10:45:04     22-11-2013
საახალწლო გლინტვეინი
ღვინო ჩვენი საყვარელი სასმელია, მაგრამ საახალწლოდ ვანაცვლებთ ხოლმე მას სხვა სასმელებით მეტი სიტკბოებისა თუ არომატულობის მიზეზით. ამ რეცეპტით თქვენ ღვინითვე მიიღებთ სასურველ შედეგს და ჯადოსნურ არომატს მოაფრქვევთ საახალწლოდ გაშლილ მაგიდაზე. ეს ენისჩასაკვნეტი გლინტვეინი ზამთრის სუსხიან ღამეს გულის სიღრმემდე გაგათბობთ ყველას!
გლინტვეინი
გამოდის 12 ჭიქა გლინტვეინი;
დრო მოსამზადებლად: 1 საათი და 20 წუთი.
ინგრედიენტები:
2 ცალი ფორთოხალი
2 x 750მლ წითელი ღვინო
750მლ თეთრი ღვინო
1 ცალი 7სმ სიგრძის ახალი კოჭა(ჯანჯაფილი)
3 ჩხირი დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1/3 ჭიქა (60გ) ყავისფერი შაქარი, უფრო მეტი -გემოვნებით
პირველი ეტაპი:
ბასრი დანით ან ბოსტნეულის სათლელით ფორთოხალს ფრთხილად მოაცილეთ კანი ზოლებად. შემდეგ დიდ და ღრმაძირიან ქვაბში ჩაწურეთ მათი წვენი.
იმავე ქვაბში ჩაასხით წითელი და თეთრი ღვინო. შემდეგ ჩაუმატეთ ფორთოხლის კანის ზოლები, გათლილი და თხლად დაჭრილი კოჭა, დარიჩინის ჩხირები, მიხაკი და ყავისფერი შაქარი. მოურიეთ შაქრის გასალღობად.
მეორე ეტაპი:
ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ! დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ ქვაბი 1 საათით, რომ კარგად შეზავდეს ღვინო. უფრო მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ გემოვნებით ჩაუმატოთ ყავისფერი შაქარი. ბოლოს გადაწურეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში. მიირთვით ცხლად, დატკბით და გათბით!
0