მასობრივი შიმშილობა საპატიმროებში - რას აპირებს ხელისუფლება მასობრივი შიმშილობა საპატიმროებში - რას აპირებს ხელისუფლება />


  11:37:13     19-12-2013

მასობრივი შიმშილობა საპატიმროებში - რას აპირებს ხელისუფლება

a27034.gif

პროტესტის ნიშნად დაწყებული მასობრივი შიმშილობა საპატიმროებში. საქართველოს ციხე-კოლონიებში, ჯამში 1000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს. აქედად მხოლოდ გეგუთის კოლონიაში 909 პატიმარმა დაიწყო შიმშილობა. მათ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადეს უარი საკვების მიღებაზე. 

"გეგუთს" მხარდაჭერას უცხადებენ სხვა საპატიმროებში მყოფი პატიმრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა შიმშილობა გამოაცხადონ ქსნისა და რუსთავის კოლონიებში გადანაწილებულმა მსჯავრდებულებმაც.  

მასობრივი და შესაძლოა, უპრეცენდენტო შიმშილობის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ პატიმრებზე გაცემული სულელური და ამავე დროს, არაკანონიერი დაპირებაა. 

ივანიშვილის დროს, მთავრობა პატიმრებს ე.წ. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას დაჰპირდა. მაშინვე, ამ იდეას კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა იურისტებისგან. ხელისუფლების ეს ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ისე ვენეციის კომისიამაც. 

იურისტთა თქმით, არ უნდა არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს მასობრივად გადახედავს. "ამგვარი მიდგომა კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება. თუ ჩვენ დავუშვით რომ რაღაც კომისია გადახედავს და გააუქმებს სასამართლოს მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, გამოდის რომ უარს ვამბობთ მთელ სასამართლო სისტემაზე" - აცხადებენ იურისტები. 

მას შემდეგ რაც ე.წ, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიიის შექმნის იდეას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა რომ "ხელისუფლება ამ ეტაპზე, უარს ამბობს შექმნას მსგავსი კომისია". თუმცა, წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ, უკვე პატიმრებში აგორდა პროტესტი. 

პატიმრები, რომლებიც ხელისუფლების დაპირების იმედად იყვნენ და სჯეროდათ რომ "რაღაც კომისია" მათ განაჩენებს მასობრივად გააუქმებდა, ახლა შიმშილობენ. ისინი, განაჩენების გადახედვა-გაუქმების გარდა, კონკრეტული მუხლებით გასამართლებულ მსჯავრდებულთა გათავისუფლებასაც მოითხოვენ. 

"კომისიის შექმნაზე ჩვენ ვმუშაობთ და შესაძლოა, ცალკეულ საკითხებზე მოვრიგდეთ, თუ ისინი დიალოგზე წამოვლენ. მაგრამ თუ საუბარია 223-ე, 260-ე ან 262-ე მუხლების გაუქმებაზე, ამ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ, თუმცა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში",- აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი. მისი აზრით, "პროცესები გარედან მართულია", რასაც არ ეთანხმება ნანა კაკაბაძე, რომელიც არა მხოლოდ მინისტრ სუბარის გათავისუფლებას, არამედ მის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

უნდა ითქვას რომ "ციხის კადრების" შედეგად მოსული ხელისუფლება, პატიმრებთან ერთგვარ ვალშიცაა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდაა საპატიმროებში. პატიმრები თვლიან რომ "ხელისუფლება, რომელიც მათ მოიყვანეს", პატიმართა ინტერესებს აღარ ითვალისწინებს. 

თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს ივანიშვილის დასტურითა და ბესელია-კაკაბაძის მიერ ინიცირებული ე.წ. ამნისტია, რომლის შედეგადაც რუსეთის ჯაშუშებმა, ქვეყნის ღალატისათვის გასამართლებულმა პირებმა და კრიმინალებმა თავისუფლება მოიპოვეს. მეტიც, მათი დიდი ნაწილი პოლიტპატიმრადაც კი გამოცხადდა. 

მაშინ, ხელისუფლებიდან, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი იყო, რომელმაც ღიად განაცხადა რომ რუსეთის აგენტების გათავისუფლება და უფრო მეტიც, მათთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება დიდი შეცდომა იყო. 

ღარიბაშვილმა იგივე გაიმეორა ცოტა ხნის წინაც - უკვე პრემიერ მინისტრის რანგში, რასაც, სხვათაშორის, არა მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილის, არამედ თვით ოპოზციის - საპარლამენტო უმცირესობის დადებითი რეაქციაც მოჰყვა.  0

ავტორი: