17:42:34     06-12-2013
გია ნოდია: პატრიარქის აქტიურობა არ არის პრობლემა, პრობლემა მთავრობაშია

„პატრიარქის აქტიურობა არ არის პრობლემა. პრობლემა პოლიტიკოსებშია: მზად არიან თუ არა ისინი, პატრიარქის აზრი განიხილონ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის პირადი მოსაზრება?“,- ამ განცხადების ავტორი პოლიტოლოგი გია ნოდიაა.
როგორც ნოდიამ „პრესა.ჯი“-სთან პატრიარქის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, ილია მეორეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სრული უფლება აქვს, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის თვითმმართველობის რეფორმაზე, გამოთქვას საკუთარი აზრი.
გია ნოდია: ხელისფუებას ამ ეტაპზე პატრიარქის განცხადებაზე მკაფიო პასუხი არ გაუცია, მთავრობას შეუძლია ყველას მოსაზრებას მოუსმინოს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს თავის მკაფიო პოზიცია, და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ პატრიარქი რაღაცას იწუნებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვან კანონპროექტის განხორციელებაზე. ამის წინაპირობას ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავ. ბოლო დღეებში ხშირად ვიგებთ, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერიოს მსგავს საკითხებში, ჩემი აზრით, ეს განცხადება არარეალისტრია. პატრიარქს და ნებისმიერი მოღვაწეს შეუძლია თავის აზრის გამოთქმა, უბრალოდ, ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი.
„პრესა.ჯი“: მთელი კვირის განხილვის თემად რჩება უკრაინა და რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციები საქართველოს მისამართით ევროპასთან ასოცირებამდე, რა ბერკეტების გამოყენება შეუძლია პუტინს, საქართველოში მისი ევროალანტიკური სვლის შესაერებლად?
-ობიექტურად რომ ვთქვათ, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ნაკლები ბერკეტი აქვს ვიდრე მას აქვს უკრაინასთან მიმართებაში. ერთის მხრივ, საქართველოში, თვითონ საზოგადოებაში არ არის პრორუსული განწყობა. ეს განწყობა კი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში საკმაოდ ძლიერია. საქართველო ენერგეტიკულად არ არის იმდენად დამოკიდებული რუსეთზე, ასე რომ ბერკეტი ნაკლებია, თუმცა თეორიულად ვერ გამოვრიცხავთ, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას სისუსტე უპოვოს.
- შესაძლებელია თუ არა პუტინმა საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად გამოიყენოს ოკუპირებული ტერიტორიები?
-ეს ბერკეტიც ცოტა არ იყოს სუსტია, რადგან მან უკვე აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. თუ მოლდოვას შეუძლია დაემუქროს დნესტრისპირეთის აღიარებით, საქართველოში ეს უკვე გაკეთებული აქვს. მავთულხლართებიც დიდწილად გავლებულია, ეს ზიანიც მიადგა მოსახლეობას. ახლა მთლიანად საქართველოს ოკუპაციას თუ მოახდენს, თეორიულად ეს წარმოსადგენია, მაგრამ მთლად ასეთი ღია აგრესია რუსეთს არ მოუნდება.
0