12:08:42     28-11-2013
კითხვები სადახლოში მომხდარი მკვლელობებისა და დაჭრის შესახებ...
![a26515.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a26515.jpg)
25 ნოემბერს, სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი მკვლელობების გამომწვევ მიზეზად შურისძიება სახელდება. გამოძიება სამი დღეა აღნიშნულ საკითხზე სდუმს...
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობებს წინ უძღოდა ვაკეში მომხდარი ჩხუბი, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა კიდეც. დეტალების გარკვევის მიზნით, „პრესა.ჯი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო გიორგობიანს დღესაც დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: იყო თუ არა სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში მომხდარი ჩხუბის გაგრძელება?
ნინო გიორგობიანი: ამ საკითხზე მე თქვენ გუშინაც განგიცხადეთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს გეტყოდით, მოგწერეთ კიდეც.
- როდის გეგმავთ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას?
- თუ გავრცელდება ინფორმაცია, დაგიკავშირდებით...
- ვინ დაჭრეს ვაკეში, რამდენიმე დღის წინ?
- გამოძიებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას არ ვავრცელებთ.
- მათი ვინაობა საიდუმლოა?
- არ მითქვამს რომ საიდუმლოა... გამოძიებას დაველოდოთ“.
შეგახსენებთ რომ 25 ნოემბერს, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სასაზღვრო გამშვები პუნქტის შიდა პერიმეტრზე, მოწმეების, ვიდეო-კამერებისა და მესაზღვრეების თვალწინ, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ორი პირი - მერაბ კალანდაძე და 21 წლის გიორგი ფირალიშვილი მოკლეს. ხოლო დილარ მუკბანიანი მძიმედ დაჭრეს.
მოკლული მერაბ კალანდაძე, გიორგი ფირალიშვილისა და დაჭრილი დილარ მუკბანიანის მამების მეგობარი იყო და ის მეგობრის შვილებს საზღვარზე აცილებდა, რათა მოსალოდნელი შურისძიებისგან ეხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვილის მკვლელობას პირადად შეესწრო სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნუგზარ ფირალიშვილი. მან მწვავე ინფარქტი მიიღო და ექიმები ამ დრომდე ცდილობენ მის გადარჩენას.
შს სამინისტრომ მომხდარიდან მალევე დააკავა 6 პირი (ისინი ორი მანქანით გადაადგილდებოდნენ), რომელთა ვინაობა და ინიციალებიც კი, ამ დრომდე არ ხმაურდება.
ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის ერთი იარაღი. თუმცა, გამოძიების აზრით, საფიქრებელია რომ მკვლელობები და დაჭრა რამდენიმე იარაღით განხორციელდა.
პოლიცია მკვლელობის დეტალებისა და დაკავებულების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს და მოტივად „გამოძიების ინტერესებს“ ასახელებს.
გარდაცვლილის ახლობლები კი ეჭვობენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები რამდენიმე დაკავებულის „საქმიდან ამოგდებას“ ცდილობენ. მათი თქმით, „არავის მისცემენ უფლებას დამნაშავეები „მოტეხონ“.
თუმცა, შს სამინისტროში მათ ვარაუდს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ რომ მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ განცხადებები მალე გაკეთდება.
მეტიც, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში აცხადებენ რომ „ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა გამოძიება სრულად, საფუძვლიანად და ოპერატიულად წარიმართოს“.
საზოგადოება კი ელოდება იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც აქტიურად ჟღერდება სოც-ქსელებსა თუ პრესაში. კერძოდ:
1. ვინ დაჭრა ვაკეში რამდენიმე ახალგაზრდა და რატომ (ვინ არიან დაჭრილები)?
2. რა გახდა ვაკეში მომხდარი ჩხუბისა და შურისძიების - მკვლელობების მიზეზი?
3. კონკრეტულად, ვინ მოკლა 21 წლის გიორგი ფირალიშვილი და მერაბ კალანდაძე?
4. ვინ დაჭრა დილარ მუკბანიანი?
5. რამდენი იარაღიდან გაისროლეს მკვლელობის ადგილზე?
6. ვინ არიან და რატომ არ ხმაურდება დაკავებულთა ვინაობა?
7. თუ მკვლელობა ერთმა ან რამდენიმე პირმა ჩაიდანა, არიან თუ არა, დანარჩენი დაკავებულები მკვლელობის ორგანიზატორები ან მკვლელობის თანამონაწილეები?
8. ამოღებულია თუ არა, მკვლელობის ადგილზე და მის სიახლოვეს დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერის კადრები?
ეს იმ არასრული და ძირითადი კითხვების ჩამონათვალია, რომელზე პასუხსაც ელოდება არა მხოლოდ დაკავებულთა თუ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, არამედ საზოგადოებაც.
წინა სტატიის სანახავად გადადით ამ ლინკზე
0