17:50:46     03-12-2013
სესიაშვილი: ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში დაძაბულობა რევოლუციურ ფორმებში არ გადაიზრდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას განსხვავებული მეთოდით მართავს, ვიდრე ამას „ერთიანი ნაციონალური“ აკეთებდა.
დეპუტატმა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ირმა ნადირაშვილის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის აფეთქებას შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ.
ირაკლი სესიაშვილი: თუ ინფორმაცია უტყუარია, ქალბატონ ირმას შეუძლია მიმართოს პროკურატურას. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფრის უკან გარკვეული პოლიტიკური კივილი დგას.
ჩვენი ხელისუფლება რომ ამ მეთოდებით არ მართავს ქვეყანას, ეს ყველამ კარგად იცის. „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი მმართველობის მეთოდებით და სტილით ცდილობს ჩვენი ხელისუფლების მაგივრად იაზროვნოს.
ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას მომხდართან არავითარი კავშირი არ ექნება. დაველოდებით გამოძიებას. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი მეთოდი არ არის მმართველობის ის სტილი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს. ჩვენ უარი ვთქვით ამ მმართველობაზე. ეს იყო „ნაციონალების“ სტილი. ამიტომაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება.
„პრესა.ჯი“: როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს... რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ იქ მორიგი რევოლუცია მოხდეს?
- პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულნი, რომლებიც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. იმიტომ რომ იქ მიმდინარე მოვლენები უმართავი არ გახდეს, საჭიროა დიალოგი.
ვიმედოვნებ რომ უკრაინაში, დაძაბულობა რევოლუციურ ფორმებში არ გადაიზრდება, რადგან მსგავსი რყევები უკრაინას ხელს შეუშლის ადეკვატური ნაბიჯების გადადგმაში. რევოლუციას ყოველთვის თან ახლავს არამყარი, არასტაბილური ნაბიჯები.
უკრაინის ხელისუფლებას აქვს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პროტესტს ყური უგდოს. მითუმეტეს, უკრაინა მთელი ამ წლების განმავლობაში ეფექტურ ნაბიჯებს დგამდა ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით. ყველას კარგად გვესმის რომ რუსეთი ჩაერია უკრაინის შიდა საქმეებში. გვესმის რომ რუსეთს უკრაინისთვის ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები გააჩნია.
- რა გავლენას მოახდენს კიევში მიმდინარე პროტესტი საქართველოზე?
- უკრაინა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ქვეყანა, რომლის სურვილია იყოს ევროსტრუქტურების წევრი. შესაბამისად, უკრაინელი ხალხისა და ჩვენი ინტერესები ამ მიმართულებით ერთმანეთს ემთხვევა. უკრაინა ჩვენი მერგობარია და გვინდა რომ ევროპისკენ ერთად ვიაროთ.
ყველაფერთან ერთად ჩვენ ვხვდებით, რომ აქ საკმაოდ სერიოზული ბრძოლა მიდის რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ პროცესში ჩვენ და უკრაინა ფრონტის ხაზზე ვართ და არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ამ ფრონტის ხაზზე მარტოები დავრჩეთ.
- ვილნიუსში მიღწეული წარმატების შემდეგ ელოდებით თუ არა რუსეთისგან მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს?
- ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ პირობებში იმყოფება, ქვეყნის 20 % ოკუპირებულია. ამ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. ამის გათვალისწინებით, საფრთხეები ძალიან მაღალია. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო ახდენს ყველა შესაძლო საფრთხის ანალიზს, სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ნებისმიერ პროვოკაციას. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რომ ადეკვატური პასუხი გავცეთ ნებისმიერ გამოწვევას.
- „ქართული ოცნების“ ლიდერი სამოქალაქო სექტორში გადავიდა, ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება საგანელიძეც, რა გეგმები გაქვთ თქვენ?
- მოდით შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე, თუ მეკითხებით საგარეო პოლიტიკაზე, მზად ვარ გიპასუხოთ, თუ სხვა თემები გაინტერესებთ ცალკე ამ საკითხზეც ვისაუბროთ მაგრამ არა ამ კონტექსტში, უბრალოდ უინტერესოა.
0