02:20:26     17-12-2013
ნელი კვახაძე ბუმბულებით ხატავს
დიდ დიღომში, 16 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ავტოფარეხში, ორიგინალური მხატვრული ნამუშევრები ინახება. ნახატები სხვადასხვა ჯიშის ბუმბულითაა შექმნილი. მათი ავტორი 60 წლის ნელი კვახაძეა.
მხატვარი ქალი წლებია ვაჟიშვილთან ერთად ავტოფარეხში ცხოვრობს. არც აბაზანა აქვს, არც გათბობა და ხშირად არც საჭმელი. მიმდინარე წლის აპრილში ეროვნულ ბიბლიოთეკაში "არტ ფონდმა", რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება თავიანთი ხელოვნების გამომზეურებაში, ნელი კვახაძის პერსონალური გამოფენა მოაწყო. გამოფენაზე მისული სტუმრები ნანახით განცვიფრდნენ. იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად ქალბატონ ნელის აკადემიკოსის წოდებაც მიანიჭეს და მხატვართა კავშირშიც მიიღეს.
– ქალბატონო ნელი, ამ საოცარი ნამუშევრების ავტორი ავტოფარეხში რატომ ცხოვრობთ?
– თბილისში, ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე. დიდი სახლი გვქონდა. გასული საუკუნის 90–იან წლებში, ქვეყანაში დიდი განუკითხაობა რომ სუფევდა, ჩემმა დამ ყველასგან დაუკითხავად ვალები დაიდო. მევალეებმა იარაღიანი ხალხი დაიქირავეს და მუქარით გამოგვყარეს სახლიდან. დედაჩემს, რომელიც მაშინ 75 წლის იყო, რაღაც საბუთებზე ისე მოაწერინეს ხელი, ვერც გაიგო, რას აწერდა. ასე დავრჩით ყველანი გარეთ, რასაც დედაჩემმა და ჩემმა და–ძმამ ვერ გაუძლეს და მალევე გარდაიცვალნენ. ჩემი ქმარი, რომელიც თავს კარგად გრძნობდა ჩვენს დიდ სახლში, როგორც კი უსახლკაროდ დავრჩით, ჩემგან წავიდა და ორი შვილი დამრჩა საპატრონო. მას შემდეგ უამრავი ბინა გამოვიცვალე, ვქირაობდი. ვერ ვიხდიდი და ისევ გარეთ ვრჩებოდი. წლებია მერიაში ვწერ განცხადებებს, მიშველეთ, რამე თავშესაფარი მომეცით–მეთქი, მაგრამ მხოლოდ ახლახან მომივიდა მერიიდან მამუკა ქაცარავას პასუხი, თქვენ არანაირ აღრიცხვაზე არ ხართო. მასხრად ამიგდეს!
ქალიშვილი გავათხოვე, მე და ჩემი ბიჭი კი, როგორც ხედავთ, ამ ავტოფარეხში ვცხოვრობთ. პენსიას, რასაც ვიღებ, ქირაში ვიხდი. სოფელი არ მაქვს, რომ წავიდე და იქ მაინც ვირჩინო რამით თავი. უმწეოთა სიაში რომ მოვხვედრილიყავი, შემამოწმეს და დიდი ქულა მომანიჭეს. მხოლოდ მგზავრობის დროს მეხება ფასდაკლება და სხვა არაფერი.
– ბუმბულებით საოცარ ნამუშევრებს ქმნით. ხატვა თქვენი პროფესიაა თუ თვითნასწავლი ხართ?
– თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. 7 წელია, რაც ბუმბულებით დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს მწყრის გაპუტვა მთხოვეს. ბუმბულები ერთმანეთზე დავადე და ისეთი მშვენიერება გამოვიდა, ვიფიქრე, რომ ამით კარგი ნამუშევრის შექმნა შეიძლებოდა. იმ დღიდან სულ ბუმბულის ძებნაში ვარ.
რუსთაველის საზოგადოებიდან იყვნენ მოსული და მთხოვეს, იქნებ "ვეფხისტყაოსნის" თემა გააკეთოო. შოთა რუსთაველი, მისი ფრესკა და თამარ მეფე შევქმენი ერთად. ახლა მინდა, ვეფვხისა და მოყმის ორთაბრძოლის სცენა შევქმნა, მაგრამ ჯერ მაგდენი ბუმბული არ მაქვს. საოცარია ბუმბულების წყობა. ბუნებრივ ფერებს ვიყენებ, არ ვღებავ. მხოლოდ ახლა, როცა ფიროსმანზე ვმუშაობ, წითლად შევღებე ბუმბული, რადგან ძალიან ითხოვდა და ამ ფერის ვერსად ვიშოვე. წელს ფიროსმანის და თამარის წელია და მინდოდა, ეს ნახატები შემექმნა.
– ბუმბული ადვილად დასამორჩილებელია?
– ურთულესია მუშაობის პროცესი. ძალიან ფაქიზად უნდა იმუშაო, შუქჩრდილი ზუსტად უნდა გააკეთო...
– ამდენი ფერის ბუმბულს სად და როგორ შოულობთ?
– გარშემო ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას ვეხვეწები, მომიტანონ. ფრინველების ბაზრობაზე დავდივარ და გამყიდველებს ვეხვეწები, დაცვენილი ბუმბულები მომცენ. მონადირეებს ვიცნობ და მათაც ვთხოვ. ყველას ვეხვეწები, თუ ვინმე ქათამს დაკლავს, მე მომიტანონ და გავუპუტავ. ჩემი შვილების მეგობრები თუ სადმეს ნახავენ, მოაქვთ. დღეს ორი ღერი მომიტანეს. ისეთი კარგებია, პირდაპირ დააწებებ და ხეები გამოვა. აქვე ჩემს მეზობელს 300 თუთიყუში ჰყავს ავტოფარეხში და მაძლევს ბუმბულს. ზოოპარკშიც ვიყავი სათხოვნელად, მაგრამ არ მომცეს. მითხრეს, სხვას ვაძლევთო. ერთი წითელი ბუმბული ეგდო ფრინველების გალიაში. ძალიან ვთხოვე, მაგრამ არაფრით მომცეს.
– ამ პატარა სათავსოში ხატავთ, რომელიც ამავდროულად სამზარეულოც არის და საძინებელიც?
– კი. 42 წლის ვიყავი, უსახლკაროდ რომ დავრჩი. შემეძლო, საზღვარგარეთ წავსულიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი ქვეყნის გარეშე ვერსად გავძლებდი. ჩემი ნამუშევრებიც ძირითადად საქართველოს კუთხეებს, ტაძრებს ეხება.
გამოფენის წინა ღამეს საოცრება დამემართა. უცბათ გამეღვიძა და ვიგრძენი, რომ რაღაც სინათლე მედგა თავზე. გარეთ გავიხედე და ცა მთლიანად ღრუბლიანი იყო. ვიფიქრე, ზეციური რაღაცაა–მეთქი. მეორე დღეს რაც გამოფენაზე მოხდა, მივხვდი, ამ სინათლის სხივით უფალმა გამამხნევა და ნიშანი მომცა.
– რა მოხდა გამოფენაზე?
– მხატვართა კავშირში მიმიღეს და აკადემიკოსის წოდება მომანიჭეს. მხატვართა კავშირში რომ მიგიღონ, 7–8 გამოფენა მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული. კავშირის თავმჯდომარემ, ცისანა მჭედლიძემ რომ ნახა ჩემი ნახატები, გამოაცხადა, ასეთი რამ ჯერ არ მინახავს და დღეიდან ქალბატონი ნელი მხატვართა კავშირშია მიღებულიო.
– საქართველოს სხვადასხვა მხარე დაგიხატავთ. ნამყოფი მაინც თუ ხართ შატილსა თუ სვანეთში?
– არა, სად ვარ ნამყოფი! ორი ათეული წელია, თბილისის იქით არსად წავსულვარ. ყველაფერი ტელევიზორში მაქვს ნანახი. სვანეთის სურათი წიგნში ვნახე. მერე ჩემი ფანტაზიით ზოგი დავუმატე, ზოგი გამოვაკელი და ასეთი გამოვიდა.
– მოძღვრის სახე შეგიქმნიათ.
– პორტრეტების შექმნა მიყვარს. ფილმი ვნახე, სადაც კომუნისტებს მიჰყავთ სასულიერო პირი და ხვრეტენ. რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა ამ როლს. გადავწყვიტე, ის, ვინც დახვრიტეს, რეალობაში წარმომედგინა და ისე შემექმნა მისი სახე.
მერიდება და მეშინია წმინდანებთან შეხება, მაგრამ ალბათ ამის დროც მოვა.
– თამარ მეფის სახე გაქვთ შექმნილი, ისიც ხომ წმინდანია.
– შოთა რუსთაველს ვხატავდი და ამ ნახატმა მოითხოვა. მომიტევოს, თუ ამით შევცოდე. წმინდანს თუ ეხები, უნდა მარხულობდე, კურთხევა უნდა გქონდეს. ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვარ.
– ნამუშევრებს ყიდით?
– არა. ჯერ გაყიდვა არ შემიძლია. მხოლოდ 50–მდე ნამუშევარი მაქვს და გამოფენა რომ მოვაწყო, ამისთვის ძალიან ცოტაა.
– ფული რომ ძალიან გჭირდებათ?
– კი, მაგრამ მაინც ვერ გავყიდი. მიყვარს, ჩემი შვილებივით არიან და თან გამოფენისთვის ვაგროვებ. ერთხელ ვიფიქრე, რომ ჩემი ნამუშევარი გამეყიდა და ამით ცოტა ამომესუნთქა. ერთი ქალი, რომელიც საკმაოდ მდიდარია, მთხოვდა, ერთი დიდი ნამუშევარი მიმეყიდა. ვუთხარი, ყველაზე ცოტა, 400 ლარად მოგცემ, თორემ ამათი ფასი ბევრად მეტია–მეთქი. ვიცი, ამ ქალბატონისთვის ეს თანხა არაფერია, იმდენი აქვს, მაგრამ, რომ იცოდა, ძალიან მიჭირდა, ცდილობდა, 50 ლარად ეყიდა. მერე კიდევ მომაკითხა და უფრო მეტი თანხა შემომთავაზა, მაგრამ აღარ მივყიდე.
– რამდენად დაცულია ეს ნამუშევრები, დროს გაუძლებს?
– აუცილებლად გაუძლებს. თუ ბუმბულს თავიდან არ შეჰყვა ჩრჩილის კვერცხი, მერე აღარ გაუჩნდება. საღებავს იმიტომ არ ვაკარებ ბუმბულს, რომ მინდა, სულ ბუნებრივი იყოს და დროს გაუძლოს. ბებიაჩემის ნაჩუქარი ბუმბულის ბალიში ახლაც მაქვს და ნახატმა რატომ არ უნდა გაძლოს?! ბალიშს გაამზეურებ და მორჩა, მეტი არაფერი უნდა. ძვირი ღირს ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება – 100 გრამი 5 ლარი ჯდება. ხშირად მთელი დღე საჭმელი არ მიჭამია და პურის მაგივრად ეს მიყიდია. სოციალურმა აგენტმა ჩემი ნახატები რომ დაინახა, არ დაიჯერა, რომ მიჭირს. მითხრა, შენ ბიზნესი გექნებაო.
ვერ წარმოიდგენთ, რა ტიტანური შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული. სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემი ნახატებიც ჩემთან ერთად იქნებიან. გამოფენას რომ მოვაწყობ, მინდა, მთავრობის წევრებიც მოვიწვიო. იქნებ საჭიროდ ჩათვალონ, რომ ერთი პატარა სახელოსნო მაინც მომცენ, ან თავშესაფრის აღრიცხვაზე მაინც ამიყვანონ, რომ ქირის ფულს არ ვიხდიდე.
რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე
0