„სააკაშვილი, მშვიდ ვითარებაში, მემუარების წერაში გართული ვერ წარმომიდგენია“ „სააკაშვილი, მშვიდ ვითარებაში, მემუარების წერაში გართული ვერ წარმომიდგენია“ />


  23:32:23     18-11-2013

„სააკაშვილი, მშვიდ ვითარებაში, მემუარების წერაში გართული ვერ წარმომიდგენია“

a26289.jpg

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, იმუშავოს ივანიშვილის მიერ შერჩეულ გუნდთან ერთად, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში აფასებს.

გამზარდიას განცხადებით, მინისტრების მოხსნა–არმოხსნის საკითხზე თითოეული მათგანის იმიჯის მიხედვით უნდა იმსჯელო.

არჩილ გამზარდია: ხშირად, ესა თუ ის საკადრო გადაადგილება პოლიტიკურად არასწორი სვლაა, ზოგადად მსგავსი ცვლილებები იმიჯის მიხედვით ხორციელდება, თუ ამ უკანასკნელის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლებოდა დამდგარიყო კალაძის, ხადურის, სერგეენკოს და რამოდენიმე სხვა მინისტრის საკითხი. რეალურად, როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩათვალა რომ ივანიშვილის მიერ დამტკიცებული კაბინეტი არ შეეცვალა, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო. თითქმის ყველა მათგანი სარგებლობს ივანიშვილისგან პოზიტიური შეფასებით. ამიტომ ახალმა პრემიერმა თავის ლიდერის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ამით სალაპარაკო არ მისცა თუნდაც მის ოპონენტებს.

„პრესა.ჯი“: როგორც თვითონ ახსენეთ, გუნდი, რომელიც ღარიბაშვილთან იმუშავებს, დაკომპლექტებულია პრემიერ ივანიშვილის მიერ, რომელიც პოლტიკიდან წასვლას გეგმავს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ივანიშვილს გაუჩნდეს ცდუნება ჩაერიოს მისი მემკვიდრის პოლიტიკურ დაგაწყვეტილებებში მომავალში?

-მოდით დავაზუსტებ, ივანიშვილი პოლიტიკიდან კი არა მიდის, არამედ ის მიდის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ის პოლიტიკაში რჩება თუნდაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. რაც შეეხება გავლენას, ივანიშვილის გავლენა პოლიტიკურ და საზოგადებრივ ცხოვრებაში მაღალი იყო მანამდეც, ბევრი ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძის დროს ის საკმაო გავლენით სარგებლობდა პოლიტიკურ წრეებში და ეს გავლენა შენარჩუნდა სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, მისი გავლენა იგრძნობოდეს ახალ მთავრობაშიც. ივანიშვილი არჩევს სხვა სივრცეს ამ გავლენის რეალიზებისთვის, ვიდრე პირდაპირი პასუხისმგებლობის აღებას. ისე ეძებს ბევრად უსაფრთხო გარემოს.

- გამოდის, რომ ახალმა მთავრობამ სამოქალაქო სექტორში გადასულ ივანიშვილთან კორდინირებულად უნდა იმუშავოს, რომ პრემიერი არ განაწყენდეს?

-ალბათ, საერთო ჯამში, ივანიშვილს პირდაპირი ზეგავლენის საშუალება არ ექნება ყოფილ თანაგუნდელებზე მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ მისი გავლენა დიდია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანი დიდი კაპიტალის მფლობელია. ეს კი ირიბი ზეგავლენისთვის სრულიად საკმარისია, ამ გავლენას ივანიშვილი გამოიყენებს. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ გაჩნდეს პოლიტიკის კულუარებიდან მართვის ცდუნება, მაგრამ ამის პროგნოზირება რთულია.

- გუშინ გამართულ ინაუგურაციას „ქართველი ტიტანების შერკინებას შეადარეთ, რა პლიუსები და მინისები ჰქონდა გუშინ ჩატარებულ ფიცის დადების ცერემონიალს?

- პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ  პიროვნების მანიით შეპყრობილი ღონისძიება არ იყო. არ იყო ზედმეტად პერსონიცირებული ინაუგურაცია. თუმცა, იყო ისეთი საკითხები, რაც ჩემი აზრით, არ უნდა მომხდარიყო. იყო დიდი დოზით უშინაარსობა. პრეზიდენტი არ იყო სათანადოდ მომზადებული. 

სიუჟეტურადაც არ იყო ინაუგურაციის მიმდინარეობა საინტერესო. ჩვენი, მაყურებლების ყურადღება მთავარ აქტიორზე იყო მიპყობილი, თუმცა, ეს აქტიორი თავის გამოსვლაში არ იყო დამაჯერებელი. ამას გარდა, მე ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ იმ ფაქტს რომ ამომრჩეველმა ვერ მიიღო მონაწილება ამ ღონისძიებაში. ისე გამოჩნდა, რომ საზოგადოება ამ ყველაფერთან არაფერ შუაში იყო, არადა, ამ ხალხმა მოიყვანა მარგველაშვილი ამ თანამდებობაზე. არ იგრძნობოდა აქ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ვერ გავიგეთ, რას უპირებს ახლადარჩეული პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, ოპონენტებს და ასე შემდეგ.

- რა შანსები აქვს მიხეილ სააკაშვილს მობრუნდეს ქვეყნის სათავეში, თავის გუნდთან ერთად?

- შანსები ყოველთვის არსებობს. იცით როდის არ აქვს პოლიტიკურ ლიდერსა და პარტიას, ძალაუფლების ხელში აღების შანსი? როცა მას პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს, ის ამ შანსს დღემდე ინარჩუნებს. ის არის ძალიან ენერგიული ადამიანი, სააკაშვილი, მშვიდ ვითარებაში, მემუარების წერაში გართული ვერ წარმომიდგენია. ის ძალიან ახალგაზრდაა საიმისოდ. შესაძლებელია სააკაშვილმა უფრო ფართო სივრცეში მოსინჯოს ძალები. მაგალითად, საერთაშორისო ასპარეზზე. „ნაციონალები“ არსებობენ, სხვა პარტიები მათთან მიმართებაში უფერულები არიან.

0

ავტორი: