13:56:09     15-11-2013
მჟავანაძე: პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გუნცაძის საქმიანობით

უფლებადამცველთა გაერთიანება საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს უპირისპირდება. როგორც „პრესა.ჯი“-ს ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, კოკა გუნცაძემ რკინიგზა გააუბედურა. მჟავანაძე კოკა გუნცაძისა და მისი გუნდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს.
ნიკოლოზ მჟავანაძე: კოკა გუნცაძის რკინიგზაში მოსვლის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ უკუსვლა დაიწყო. მართალია გადაზიდვებმა უმნიშვნელოდ მოიმატა, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი წინა წლებთან შედარებით. თუ წინა წლებთან გავავლებთ პარალელს, რკინიგზიდან საქართველოს ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი საგრძნობლადაა შემცირებული, რაც არაეფექტური მუშაობის შედეგია.
რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზე სრულიად დილეტანტი ადამიანები დაინიშნნენ. მათ შორისაა დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე, რომელმაც დაღუპა რკინიგზა. ამ ადამიანების წყალობით ჩიხში შევიდა ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას ვაგონშემკეთებლელ ქარხანასთან ჰქონდა. გაწყდა შპალების ქარხანასთან ურთიერთობები. შეჩერებულია რკინიგზის მომარაგება ახალი ელმავლებითა და შესაბამისი დანადგარებით.
პრესა.ჯი: კოკა გუნცაძეს შტატების გაბერვაშიც ადანაშაულებენ...
- რკინიგზის მართველობაში შტატები უპრეცედენტოდ გაიზარდა, თუ რამოდენიმე თვის წინ რკინიგზის ხელმღვანელობაში იყო 400 ადამიანი, დღეს მათი რიცხვი 1600 ადამიანია. რა საჭიროა ამდენი ადამიანი მაღალ თანამდებობაზე მაღალი ხელფასით, გაუგებარია. ყველა მათგანის ხელფასი 3 ათასი ლარიდან იწყება. ეს მაშინ, როცა უბრალო რკინიგზელის ხელფასი 400-500 ლარია, მემანქანის კი - 1000. მემანქანის ხელფასი მეტი არაფერია, თუ არა, დაცინვა. თვითონ კი გაისქელეს ჯიბეები, ვფიქრობ, რომ პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გუნცაძის საქმიანობით.
-როგორ შეაფასებდით, რკინიგზასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?
- როგორც ჩემთვის ცნობილია, პრემიერმა გუნცაძეს დათმობაზე წასვლა მას შემდეგ აიძულა, რაც ამ თემამ მასმედია მოიცვა. გუშინ ჩვენ გადავრჩით დიდ უბედურებას. გაფიცულთა ნაცვლად რკინიგზის მმართველებმა ელმავლებზე დასვეს არაპროფესიონალები. ამ ადამიანებს საერთოდ არ ჰქონდათ შეხება ამ საქმიანობასთან.
- ახსენეთ, რომ გუნცაძის საქმიანობით სამართლადამცავები დაინტერესდნენ, კონკრეტულად რაში ედავთ მის სამართალდარღვევას?
-რკინიგზაში არსებულ შესაძლო დარღვევებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. არ მინდა ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ამაზე საუბრობენ რკინიგზაში მომუშავე კვალიფიციური კადრები, რომლებიც გუნცაძემ ჩააჩოჩა და მათ ნაცვლად არაპროფესიონალები დანიშნა.
აღნიშნულ ინტერვიუს შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ ადმინისტრაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს „პრესა.გე“-ს საიტზე ნიკოლოზ მჟავანაძის გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ ოფიციალურ პოზიციას. დღეის მდგომარეობით ჩვენი კომპანია სს „საქართველოს რკინიგზასთან“ იმყოფება აქტიურ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. რკინიგზის მხრიდან მიმდინარეობს გარემონტებული/ახალაშენებული ვაგონების მიღება. შესაბამისად, აქტიურად ვთანამშრომლობთ აღნიშნული კომპანიის მენეჯმენტთან და შემდგომშიც ვაპირებთ ამ ურთიერთობის გაგრძელებას.
შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ ადმინისტრაცია."
0