16:49:11     11-11-2013
მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისში, მოწმეთა კურიოზული განცხადებების ფონზე მიმდინარეობს

„მითხრეს, ივანიშვილმა რომ დააყენა ანტენები, მოგვიტანე ინფორმაცია, ვინ დააყენაო. მე, როგორც სტიქროსანმა, ამაზე უარი ვთქვი, თუმცა 240 ლარი ავიღე,“ – მსგავსი კურიოზული განცხადება გააკეთა, ქუთაისის სასამართლოში პროკურატურის მოწმე ბუხუტი ფხალაძემ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა, ამ წუთებშიც, გრძელდება. ამ დროისათვის, ბრალდების მხარის 10 მოწმეა დაკითხული, რომლებიც ჩვენებებში აცხადებენ, რომ მათი ნაწილი „ნაციონალების“ აგიტატორობას, მათ პარტიულ ღონისძიებებზე დასწრებასა და პარტიული მასალის დარიგებას ახორციელებდა, რისთვისაც ანაზღაურების სახით 240 ლარი აიღეს. მოწმეთა ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ანაზღაურება აიღო, თუმცა არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია.
დაკითხულები ირწმუნებიან, რომ მათ დასაქმების პროგრამის შესახებ ან ახლობლებისგან ან კიდევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირებისაგან გაიგეს. დაცვის მხარემ ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულების წარდგენა მოითხოვეს. წამოდგენილი მოწმეებიდან 5-მა მათგანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი სახლში წაიღეს, თუმცა შემდეგ დაეკარგათ. ერთ-ერთმა მოწმემ, ბუხუტი ფხალაძემ კი განაცხადა, რომ მას ხელშეკრულება არ გაუფორმებია და მოგვიანებით აღმოაჩინა დოკუმენტი, რომელზეც მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული.
ზესტაფონის მკვიდრმა ირმა ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 240 ლარი აიღო, თუმცა არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია. „აღებული ფულით შვილებს წიგნები ვუყიდე,“ - განაცხადა მოწმემ. მოწმე გოჩა დოხნაძემ დაკითხვაზე განაცხადა, რომ შემთხვევით გაიგო დასაქმების პროგრამის შესახებ და „ნაციონალების“ შტაბში ნასვამი მივიდა, რის გამოც არც ხელშეკრულების პირობებისა და არც მისი მოვალეობების შესახებ არაფერი ახსოვს. „ნასვამი ვიყავი და არ მახსოვს რა მითხრეს. ზუსტად არ მახსოვს რაზე მოვაწერე ხელი. ქუთაისში იყო შეხვედრა ბიძინა სააკაშვილთან. იქ ვიყავი. სხვა დავალება არ ყოფილა. ჯიბით მხოლოდ პირადობის მოწმობას ვატარებ. ხელშეკრულება არ მაქვს,“ - გაანცხადა დოხნაძემ.
0