"სინათლე ჩვენს ფანჯრებში" – ფილმი, სადაც ეროსიმ მეგობრისთვის როლი დათმო "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" – ფილმი, სადაც ეროსიმ მეგობრისთვის როლი დათმო /> "/> " />


  02:17:58     17-12-2013

"სინათლე ჩვენს ფანჯრებში" – ფილმი, სადაც ეროსიმ მეგობრისთვის როლი დათმო

a26969.jpg

 "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" – 1969 წელი
დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (ალექსანდრე), გრიგოლ წიტაიშვილი (გერასიმე), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), რუსუდან კიკნაძე (ტატა), თამაზ თოლორაია (ბიძინა), თეიმურაზ წიკლაური (ნოდარი–ბელაფონტე), ნანული პირველი (გალინა), ლიანა ასათიანი (ბიძინას დედა), ილია ბაკაკური (ილო), თამარ თვალიაშვილი (ალექსანდრეს დედა), მალხაზ გორგილაძე, მანანა დაშნიანი, ი. ჭავჭავაძე, მალხაზ ჭეიშვილი (მალხაზი), ბ. თოფურიძე, გ. გაბაშვილი, გია ნარიმანიძე (ჯაბა), ზოზო (იასონ) ბაქრაძე.
გასული საუკუნის 60–იანი წლები, მშენებლობაზე მომუშავე ახალგაზრდები, რომლებიც გზის დასაწყისში დგანან და საკუთარი თავის ძიებაში არიან, მომავალს თამამად შეჰყურებენ, ჯერ არ უგემიათ ცხოვრების სიმწარე, უბედურება. მეგობრის მოულოდნელი დაღუპვა ხდება მათი პირველი სერიოზული ტკივილი და გამოცდა.
"სინათლე ჩვენს ფანჯრებში" გუგული მგელაძემ თითქმის 45 წლის წინ გადაიღო. თბილი, მხიარული და ამავე დროს სევდიანი, რეალიზმის პრინციპებით გადაღებული ფილმი უპირველესად მასში მოთამაშე მსახიობებით გახდა ფასეული. ცნობილი რეჟისორი, რომელიც მაშინ თავადაც ახალგაზრდა გახლდათ, თავისი შემოქმედების წლებს "სარკეში" იხსენებს.
მეგობრისთვის დათმობილი როლი
გუგული მგელაძე:
– 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" ტელეეკრანებზე გამოვიდა. რას ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა 4 ათეული წელი და ეს ფილმი ხალხში ისევ იცოცხლებდა. ტყუილად არ მიშრომია.
სცენარის ავტორი არის სულიკო ჟღენტი. ერთხელ ცკ–ის მესამე მდივანმა ქალბატონმა (სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი ზუსტად არ მახსოვს) დამიბარა და მკითხა, ბატონო გუგული, რამე ახალი სიუჟეტი ხომ არ გაქვთ, რომ გადაიღოთო. ვუპასუხე, რომ ორი იდეა მქონდა. ვუამბე ჩემი მეგობარი სცენარისტის სულიკო ჟღენტის შესახებ. მაშინ ის ბათუმში იყო. დავურეკე და მალე ჩამოვიდა. მივაწოდე იდეა, რა თემაზე მინდოდა ფილმის გადაღება. შემდეგ წავიდა და თვითონ დაწერა. რაღაცეები შევცვალე, დავუმატე, ძირითადი სცენარი კი იგივე დარჩა. მას შემდეგ სულიკო ჟღენტთან ერთად კიდევ რამდენიმე ფილმზე მომიწია მუშაობა.
ალექსანდრეს ანუ მთავარი გმირის როლზე ორი მსახიობი მოიაზრებოდა: ეროსი მანჯგალაძე და დოდო აბაშიძე. ორივე გავსინჯეთ, მაგრამ ეროსიმ რომ გაიგო, დოდოც ამ როლისთვის გავსინჯეთ, უარი გვითხრა. მეგობრები იყვნენ და არ უნდოდა, დოდოს რამეში შესცილებოდა. ეროსის რომ ეთამაშა, ალბათ სულ სხვანაირ პერსონაჟს შექმნიდა და ფილმიც სხვანაირი გამოვიდოდა. რაც შეეხება დოდო აბაშიძეს, მან მართლაც კარგად ითამაშა და დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ორივე მსახიობის გასინჯვის მერე გადავწყვიტე, რომ ამ როლზე დოდო დამემტკიცებინა.
ვარსკვლავური გუნდი
– პირველი რეჟისორი ვიყავი, ვის ფილმშიც თაზო თოლორაიამ ითამაშა. ეს იყო 1967 წელს გადაღებული "ცისკრის ზარები". ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" თემურ წიკლაურის დებიუტი შედგა. ნოდარის ანუ ბელაფონტეს როლზე სხვა მსახიობი მყავდა შერჩეული, მაგრამ თემური რომ გავსინჯე, ძალიან მომეწონა. ახალბედა და ძალიან ახალგაზრდა იყო, ამის მიუხედავად, სინჯებზე არაჩვეულებრივად ითამაშა. გრიგოლ წიტაიშვილმა ამ ფილმში გერასიმეს როლი შეასრულა. ეს მსახიობი განსაკუთრებით მომწონდა, რადგან სულ სხვა ტიპაჟი იყო, სხვა სტანდარტულ მსახიობებს არ ჰგავდა. ერთხელ გურამ ლორთქიფანიძემ დამირეკა და მითხრა, გრიშა სწორად შეარჩიე გერასიმეს როლზე, ისე ითამაშა, მოსკოველ მსახიობებს აჯობაო.
სოხუმური ისტორიები
– გადაღებები სოხუმში მიმდინარეობდა. ისე დაემთხვა, რომ იქ იმ დროს საცხოვრებელი კორპუსი შენდებოდა, თითქოს სპეციალურად ჩვენი სურათისთვის. ფილმზე მუშაობის პროცესი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, როცა ასეთ ლამაზ ადგილას ხარ. თან ვისვენებდით და თან ვმუშაობდით.
თავიდან, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, გარემოს ვათვალიერებდით, რომ ფილმისთვის კარგი კადრები შეგვერჩია. ერთ დღეს ზღვაზე გავედით. დოდოც ჩემთან ერთად წამოვიდა. ეს აბობოქრებული ტალღები რომ დაინახა, ტანზე გაიხადა და წყალში შევარდა. ვიფიქრე, მსახიობი შევიდა და რეჟისორი გარეთ ხომ არ დარჩება–მეთქი და მეც გავცურე. უკან დოდო მშვიდობით გამოვიდა, მე კი ტალღებმა მიმახეთქა და ძლივს გადავრჩი. ნაპირზე რომ გამოვედი, თავზე ორი თეთრხალათიანი ქალი მადგა და მიყვიროდა, რას აკეთებ, ვერ ხედავ, რამხელა ტალღებია, ლამის თავი დაიღუპეო.
ფილმში ეპიზოდური როლი აქვს ლიანა ასათიანს, რომელიც ბიძინას დედას თამაშობს. ერთხელაც ზღვაზე გავედით მე, დოდო და ლიანა. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეცურა. დოდო ძალიან კარგად ცურავდა, მეც – ნორმალურად. ისე ღრმად შევედით ზღვაში, უცებ რომ მოვიხედე, ნაპირი აღარ ჩანდა. შემეშინდა, მაგრამ ემოციებისგან თავი შევიკავე. ჩვენ გვერდით ულამაზესი ქალი იყო და ხომ არ შევაშინებდი. დოდოს ვუთხარი, უკან მივბრუნდეთ, გადაღებისთვის უნდა მოვემზადო, შენც წამოდი, ხომ იცი, გუშინდელი ნაქეიფარი ვარ და შენი იმედი მაქვს–მეთქი. დოდომ ღიმილით მიპასუხა, საკუთარი თავის იმედი მე არ მაქვს და შენც ნუ გექნება ჩემი იმედიო. როგორც იქნა, ნელ–ნელა უკან დავბრუნდით. ნაპირი გამოჩნდა და შვებით ამოვისუნთქე.
როცა გადაღებები არ გვქონდა, ან ზღვაზე გავდიოდით, ან პოკერს ვთამაშობდით, ან კიდევ ვქეიფობდით. ზომიერების ფარგლებში ვსვამდით, რადგან მეორე დღეს გადაღებისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. ერთხელ მაინც იყო შემთხვევა, რომ რეჟისორიან–მსახიობიანად ყველანი კარგად დავთვერით. მეორე დღესაც არ ვიყავით საკმარისად გამოფხიზლებული და ამიტომ გადაღება ჩაიშალა.
საყვარელი ეპიზოდი
– ფილმიდან გამორჩეულად მომწონს ის ეპიზოდი, როცა სანაპიროზე დოდოს გმირი ვეტერანებს ხვდება. ბოლოს ის და ორი კაცი მარტო რჩებიან და მხოლოდ ჯოხის კაკუნი ისმის. ამ სცენას კუს ტბაზე ვიღებდი. ვინც კი ვეტერანი იყო საქართველოს მასშტაბით, მგონი, ყველა მოვიწვიე. გადაღებაზე მისულს კი მხოლოდ 5 კაცი დამხვდა. ზოგადად ბრაზიანი და მკაცრი რეჟისორი არ ვარ, მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი და ამან გაჭრა. ერთი კვირის შემდეგ ხელახლა დავნიშნე გადაღება და პარტკომის უფროსმა ყველა ვეტერანი დამახვედრა.
სცენა, სადაც გერასიმე უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება და ხარაჩოებიდან ვარდება, მონტაჟურად გადავიღეთ. ეს ფილმში ყველაზე დრამატული მომენტია.
საოცარი დოდო
– ფილმის პრემიერა მოსკოვის კინოთეატრ "როსიაში" გაიმართა. მე და დოდო აბაშიძე წავედით. სანამ ჩვენება გაიმართებოდა, პატარა ბარათი მივიღე, სადაც ეწერა: "გუგული, გთხოვ, სეანსის შემდეგ შემხვდე. ჟორა არტუნიანცი". რამდენიმე წლით ადრე ვითამაშე ფილმში "ახალგაზრდა გვარდია", სადაც ჟორა არტუნიანცი განვასახიერე. ის ამ გვარდიის წევრი, ლეიტენანტი იყო. გარეგნობით მაღალი, გამხდარი კაცი გახლდათ, მე და დოდოს კი მსუქანი კაცი დაგვხვდა, ვერც ვიცანი. თურმე ის ყოფილა ჟორა.
თავის სახლში დაგვპატიჟა. სანამ წავიდოდით, დოდომ მითხრა, ქართველები ვართ, ხელცარიელები ხომ ვერ მივალთო. კინოთეატრის ბუფეტში ჩავედით და საუკეთესო კონიაკი "ნაპოლეონი" შევიძინეთ. გამყიდველ ქალს ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა, ამიტომ მეორე ბოთლი მოგვცა, დოდომ კი ორი ბოთლის ფასი გადაიხადა. გამყიდველმა იუარა, ორის საფასურს ნუ მაძლევთ, ერთი ხომ მე გავტეხეო. მან უპასუხა, არა უშავს, ჩათვალეთ, რომ ორივე ბოთლი ჩვენ ვიყიდეთო. ასეთი კეთილი და საოცარი ადამიანი იყო დოდო აბაშიძე.
ძველმოდური ქართველები ლონდონში
– 1971–72 წელს "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" ლონდონში ქართული მხატვრული ფილმების რეტროსპექტიულ ჩვენებაზე წაიღეს. ლონდონის ნომერი პირველი კინოკრიტიკოსი, გვარად გილეტი, საქართველოში ფილმების ასარჩევად ჩამოვიდა. რამდენიმე ფილმის ნახვის შემდეგ მოუთხოვია, რამე თანამედროვე მინდაო. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთ მექანიკოსს ჩემი ფილმის ფირი ჰქონდა. ინგლისელ კინოკრიტიკოსს "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" აჩვენეს. კინომცოდნე კორა წერეთელი ინგლისურად უთარგმნიდა. თურმე ძალიან მოეწონა და შემდეგ მთელი 40 წუთის განმავლობაში ამ ფილმზე ლაპარაკობდა. ეს ყველაფერი ოთარ იოსელიანმა მითხრა. მანვე მაცნობა, შენი ფილმი ლონდონში მიაქვს, ასე თქვა, იქაურ მაყურებელს ძალიან მოეწონებაო. მართლაც წაიღეს ფილმი და მეც წავედი. იმ დროისთვის პოპულარული რამდენიმე სხვა ქართული ფილმიც წაიღეს საჩვენებლად.
ქართულ დელეგაციაში გახლდით მე, მიშა კობახიძე და რეზო ჩხეიძე. ამ ტურნეს თან ბევრი სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტი ახლდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ სამივეს ფართხუნა შარვლები გვეცვა, რადგან ჩვენთან მაშინ ასეთები იყო მოდაში. ლონდონში ყველას ვიწრო შარვალი ეცვა, ჩვენ კი იმ შარვლებში სასაცილოები ვჩანდით. არადა გვეგონა, ჩვენი სტილით იქაურებს განვაცვიფრებდით. თუმცა ჩვენი ჩაცმულობისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ინგლისი თავისუფალი ქვეყანაა, რაც გინდა, ჩაიცვი და რაც გინდა, გააკეთე.
სტუმრად ლორდებთან
– დარბაზის შესასვლელში, სადაც კინოჩვენება გაიმართა, ასეთი წარწერა იყო: "ინგლისური, ფრანგული, იტალიური და ქართული ფილმების ფესტივალი". ჩვენებას 600 ლორდი ესწრებოდა. მე სიტყვით გამოსვლის ნიჭი არასდროს მქონია. რატომღაც რეზომ მითხრა, ახლა სცენაზე ახვალ და სიტყვას იტყვიო, სხვა გზა არ მქონდა და ცოტა დაბნეული ავედი. იმ დროს უკვე 40 წელს გადაცილებული ვიყავი და გამელოტებული გახლდით. დამსწრე საზოგადოებას თავი ისე დავუხარე, რომ ჩემი სიმელოტე კარგად შეემჩნიათ და უცებ ასეთი სიტყვები ვთქვი: "არ გეგონოთ, რომ ჩემი ფილმები ისეთივეა, როგორიც ჩემი თავი. ფილმები ბევრად უკეთესია". ჩემს სიტყვებზე დარბაზში ხარხარი ატყდა და ტაშს მიკრავდნენ. ასე გავაცინე 600 ინგლისელი ლორდი.
სხვათა შორის, ინგლისელებმა დიდი პატივი გვცეს. სასტუმრო, კვება, წასვლა–წამოსვლა ხომ უფასო გვქონდა და რომ ჩავედით, სამივეს სათითაოდ 100 ფუნტი გვაჩუქეს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი მოგვატარეს – თეატრები, მუზეუმები. მათ წაგვიყვანეს ლონდონის ვესტ ენდის თეატრში, სადაც იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული როკოპერა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" გვანახეს. ხშირად გვაქეიფებდნენ. ლა–მანშის სრუტეზეც კი წაგვიყვანეს. აგრეთვე სტუმრად ვიყავით კინოაკადემიის დირექტორის აგარაკზე. ვისკით და ბუტერბროდებით გაგვიმასპინძლდნენ და ამ დროს გაისმა ქართული მუსიკა. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან იმ აგარაკზე ქართველები მხოლოდ მე, მიშა და რეზო ვიყავით. თურმე გილეტი თბილისში რომ იყო, ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფირფიტა აჩუქეს, მან კი აგარაკზე ჩართო. მოკლედ, ნამდვილ ზღაპარში ვიყავით – ლონდონის უმაღლესი კინოსაზოგადოების გარემოცვაში ქართულ სიმღერას ვუსმენდით და კარგ დროს ვატარებდით.
ჩვენი სასტუმროს რესტორანში პირველ დღეს რომ შევედით, უგემრიელესი ლორი მოგვიტანეს. მანამდე ასეთნაირად მომზადებული ღორის ხორცი არც გვქონდა გასინჯული. არ ვიცოდით, კვებაში ფული უნდა გადაგვეხადა თუ არა. რეზო ჩხეიძე ჩემთან და მიშასთან შედარებით საზღვარგარეთ უფრო მეტჯერ იყო ნამყოფი. მან თქვა, რომ ზოგჯერ სასტუმროს ხარჯებში კვებაც შედიოდა, ზოგჯერ – არა. მოდით, ავდგეთ და გავიდეთ, თუკი დაგვიძახეს და შეგვაჩერეს, ესე იგი, ფული ჩვენი გადასახდელიაო. მოკლედ, სამივე წამოვდექით და ნელ–ნელა წავედით კარისკენ, თან აქეთ–იქით ვიყურებოდით. რადგან არავინ შეგვაჩერა, დავრწმუნდით, რომ კვებაც უფასო გვქონდა. იმ დღის შემდეგ ყოველდღე ჩავდიოდით რესტორანში და გემრიელად ვსადილობდით. ასე მომატარა ინგლისი ფილმმა "სინათლე ჩვენს ფანჯრებში". იქიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.
"მოქრთამული" ჟიური
– კულტურის მინისტრის მოადგილე აკაკი დვალიშვილი ჩემი სიმამრის მეგობარი იყო. ერთხელ დავურეკე და ხუმრობით ვუთხარი, ბატონო კაკო, რა არის, სულ სხვისი ფილმები რომ მიგაქვთ საზღვარგარეთ და ჩემი არა–მეთქი. მიპასუხა, შენ რომ გძინავს, ამ დროს ისინი ჩემს კაბინეტთან კონიაკის ბოთლით დგანანო. მართლაც, ასეთი რაღაცეები ხშირად ხდებოდა. მე კიდევ მიჭირდა ჩემი ფილმის გამო ვიღაცის შეწუხება.
ერთხელ მეც გავბედე და "ქრთამის" გადაცემა გადავწყვიტე. შუა აზიაში, კინოფესტივალზე ვიყავი, სადაც ფილმი "ძახილი" წავიღე. თან ქართული ღვინო მქონდა. ერთი ბოთლი ავიღე და ვიფიქრე, ჟიურის თავმჯდომარეს გადავცემ–მეთქი. ვიკითხე, რომელი იყო თავმჯდომარე და ვიღაცამ ერთ კაცზე მიმანიშნა. მეც მივედი და სიხარულით ვაჩუქე ღვინის ბოთლი. მერე მითხრეს, ეგ კი არა, თავმჯდომარე მეორე კაცი იყო, მაგის გვერდით რომ იდგაო. ჩემს თავზე ბრაზი კი მომივიდა, ეს როგორ შემეშალა–მეთქი, მაგრამ გამიხარდა, რომ თუნდაც უცხო კაცს მცირედი სიკეთე გავუკეთე. სიკეთე კი არ იკარგება.
გავიდა წლები. ერთხელ ესპანეთში მივდიოდი კინორეჟისორთა ჯგუფთან ერთად. მოსკოვში შევიკრიბეთ და ავტობუსით უნდა წავსულიყავით. ავტობუსთან რომ მივედი, ის კაცი მომიახლოვდა. "მგელაძე, შენ ხარ?" – დამიყვირა გახარებულმა. თურმე ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.
კუს ტბაზე ნაპოვნი სპონსორები
– ქვეყანაში კინოს გადასაღებად ფული რომ აღარ იყო, ლექსების წერა დავიწყე. პირველად ეს დავწერე: "შავ–თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს, აპარატს სტენი ფერადი ფირით, ის კი ჯიუტად შავ–თეთრად იღებს". რეჟისორმა საკუთარ ფილმს თავად უნდა მოუაროს. ხომ იცით, საქართველოში როგორც ხდება: რაც უნდა კარგი ფილმი გადაიღო, თუ არ იაქტიურე, შენთვის არავინ გაირჯება.
ბოლო ჩემი ფილმი, "გაჭედილები", ჩემი ხარჯებით და კეთილი ადამიანების დახმარებით გადავიღეთ. გივი სიხარულიძე ძალიან მეხმარებოდა. კუს ტბაზე სავარჯიშოდ ერთად დავდიოდით ხოლმე. ხომ იცით, გივი როგორი აქტიურია. ჰოდა, ამ სირბილ–სირბილში მეტყოდა, აი, იქით რომ კაცი მირბის, ის ფულიანი ჩანსო. მივირბენდით მასთან, ფილმიდან რომელიმე ეპიზოდს მოვუყვებოდით და თუ გაეცინებოდა, ფულს ვართმევდით. ასე შევაგროვეთ გადაღებისთვის საჭირო თანხა.
ცხოვრება ზღაპარში
– ხელისშეშლა, უარყოფითი დამოკიდებულებები ხშირი იყო, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ უამრავ კეთილ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა. ზღაპარში ვცხოვრობდი ჩემი პროფესიისა და ჩემი ფილმების დამსახურებით. ყველა ზღაპარს კი ბოლო ერთი აქვს.
უკვე 85 წლის ვარ. კიდევ შემიძლია ფილმი გადავიღო, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი ბიჭი, გიო მგელაძე, რეჟისორია. შვილიშვილი ლუკაც ასევე ამ პროფესიის არის, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს. ახლა მე რომ ფილმის გადასაღებად ფული მოვითხოვო, სინდისი არ მაძლევს ამის საშუალებას. მირჩევნია, ჩემს შვილს ან შვილიშვილს მისცენ ფული.
ერთხელ რეზო ჭეიშვილმა მითხრა, შენი ფილმები მომწონსო და ძალიან გამიხარდა. ჩემი აზრით, კაცმა ამ ხანმოკლე სიცოცხლეში რაღაც კვალი მაინც უნდა დატოვოს. ბოლოს და ბოლოს ბერდები და შენი საქმიანობაც მთავრდება. როცა რაღაც მნიშვნელოვანს ტოვებ, ამქვეყნიდან უფრო დამშვიდებული მიდიხარ და შენი დაბადებაც გამართლებულია.
ბევრი ტრაგედია გადავიტანე. ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ იმას გამოვყავდი მდგომარეობიდან, რომ გვერდით კარგი ხალხი მედგა. სულიკო ჟღენტი ჩემზე ასე ხუმრობდა ხოლმე, გუგული წვერს მოუშვებს და ისე ჩაიცვამს, რომ ვერავინ იცნოს. მერე მივა კინოთეატრში, სადაც მისი ფილმი გადის და გამომცდელად ჰკითხავს ვინმე მაყურებელს, ფილმი როგორია, თუ ღირს შესვლაო. ერთხელაც ასე ჰკითხა ერთს, რომელმაც იცნო გუგული და უპასუხა, რაღას მეკითხები, არ იცი, რა ნაგავიც გადაიღეო. სინამდვილეში ასეთი რამ არ მომხდარა, უბრალოდ სულიკოს ძალიან კეთილი იუმორი ჰქონდა. მაშინ კი ვბრაზობდი, მაგრამ ის ხომ ჩემი მეგობარი იყო.
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი სარკე
0

ავტორი: