11:00:00     12-12-2013
შედარებით მშვიდი ღამე კიევში და იანუკოვიჩის მიმართვა პროტესტანტებს

შედარებით მშვიდად ჩაიარა წუხანდელმა ღამემ მაიდანზე, სადაც ევროპული მომავლის მოთხოვნით ათიათასობით უკრაინელი ფართომაშტაბიან აქციებს 22 დღეა მართავს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს წუხელვე რეგიონებიდან 50 მიკროავტობუსით ჩამოსული მხარდამჭერები შეურთდნენ. აქტივისტებმა მოშლილი ბარიკადები ხელახლა აღმართეს. მაიდანზე გაატარა ღამე დაახლოებით, 20 ათასამდე ადამიანმა. მომიტინგეებს მთელი ღამის განმავლობაში ცნობილი უკრაინელი მომღერალი რუსლანა და სხვა მომღერლები ამხნევებდნენ. მომიტინგეთა გვერდით იყვნენ სასულიერო პირებიც.
ამის პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, იანუკოვიჩი ოპონენტებს პირდება, რომ ძალის გამოყენებას არ დაუშვებს.
"ყველა მხარის ქმედება მხოლოდ კანონისა და უკრაინის კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა მოექცეს, მზად ვარ ასეთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისთვის. კომპრომისის მისაღწევად ოპოზიციას მოვუწოდებ, არ თქვას უარი და არ წავიდეს წინააღმდეგობისა და ულტიმატუმების გზით. როგორც უკრაინის პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, გავაკეთებ ყველაფერს რაც აუცილებელია ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ყოველი მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, ჩვენს სახელმწიფოში მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.
0