ბაჩო ახალაიას განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით />


  23:06:53     09-12-2013

ბაჩო ახალაიას განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით

a26809.jpg

ბაჩო ახალაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

"ორ კვირაზე მეტია მეზობელ უკრაინაში სახეზეა უპრეცედენტო მოძრაობა. ამგვარი დემოკრატიული დუღილი კიევსა თუ უკრაინის სხვა ქალაქებში არ ყოფილა ნარინჯისფერი რევოლუცის დროსაც კი. შემთხვევითი არაა რომ ევრომაიდანის მთავარ ძალად უკრაინელი სტუდენტები მოგვევლინენ - თაობა, რომელსაც არ აწუხებს საბჭოთა ნოსტალგია და არ სურს წარსულში დაბრუნება.

დღეს სწორედ მაიდანზე წყდება - დააღწევს თუ არა უკრაინა თავს წარსულის წყვდიადში ჩათრევას და გახდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფო.

ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ დაუშვას სამოქალაქო დაპირისპირება და ქვეყნის დაშლა, როგორც ეს წარმოუდგენია მავანს. მაიდანზე შეკრებილები ძლიერი უკრაინისთვის იბრძვიან. უკრაინის სიძლიერე კი თავისუფალი ერების გაერთიანებაშია საერთო ღირებულებების ირგვლივ.

დღევანდელი უკრაინული მოძრაობა ისტორიულ ანალოგიებს იწვევს. 1989 წელს "ხავერდოვანმა რევოლუციებმა" აღმოსავლეთ ევროპაში დააჩქარა საბჭოთა იმპერიის აღსასრული და ევროპის რუკა შეცვალა. ვარდების და ნარინჯისფერმა რევოლუციებმა რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს საგრძნობი დარტყმა მიაყენა, რადგან ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა უკრაინამ და საქართველომ საკუთარი მომავალი ევროპას დაუკავშირეს. ბრძოლამ თავისუფლებისთვის ჩვენ გაგვაერთიანა. დღეს ევრომაიდანზე ჩვენ კვლავ ერთად ვუპირისპირდებით რუსული ნეოიმპერიალიზმის საბოლოო გამოწვევას.

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით განახორციელა რეფორმები, რომლებმაც ევროპასთან დაგვაახლოვა, მაგრამ რუსული იმპერიალიზმის კლანჭები დღემდე ებღაუჭება ჩემს სამშობლოს. ევრომაიდანზე შეკრებილთა ბრძოლა უკრაინის ევროპული მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ასევე არის ბრძოლა ჩემი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია ჩვენი საერთო მომავლისთვის ბრძოლა ყოველდღიურ მოვალეობად აქციეთ, ვინც წარსულში დაბრუნებას სიმტკიცითა და შეუპოვრობით პასუხობთ. მჯერა, რომ არავის ძალუძს დაუპირისპირდეს თავისუფლებისა და ღირსებისთვის მებრძოლი ხალხის ნებას.

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ დიდი უკრაინელი პოეტის და ჰუმანისტის ტარას შევჩენკოს სიტყვები პოემა "კავკასიიდან" - "იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ!"

ჩემო უკრაინელო დებო და ძმებო, არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ თქვნი და ჩვენი თავისუფლებისთვის.

ბაჩო ახალაია"

0

ავტორი: