სალომე ღვინიაშვილი: "ინგლისში ზურასთან წყნეთიდან მზესუმზირა მიმაქვს" სალომე ღვინიაშვილი: "ინგლისში ზურასთან წყნეთიდან მზესუმზირა მიმაქვს" /> "/> " />


  12:19:38     29-01-2011

სალომე ღვინიაშვილი: "ინგლისში ზურასთან წყნეთიდან მზესუმზირა მიმაქვს"

a3305.jpg

მოდელი და ინგლისში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ცოლი, სალომე ღვინიაშვილი, მშობლიურ თბილისს წელიწადში ორჯერ სტუმრობს – ზამთარსა და ზაფხულში. ამჯერად თბილისური არდადეგები უფროსი შვილის, 12 წლის დათუნას დაბადების დღეს დაამთხვია. აპირებდა გუდაურში დასვენებას, მაგრამ თოვლის ნაცვლად ყველაზე დიდი სიამოვნება თბილისური მზით მიიღო.

სალომე ღვინიაშვილი და ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი უკვე ხუთი წელია ცოლ–ქმარი არიან. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ – 4 წლის ტასო და 2 წლის ნიტა. აქამდე წყვილი მანჩესტერში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ კი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს და ლონდონთან ახლოს, ქალაქ რედინგში გადავიდნენ.

"სარკესთან" შეხვედრაზე სალომე კარგ განწყობაზე მოვიდა. უხაროდა, რომ იანვრის სუსხიანი ამინდის მიუხედავად, გარეთ მზე იყო, ეს კი ინგლისში ყველაზე მეტად ენატრება და საუბარიც აქედან დავიწყეთ.

სალომე ღვინიაშვილი:

– ბედნიერებაა, როცა ყოველ დილით ფანჯარაში მზეს ვხედავ. ინგლისში მზის ყველაზე დიდი დეფიციტი მაქვს. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, ყოველ დილით ნაცრისფერ ცას ხედავდე. ახლა, რაც ლონდონთან ახლოს, რედინგში გადავედით საცხოვრებლად, კიდევ არა გვიშავს. მანჩესტერში სულ ნაცრისფერი ცა და მოჟამული ამინდი იყო.

– ამინდი ასე მოქმედებს თქვენზე?

– იმდენად მივეჩვიე, რომ ჩემს განწყობაზე უარყოფითად აღარ მოქმედებს, მაგრამ, დამიჯერეთ, თბილისში სულ სხვანაირი მზეა!

– მზის გარდა, კიდევ რა გენატრებათ ყველაზე ძალიან თბილისური ცხოვრებიდან?

– მეგობრები. იქაც ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ, ბუნებრივია, მათთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, როგორც აქაურებთან. აქ დილიდან იწყებენ რეკვას და საღამოს მხიარულად გატარებას ვგეგმავთ.

– რა თვისებები შეგძინათ ინგლისურმა ცხოვრებამ?

– თბილისში ყოველთვის სალომე ღვინიაშვილი ვარ. ყურადღების ქვეშ ვექცევი, ხან გადაცემაში მიმიწვევენ, ხან ინტერვიუზე მოდიან. ამიტომ თბილისში ნაკლებად ვიცლი ბავშვებისთვის. მაგალითად, მარტივი შედარებისათვის გეტყვით, რომ თბილისში სადილს არასოდეს ვაკეთებ, ინგლისში კი – ყოველთვის. გამოდის, რომ იქ ოჯახური ცხოვრება მაქვს, თბილისში კი საქმიანი და აქტიური ქალი ვარ.

– საცხოვრებელი ადგილი რატომ შეიცვალეთ? მანჩესტერიდან რედინგში რატომ გადახვედით?

– ზურა "განათხოვრებულია" ერთი წლით სხვა კლუბში და ამის გამო საცხოვრებელი შევიცვალეთ. ორი წელი დამჭირდა, რომ მანჩესტერის ცხოვრების სტილისთვის ალღო ამეღო და შევჩვეოდი, გამეჩინა მეგობრები, გავრკვეულიყავი ექიმებში, რადგან როცა სამი შვილი გყავს, მუდმივად გიწევს კლინიკებში სირბილი. როცა კარგად მოვერგე ამ ქალაქს, სწორედ მაშინ მომიწია საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. ამჯერად ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ლონდონიდან ნახევარი საათის სავალზე ვართ. იქ ბევრი ქართველი მეგობარიც მყავს და ეს უფრო გამიადვილებს ცხოვრებას.

– როგორია თქვენი ახალი საცხოვრებელი ინგლისში?

– ძალიან წყნარ ადგილას, ბუნებაში ვცხოვრობთ. დედაჩემი რომ იყო ჩამოსული, გამიგიჟდა, ადამიანს ვერ დაინახავ ფანჯრიდანო. საკუთარი სახლი გვაქვს, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ.

– ფეხბურთელის ცოლობის სირთულე ასეთ მომთაბარე ცხოვრებაშია თუ სხვა პრობლემებიც არის?

– არა, სხვა სირთულეებიც ახლავს. მაგალითად, როცა ბავშვს ელოდები, მშობიარობის დრო მოვიდა და ამ დროს შენი ქმარი სპორტულ შეკრებაზეა. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი კარგიც არის. ხანმოკლე განშორებები, მონატრებები ურთიერთობას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. მთავარი სირთულე კი ისაა, რომ ცხოვრობ საზღვარგარეთ და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. თბილისში როცა ვარ, ბევრ პასუხისმგებლობას დედაჩემი და დედამთილი ინაწილებენ.

– 5 წლის წინ, როდესაც ზურა ხიზანიშვილთან ოჯახს ქმნიდით, რა გეჩვენებოდათ ყველაზე დიდ სირთულედ და ამ ხნის განმავლობაში რა ეტაპები გადალახეთ?

– აბსოლუტურად გააზრებული მქონდა, რომ ზურას თუ გავყებოდი ცოლად, უცხო ქვეყანაში მომიწევდა ცხოვრება. ინგლისში შეგნებულად ვთქვი უარი, რომ მოდელად ან ჩემი პროფესიით, დიზაინერად მემუშავა და სახლში დავჯექი. ჩემი კარიერა გადავდე იქამდე, სანამ ზურა ფეხბურთს მორჩება. ფეხბურთელს ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება. მას თავისი რეჟიმი აქვს და, როგორც შენ გინდა, ისე ვერ იცხოვრებ. თუნდაც ახალი წელი ავიღოთ. ეს დღესასწაული ჩვენთვის არ არსებობს. წელს, პირველ იანვარს, ზურას თამაში ჰქონდა. ასეთ ვითარებაში რომელიმემ უნდა დათმოს.

– ადრე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდით, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, ვინმეს გამო კარიერა დაგეთმოთ..

– მაშინ პატარაც ვიყავი. პირველად 16 წლის ასაკში გავთხოვდი. ამ ასაკში ძნელია, სრულად აღიქვა, რა არის ოჯახი. ახლა პატარა აღარ ვარ. ბევრს დღესაც ვერ ვაჯერებ, რომ ბევრ საოჯახო საქმეს თავად ვაკეთებ. ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა და მკითხა, რას აკეთებო. როცა ვუთხარი, საცივს–მეთქი, არ დამიჯერა. არადა თავიდან ბოლომდე დიასახლისი ვარ.

– ბევრი თქვენი თანატოლი სამი შვილის გაჩენისგან თავს შეიკავებდა.

– ჩემი სურვილი იყო, სამი შვილი მყოლოდა. არ მესმის, რატომ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ ამდენი შვილი მყავს. სხვათა შორის, ჩემ გარშემო სამი შვილი იშვიათობა აღარ არის, ხიზანას ძმის ცოლმაც გააჩინა მესამე შვილი.

– ალბათ სამივე შვილის დაბადებას სხვადასხვა ემოცია მოჰყვა.

– დათუნა რომ გავაჩინე, 17 წლის ვიყავი, მაგრამ არ მქონია ის მომენტი, რომ შვილად ვერ აღვიქვი. ზოგი შვილს დედას ვერ ეძახის, მე გაუცხოების მომენტი არ მქონია. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, შვილის სიყვარული უკვე ვიცოდი. მესამე შვილზე კი, უბრალოდ სულ სხვა, ენით აუწერელი ემოციები მქონდა. ძალიან ძნელია, ქალმა ახსნა სიტყვებით ის ემოციები, რაც შვილების დაბადებას მოაქვს. ძალიან მიყვარს ბავშვები. ჩვილს რომ ვხედავ, ვგრძნობ, რომ სახლში ახალდაბადებული ბავშვი მომენატრა. მეგობრები მეუბნებიან, შენ სამზე არ გაჩერდები, კიდევ გააჩენო.

– ძნელია სამი შვილის აღზრდა?

– არც ისეთი ძნელია, უბრალოდ სამი შვილი დიდი პასუხისმგებლობაა. ადრე შეიძლება ჩემი თავისთვის პარაშუტით გადახტომის უფლება მიმეცა, ახლა სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ.

– ფეთიანი დედა ხართ თუ მშვიდი? მაგალითად, როდესაც რომელიმე ბავშვს სიცხე აქვს, თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ?

– ხშირად ვეკითხები მეგობრებს, თქვენც ასე ნერვიულობთ, როცა ბავშვი ავად არის–მეთქი. ამ დროს ჩემს თავს არ ვეკუთვნი, იმდენად ვნერვიულობ, ხიზანა მაშაყირებს ხოლმე. რამდენჯერ ბავშვს გამოაყრის ან სიცხეს აძლევს, მაშინვე საავადმყოფოში გავრბივარ. ზურა მეუბნება, შენ მაგივრად მე მრცხვენია, ამდენს რომ დარბიხარ საავადმყოფოშიო. ჯობია, იყო ჩემნაირი გიჟი დედა, ვიდრე რაიმე გამოგეპაროს და შემდეგ გართულდეს.

– ალბათ ძნელია სამი შვილის გაზრდა ძიძების გარეშე, თუმცა ბევრი თვლის, რომ ბავშვი მხოლოდ დედამ უნდა გაზარდოს.

– არა, მე ასეთი რადიკალური არა ვარ. ჩემი პირველი შვილი, დათუნა, დედაჩემმა გაზარდა. ახლაც დათუნა ხშირად არის თბილისში. პატარებს ჰყავთ ძიძები, არ მაქვს იმაზეს გართულება, რომ სადილი მაინცდამაინც ბავშვებს მე უნდა გავუკეთო. ვფიქრობ, აუცილებელია, ბავშვების გაზრდაში ვინმე მოგეხმაროს.

– სიმკაცრის გამოვლენა რამდენად გიწევთ შვილებთან?

– ძალიან მინდა, კომპიუტერი ავუკრძალო, მაგრამ არ გამომდის. ისეთი სახით მთხოვენ, რომ ბოლოს მაინც ვთანხმდები. პატარას კი, რაც უნდა გააკეთოს, ვერ ვუბრაზდები. ამ დროს ისეთ სახეს იღებს, რომ ვეღარაფერს ვეუბნები.

– როცა თქვენი პოპულარული ოჯახი საქართველოში ჩამოდის, ირგვლივ რა დამოკიდებულებას გრძნობთ?

– გაოგნებული ვარ იმით, რომ ზოგჯერ ხალხი ცდილობს, შენი ბედნიერი ოჯახისაგან პრობლემები შექმნას. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე და ალბათ ყველას არ ეხება, მაგრამ ქართველ ხალხს არ მოსწონს, როდესაც ბედნიერი ხარ. უნდათ, რომ პრობლემები არსებობდეს ყველა ოჯახში, ისეთ ჭორებს და ისტორიებს იგონებენ, რომ მოსმენაც კი უსიამოვნოა. თუმცა ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებს და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. ვცდილობ, ყველაფერს იგნორირება გავუკეთო, ყოველ შემთხვევაში, გულთან არ მიმაქვს. უბრალოდ არ მესმის იმ ხალხის, რატომ უნდათ ამის გაკეთება.

– რა არის თქვენთვის მთავარი ოჯახური ღირებულებები?

– ურთიერთობა, ნდობა და სიყვარული. როცა არსებობს მყარი ურთიერთობა, როდესაც ცოლ–ქმარი ერთად წყვეტენ ნებისმიერ საკითხს, მაშინ ისინი ნებისმიერ პრობლემას ერთად ადვილად გაუმკლავდებიან. არ არსებობს ჩვენს ურთიერთობაში ისეთი რამ, რაზეც მე ან ზურამ ცალ–ცალკე გადაწყვეტილება მივიღოთ.

– ზურა როგორ გამოხატავს ცოლის მიმართ ყურადღებას? როცა უნდა გასიამოვნოთ, რას აკეთებს?

– სხვათა შორის, ახლა უფრო მეტად მანებივრებს, ვიდრე ადრე, თუნდაც შეყვარებულობის დროს. სულ იმაზე ფიქრობს, რომ თავი კარგად ვიგრძნო, მუდმივად სიურპრიზებზე ფიქრობს. ხშირად მჩუქნის საჩუქრებს, მეუბნება, როცა მენატრები, მინდა, რომ რაღაცეები გიყიდოო. მაგალითად, წინა თბილისური არდადეგების შემდეგ რომ დავბრუნდი, სახლში ორი ჩანთა და ფეხსაცმელი დამახვედრა. ყოველთვის იცის, რა მინდა.

– თქვენ რას წაუღებთ თბილისიდან?

– მზესუმზირას. დამაბარა, მზესუმზირა მიყიდეო. წყნეთში ერთი ქალი ყიდის და მზესუმზირა ყველაზე მეტად ენატრება. ქართულ ჟურნალებსაც წავუღებ.

– პოდიუმი გენატრებათ?

– კი და ამ მონატრებას ხანდახან ვიკმაყოფილებ კიდეც. შემოდგომაზე, როცა "ჯორჯიან ფეშენ ვიკი" ტარდებოდა, ორი დღით მეგობრის ქორწილისთვის ჩამოვედი და, მეგობრების თხოვნით, პოდიუმზეც აღმოვჩნდი. როცა არის შანსი, რომ გამოვიდე, უარს ვერ ვამბობ. მოდელობას ჩემთვის მაინც დიდი ხიბლი აქვს, მიყვარს ის მომენტი, როცა პოდიუმზე გავდივარ.

– პროფესიით დიზაინერი ხართ. როდის აპირებთ ამ კუთხით განვითარდეთ?

– ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან ზურას კარიერიდან გამომდინარე, არ ვიცი, სტაბილურად სად ვიცხოვრებთ. როცა ზურა ფეხბურთს თავს დაანებებს, ჩემს კარიერაზე ფიქრს მაშინ დავიწყებ. მანამდე კი მთლიანად ბავშვებზე ვიქნები გადართული. როცა საბოლოოდ დავბინავდებით და გვეცოდინება, სად არის ჩვენი ნამდვილი სახლი, მაშინ იმის საშუალებაც მექნება, რომ საკუთარ პროფესიას მივხედო.

– და როგორ ფიქრობთ, სად იქნება თქვენი სახლი?

– არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ წლების შემდეგ თბილისშიც დალაგდება მოდის სფერო. ახლა თბილისურ მოდაში საგიჟეთია, ძალიან ბევრი დიზაინერია, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს. არც ეს ორი მოდის კვირეულია საჭირო. ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება და მერე მეც გამოვჩნდები, მაგრამ უკვე დიზაინერის ამპლუაში.

Sana.ge

0

ავტორი: