05:04:22     25-11-2013
უცნობი აკუტაგავა
ამ წერილების ადრესატები აკუტაგავას ახლობელი ადამიანები არიან, რომლებსაც მწერალი საკუთარი განცდებისა და სიკვდილის წინა განწყობის შესახებ მოუთხრობს.
წერილები აკუტაგავას შვილიშვილის სახლში ძველ საბუთებთან ერთად კარადაში აღმოაჩინეს. მათმა მფლობელმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ სიმდიდრის შესახებ, ფასდაუდებელი ხელნაწერები უკვე გადასცა თანამედროვე იაპონური ლიტერატურის მუზეუმს. წერილების შესწავლა მაშინვე დაიწყეს რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედების მკვლევარმა ფილოლოგებმა, რომლებმაც მათი აკუტაგავას კალიგრაფიასთან და წერის მანერასთან იდენტიფიკაციაც უნდა მოახდინონ.
აკუტაგავას ბიოგრაფებისთვის ცნობილია, რომ მწერალმა თვითმკვლელობამდე ექვსი წერილი დაწერა. აქამდე ცნობილი მხოლოდ ორი მათგანის შესახებ იყო და ეს წერილები დიდი ხანია ლიტერატურის მუზეუმში ინახება. დანარჩენი ოთხის ძიება კი თითქმის 90 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მათმა ადრესატებმა ავტორის თხოვნით ისინი წაკითხვისთანავე დაწვეს, თუმცა მაინც არ კარგავდნენ იმედს, რომ წერილები მაინც გადარჩა.
აღმოჩენილი ორი წერილის ადრესატი მწერლის მეუღლე იყო, ერთი აკუტაგავამ შვილებს მისწერა, მეოთხე კი კოლეგასა და ახლო მეგობარს კენ კიკუჩის. ოთხივე წერილი შავი მელნითაა დაწერილი და მთლიანობაში 200 ფურცელს შეადგენს. ჯერჯერობით ფართო საზოგადოებას მხოლოდ შვილებისადმი მიწერილი წერილის შინაარსის რამდენიმე ნაწყვეტი გააცნეს. “ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხოვრება ბრძოლაა, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება”, – ასე იწყება წერილი.
როგორც თანამედროვე იაპონური ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა პრესასთან განაცხადა, ეს წერილები მწერლის შემოქმედებითი ტალანტის საუკეთესო ანარეკლია. მათში თვითოეულ სიტყვასა თუ ფრაზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ფილოსფიური წიაღსვლებითაცაა დატვირთული. რაც მთავარია, მათი მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ, თუ როგორი სულიერი მდგომარეობა ჰქონდა აკუტაგავას თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე.
რიუნოსკე აკუტაგავას შვილიშვილმა წერილების გარდა მუზეუმს ბაბუის სხვა პირადი ნივთები და ჩანაწერებიც გადასცა. მათ შორისაა მწერალ სოსეკი ნაცუმეს წერილიც, რომელშიც იგი აკუტაგავას მოთხრობა “ცხვირის” დაწერისთვის აქებს. ეს მოთხრობა აკუტაგავას შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის, თუმცა ძალიან ცნობილია. მასში მოთხრობილია ბუდისტი ბერის შესახებ, რომელიც საკუთარი ცხვირის დიდი ზომის გამო იტანჯება.
როუნისკე აკუტაგავა 1892 წელს ტოკიოში დაიბადა. მისი დაბადება დრაკონის წლის დრაკონის დღის დრაკონის საათს დაემთხვა, ამიტომ მას რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი დრაკონს აღნიშნავს. მისი ბავშვობა და ყმაწვილობის ასაკი თითქოს ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, იგი კარგად სწავლობდა და უცხო ენებსაც ადვილად ითვისებდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ რიუნოსკე ბავშვობიდან ჰალუცინაციებითა და უძილობით იტანჯებოდა. ეს კი მომავალ მწერალს დედისგან ერგო მემკვიდრეობით, რომელსაც ფსიქიკური გადახრები და თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა. დედისგან განსხვავებით აკუტაგავას მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა – მან 1927 წელს წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო და სრულ სიმშვიდეში გარდაიცვალა.
0