16:00:35     19-11-2013
ღარიბაშვილის მტერი N1

ახალი პრემიერი და ახალი პრეზიდენტი - პოლიტიკური რეალობა ნელა, მაგრამ მაინც სხვა კალაპოტში გადადის. მართალია, მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელი დარჩა (შს მინისტრი და პრემიერი იცვლება მხოლოდ), მაგრამ პოლიტ-გადაჯგუფებები უკვე დაწყებულია.
კოალიციაში დღეს (ივანიშვილის შემდეგ, რომელიც სამოქალაქო სექტორში მიდის) უპირობო ლიდერია ირაკლი ღარიბაშვილი. ის, თანაგუნდელებს შორის მაღალი რეიტინგის გარდა, ბიძინას დიდი ნდობითაც სარგებლობს.
ლიდერსა და რეიტინგს თუ პრემიერის ძალაუფლებასაც დავუმატებთ, მივიღებთ სახელმწიფო მოხელეს, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს.
ჯერჯერობით, ცხოვრება უკეთესობისკენ (ეკონომიკური თვალსაზრისით) არ ან უმნიშვნელოდ (ტარიფები) შეიცვალა. თუმცა, კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ, ამომრჩეველთა მოლოდინი დიდია (ეს მოლოდინი მათ ხელისუფლებამ გაუჩინა თავისი რიტორიკით - სააკაშვილი გვიშლის ხელს უკეთ მუშაობაში) და შესაბამისად, დიდია იმის ალბათობაც რომ პირველივე სიძნელეების ჟამს, კოალიციაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც „აღმოაჩენენ რომ ხელისუფლებამ პრინციპებს უღალატა“.
ალასანია - პიონერი?
შეიძლება ითქვას რომ პოლიტიკურად ყველაზე ფლიდი თავდაცვის მინისტრი ალასანიაა. ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს რომ ის „შესაბამის მომენტს ელოდება“. შესაძლოა ამიტომაც, ღარიბაშვილმა უკვე დაიწყო გარკვეული სვლების გაკეთება თავდაცვაში და ამის პირველი ნიშანი - გაერთიანებული შტაბის უფროსის შეცვლა და მისი გენ-შტაბად გადაკეთებაა.
გარდა იმისა რომ ალასანიას იმიჯი ჯარში დაბალია და ის არმიაში რეპრესიებთან ასოცირდება, დახურული ინფორმაციით, მინისტრს პრობლემები აქვს ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებითაც. თუმცა, თუ მან ოპოზიციაში გაქცევა დაგეგმა, ამის „გაპრავებასაც“ შეეცდება და თავშივე განაცხადებს რომ მასზე პოლიტიკური დევნა იწყება.
ამიტომ, ახალ პრემიერს, ფლიდ მინისტრთან არა ემოციური, არამედ რაციონალური, გათვლილი და მოგებაზე ორიენტირებული ურთიერთობა მოუწევს.
„რესპი“ და პარლამენტი
ახალი კონსტიტუციით, პრემიერს პრეზიდენტზე ბევრად მეტი უფლებამოსილება აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ის პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. ხოლო საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ბევრად უფრო ვრცლად აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ვიდრე წინა კონსტიტუციის პირობებში.
ჰყავს თუ არა, ღარიბაშვილს თავისი გუნდი პარლამენტში? „ქართული ოცნების“ წევრები იქ ბევრია, თუმცა, რეალური ძალაუფლება არა ღარიბაშვილის პარტიას, არამედ კოალიციაში შემავალ „რესპუბლიკელებს“ აქვთ (პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი).
ამიტომაც, ახალ პრემიერს ამაზე ფიქრიც მოუწევს. სავარაუდოდ, მან აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს ძლიერი საპარლამენტო გუნდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, საპარლამენტო უმცირესობასთანაც კი ითანამშრომლებს, რადგან გამორიცხული არაა რომ „რესპებს“ დამოუკიდებელი თამაშის სურვილი გაუჩნდეთ.
ეს კი, განსაკუთრებით შესაძლოა მაშინ მოხდეს, თუ ქვეყანაში სოციალური ფონი დაიძაბება ან პოლიტიკური კრიზისი დაიწყება.
მარიონეტებსაც სურთ პირველობა
საქართველოში ყველა თანხმდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად კი არა, დეპუტატადაც არ აირჩევდნენ.
მოდით პირდაპირ ვთქვათ - ის თავს მოხვეული მარიონეტია, რომელიც ხალხმა არა მისი დამსახურების, წარსულის, გეგმის, არამედ ბიძინას „ხათრით“ აირჩია.
მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი ახლა პრეზიდენტია. ავი თუ კარგი. დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული, მაგრამ მაინც მთავარსარდალი, რომელსაც მცირე, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ხელისუფლების ყველა შტოს გასაკონტროლებლად.
შესაბამისად, რაღაც ეტაპზე შესაძლოა მარიონეტსაც მოუნდეს პირველობა. სავარაუდოდ, „რესპების“ მსგავსად, „განრიდების“ ცდუნება მარგველაშვილს განსაკუთრებით გაუჩნდება პოლიტიკური კრიზისის, ეკონომიკური სტაგნაციის, სოციალური თუ კრიმინალური ფონის დაძაბვის დროს.
მტერი
ცხადია, ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლო სახელისუფლებო რისკებისა, რომლის გადატანა და პრევენცია ახალგაზრდა პრემიერს მოუწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს კოალიციის, ივანიშვილის და შესაბამისად, ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ნდობით სარგებლობს. მას ჰყავს და ეყოლება კიდეც ოპონენტები.
თუმცა, მათ გარდა, მის წინააღმდეგ, ყველაზე ბოროტი, საშიში, დაუნდობელი და ვერაგი მტერი N1 - სიღარიბე იბრძვის, რომელმაც ასე მყარად გაიდგა ფესვი საქართველოში და რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ აპირებს წასვლას.
0