13:06:03     14-11-2013
"ალასანია და ნაცვლიშვილი ხურჩის ტერაქტის "გაპრავებას" მთხოვდნენ"
რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ჟურნალისტმა "პრაიმტაიმის"პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ე.წ ხურჩის საქმეზე მცდარი აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
გოგოხიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ის მაღალჩინოსნების ვერსიას სასამართლოზე დაადასტურებდა, მას რუსეთში გაშვებას, ბიზნესს და მაღალ თანამდებობას სთავაზობდნენ.
„ისინი ჩემგან ითხოვდნენ საჯაროდ მეთქვა ტყუილი, რომ
ხურჩაში მომხდარი ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ
ქართველებმა. ლაშა ნაცვლიშვილმა მითხრა, ემა ეს გაგვიპრავე, შენ ხარ
ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად აშუქებს რუსეთის თემას და ბოლო მოვლენებს,
ამიტომ სანდოობა საზოგადოების იქნება მაღალი, ასევე საქმისთვის თქვენი
ჩვენება იქნება მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი, ეფექტიანი. ის ითხოვდა
მეთქვა, თითქოსდა ჩემთან წინასწარ იყო შეთანხმებული ტერაქტის დეტალები,
თითქოსდა წინასწარ იყო ჩემთან შეთანხმებული ტერაქტის ადგილი, სადაც იდგა
შტატივი და კამერა და თითქოს მქონდა დავალება კადრში მომეხვედრებინა
ავტობუსის აფეთქება“, - განაცხადა ემა გოგოხიამ.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ შეხვედრები კონსპირაციულ ბინაში შედგა. დამატებით
დეტალებზე საუბრისგან გოგოხიამ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სრული
სიზუსტით ამ საკითხზე სასამართლოზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია დააკავეს.
0