18:43:18     18-12-2013
ზურაბ აბაშიძე: თუ დაიკითხება სააკაშვილი, ეს ნორმალური იქნება

საპარლამენტო უმრავლესობა თბილისის მოქმედი მერისთვის ბრალის წარდგენას ლოგიკურს უწოდებს. „პრესა.ჯი“-ს „ქართული ოცნების“ წევრმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, რომ მერის პროკურატურაში დაბარება პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს.
ზურაბ აბაშიძე: პროკურატურა კონკრეტულ საქმეს იძიებს, არიან ეჭვმიტანილებიც. დაკავებულები არიან მერიის მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებმაც აღიარეს დანაშაული და ითანამშრომლეს გამოძიებასთან.
შესაბამისად, ლოგიკურია ის რომ პროკურატურა დაინტერესებულიყო გიგი უგულავათი და წარედგინა ბრალდება. ფაქტია რომ უგულავას გარეშე ბევრი რაღაც არ მოხდებოდა. მოდით დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და სასამართლო გადაწყვეტილებას...
„პრესა.ჯი“: ოპოზიცია და მათ შორის უგულავა ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს...
- რა პოლიტიკურ ანგარიშწორებაზეა საუბარი, ფაქტებია სახეზე. პოლიტიკური ანგარიშსწორება როგორ შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა უგულავასთვის ბრალდების წარდგენა. არავინ არაფერს არ იგონებს...
- ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, საუბარია სერიოზულ ბრალდებაზე. მერაბიშვილი აცხადებს რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა...
- პირადად მე, მერაბიშვილის განცხადებებს არ ვენდობი. არ მჯერა მისი არც ერთი სიტყვის.
- რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, ძალოვანი უწყების პოზიცია, რომ ყოფილი პრემიერის შესაძლო ზეწოლაზე გამოძიება არ ჩატარდება?
- მერაბიშვილის განცხადების შესახებ, თუ დეტალები არის მოკლებული სამართლებრივ აზრს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩატარდეს ეს გამოძიება.
- „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. იგეგმება თუ არა, სააკაშვილის დაბარებაც პროკურატურაში?
- რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ კითხვები გაუჩნდეს პროკურატურას სააკაშვილთან დაკავშირებითაც. თუ დაიკითხება სააკაშვილი, ეს ძალიან ნორმალური იქნება. ამაში დრამატულს ვერაფერს ვხედავ. ეს იქნება ჩვეულებრივი პროცესი.
0