17:17:19     05-12-2013
ირაკლი მელაშვილი: კანონპროექტი არ არის ბიბლია...

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ უწმინდესსა და უნეტარესს, თავის გამოსვლაში კონკრეტულ საფრთხეებზე არ უსაუბრია.
როგორც „პრესა.ჯი“-ს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განუცხადა, კანონპროექტი ბიბლია არ არის, რომ მასში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელდეს.
ირაკლი მელაშვილი: უწმინდესს არ დაუფიქსირებია კონკრეტულად რა საფრთხეებზეა საუბარი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალოვან სისტემებთან, ყველასთან, ვისთანაც ამ თემის გავლა შეიძლებოდა, გავმართეთ კონსულტაციები.
კანონპროექტი დეტალურად განვიხილეთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთანაც. თეორიული რისკიც კი იქნება გამორიცხული და პროექტი ამ სახით წარსდგება პარლამენტში.
„პრესა.ჯი“: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმა კანონპროექტიდან მე-7 პუნქტის ამოღება მოითხოვა...
- კანონპროექტი არ არის ბიბლია, რომ მასში ცვლილებები არ განხორციელდეს. კანონპროექტი არის დოკუმენტი, რომელზეც მუდმივად გრძელდება მუშაობა, სანამ ის მიღებული არ იქნება.
ეს არის სამუშაო პროცესი და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა შენიშვნა. თუმცა, ჩემი აზრით, პროექტი რაიმე ხიფათის შემცველი არ იყო. ამის გარდა, მასში დამატებითი მექანიზმებიც იქნა ჩადებული.
- არსებული ინფორმაციით, ამ სკანდალის შემდეგ თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც კი დადგა...
- ინფორმაცია, ჩემი შესაძლო გათავისუფლების შესახებ არ გამიგია. თუმცა, პრემიერი უფლებამოსილია მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. მე ვარ კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი. პრემიერთან შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.
- როდის გაიგზავნება შესწორებული დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად?
- მომდევნო კვირას გაიმართება საკომიტეტო მოსმენები.
P.S: შეგახსენებთ რომ გუშინ პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა რომ თვითმმართველობის კანონში შესატანი ცვლილებების გატანის შემთხვევაში, ქვეყანას დაშლის საფრთხე ემუქრება.
0