანტი პუტინი.
0