12:03:27     22-11-2013
ნიკა ვაჩეიშვილი: კულტურული მემკვიდრეობის სფერო კრიზისულ ფაზაშია
კულტურული მემკვიდრეობის სფერო კრიზისულ ფაზაშია, - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი.
"კრიზისის პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როცა საქართველოს ტერიტორიაზე
ძეგლთა დაცვის რეგიონული სისტემა გაფართოების ნაცვლად დაპატარავდა და რიგი
ისტორიული მხარეები ძეგლთა დაცვითი ფუნქციით აღჭურვილი მრავალფუნქციური
ცენტრების გარეშე დარჩა (ისტორიული ხევი, თორი, ქიზიყი). ამის შემდეგ
ინსტიტუციური გამრუდების პროცესი გაგრძელდა და დეცენტრალიზაციის ჯანსაღი
პროცესის მაგივრად თბილისის ურბანული მემკვიდრეობის მუნიციპალიტეტიდან
ცენტრალურ შტოში 2003 წლის მდგომარეობით უკან დაბრუნებას ვხედავთ. ამას კი
ბუნებრივად მოჰყვა რეგიონებში ძეგლთა დაცვითი აქტიობის შენელება, ისედაც
მწირი საკადრო რესურსის არასწორი (და ეგებ არაეფექტურიც) გამოყენება.
მიზნის არქონა და თავისივე არსებობის გაურკვევლობა გამოჩნდა მაშინაც, როცა
კულტურის სამინისტრო ვერც მიხვდა კანონპროექტის შინაარსს, რომელიც მისივე
მონაწილეობით მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტმა
კი რამდენჯერმე ისე განიხილა, არც სამინისტროსთვის უკითხავს აზრი, არც
სამინისტროს გასჩენია ეს უკანასკნელი. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ატეხილმა
აურზაურმა მიახვედრა სამინისტრო პროექტის შინაარსს, რომელიც ჯერ საჯაროდ
დაიცვა, შემდეგ კი უარყოფითი რეზონანსის გამო, დაგმო (მგონი) და
საბედნიეროდ, პარლამენტიდან გამოთხოვას დაგვპირდა.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არაპროფესიონალიზმის გამო მომხდარი ამგვარი გაუგებრობა, ვეჭვობ, ხშირად განმეორდება", - წერს ვაჩეიშვილი.
0