10:56:19     26-11-2013
მწვავე პროტესტის მეხუთე დღე...

"რუსეთი ცდილობს არ დაუშვას კიევის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა",- ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გააკეთა, მან უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ზეწოლის გამო. მისი თქმით, უკრაინისთვის გაკეთებული შეთავაზება ჯერ კიდევ დღის წესრიგშია.
ამის პარალელურად, კიევში ევროკავშითან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მხარდასაჭერად მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელები კიევის ცენტრში აქციას დღესაც გამართავენ. უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები 21 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეაჩერა. მილიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი ორჯერ გამოიყენა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ტიმოშენკო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას უერთდება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას კატეგორიულად მოითხოვს. იულია ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერი უკრაინელებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. "არ დანებდეთ, გააგრძელეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. თუ 29 ნოემბერს იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, მოსპეთ მისი ხელისუფლება მისსავე კორუფციულ მეტასტაზებთან ერთად", - ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. მისი თქმით, ქვეყანა წნეხის ქვეშაა, რის შედეგადაც შეჩერდება წარმოებები და მილიონობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება.
"ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანთა უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება, სოციალური დაცვა - ყველასთვის მთავარი ფასეულობები იქნება", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
0