18:59:25     26-11-2013
საქართველო მორიგი ინტერვენციის მოლოდინში

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმ მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც რუსეთისგან გველოდება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
რუსეთის მიზანი მარტივია: როგორმე უარი ათქმევინოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირზე.
ორ დღეში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე.
პარაფირება ერთგვარი ბიუროკრატიული და ამავე დროს, აუცილებელი ატრიბუტია ხელშეკრულების ამოქმედებამდე - მხარეები კიდევ ერთხელ თანხმდებიან იმ საკითხებზე, რომელზეც მოილაპარაკეს.
უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება 2012 წლის მარტში მოახდინა. ხელშეკრულება კი მხოლოდ მისი ხელმოწერის დღიდან უნდა ამოქმედებულიყო.
თუმცა, სამწუხაროდ, კრემლმა, პრეზიდენტ იანუკოვიჩს შანტაჟისა თუ მოსყიდვის გზით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი ათქმევინა.
შედეგად, უკრაინის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულ ათასიანი საპროტესტო აქცია მიიღო, რაც შესაძლოა, მორიგი რევოლუციით ან დიდი რეპრესიით დასრულდეს.
რა ელის საქართველოს? უკრაინის მაგალითზე დავინახეთ, რომ კრემლი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ოფიციალურმა კიევმა, ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან ეტაპს (ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას) მიაღწია.
საუკეთესო შემთხვევაში, საქართველო, პარაფირების შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მომავალ წელს მოაწერს.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული რომ სწორედ ეს ერთი წელი (პარაფირებიდან ხელმოწერამდე) იქცეს რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესიის დემონსტრირებად საქართველოსათვის.
გაუძლებს თუ არა, პრორუსული განცხადებებით ცნობილი მარგველაშვილი რუსეთის ზეწოლას? რა შეიძლება დაგეგმოს კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ?
2012 წლის არჩევნებმა გვაჩვენა რომ პუტინის რუსეთის პრობლემა არა სააკაშვილი ან წინა ხელისუფლება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებაა.
ცხადი გახდა რომ „ქართული ოცნების“ ზომიერი, რბილი, ზოგჯერ კი პრორუსული პოლიტიკაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი ოკუპანტისთვის - რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, ქართული სოფლები ეკლიანი მავთულებით შუაზე გაჭრეს და ამ მომენტამდე განაგრძობენ ეთნიკური ნიშნით ქართველთა დაპატიმრება-გატაცებას...
საფიქრებელია რომ პარაფირების შემდეგ, კრემლის მცოცავი აგრესია კიდევ უფრო გააქტიურდება. დაიგეგმება და განხორციელდება პროვოკაციები (შესაძლოა შეიარაღებული) რუსეთის მხრიდან.
გამორიცხული არაა რომ ოკუპანტები აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეეცადონ სიტუაციის არევას - ეთნიკური ნიშნით.
თუმცა, მთავარი კითხვები მდგომარეობს შემდეგში: ვუპასუხებთ თუ არა, ოკუპანტთა აგრესიას ადეკვატურად, ბოლომდე დავიცავთ თუ არა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შევძლებთ თუ არა, მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას?
ამ კუთხით, პრემიერ ღარიბაშვილსა და ბიძინას მიერ დასმულ მარგველაშვილს წინ დიდი გამოწვევა ელოდება.
მათ ორი არჩევანი ექნებათ - ბოლომდე დარჩნენ ქართველი ხალხის ევროპული ნების ერთგულნი და მოსალოდნელი შანტაჟის მიუხედავად, გაუძლონ კრემლის ზეწოლას ან აირჩიონ „იანუკოვიჩის გზა“, რითაც შესაძლოა, უმართავი და არაპროგნოზირებადი პროცესები მოიმკან.
0