13:03:42     28-11-2013
წულუკიანი: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით: "მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც კომისიის შექმნამ ქვეყანას შესაძლოა ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით მოუტანოს".
"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი უკვე რამდენიმე თვეა მზადაა, მას რეალურად არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ გაეგზავნოს პარლამენტს. ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ, ვინაიდან თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული და მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა", - თქვა თეა წულუკიანმა.
მისივე მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ჩაითვლება, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხი დაიძრება იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა.
0