ჯანდიერის პასუხი წულუკიანს ჯანდიერის პასუხი წულუკიანს />


  15:18:53     25-11-2013

ჯანდიერის პასუხი წულუკიანს

a26457.jpg

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი მისი მოხსნის შემდეგ თეა წულუკიანს სოციალური ქსელით პასუხობს და აცხადებს, რომ მას იუსტიციის სამინისტროში აფიქრებინეს, რომ ერთგულად, წესიერად ემსახურა იმ საქმეს.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო შემდეგი:

გასულ წელს ჩემს წარდგენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საზოგადოება დადებითად შეხვდა, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ინტერესი, რაც მოჰყვა ჩემს ხელახლა წარუდგენლობას ამ პოზიციაზე. ასევე ბუნებრივად მიმაჩნია შეკითხვების გაჩენა მათგან, ვინც მიცნობს როგორც ადამიანს, მენეჯერს და იურისტს.

განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა. გადაწყვეტილებებს ვიღებდი ყოველთის გაბედულად, თუმცა საკითხის სათანადოდ აწონ-დაწონვისა და გაანალიზების შემდეგ. მსურს კმაყოფილებით გავიხსენო მუშაობის ეს წელი სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებთან, უპირველეს ყოვლისა კი – იუსტიციის სისტემის მუშაკებთან.

მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავადასტურო პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ვერ შევძლებდი მემუშავა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე–პრემიერ კახი კალაძეს გაწეული თანადგომისათვის.

მჯერა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმით, გონივრული, ჯანსაღი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეძლებს იუსტიციის სამინისტრო წარმატების მიღწევას, იმ ურთულესი ამოცანებისა და განსახორციელებელი საკითხების გადაწყვეტას, რომლის წინაშეც ის დგას.

პატივისცემით, დავით ჯანდიერი

P.S. დაზუსტებისთვის: თეა წულუკიანი გავიცანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც როგორც იურისტი გავდიოდი სტაჟირებას (კონკრეტულად ვინმეს სტაჟიორი არ ვყოფილვარ). უკეთ კი იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა გამიცნო მაშინ, როდესაც გირგვლიანის ოჯახის ინტერებს ვიცავდი ევროპულ სასამართლოში და მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი ნაძალადევის რაიონში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში,"- წერს ჯანდიერი.

პრესა.ჯი ჯანდიერს დაუკავშირდა თუმცა მან აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჯანდიერი არ საუბრობს სამომავლო გეგმებზე.

"მხოლოდ ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებით ვიფარგლები. დროებით",- აცხადებს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

0

ავტორი: