12:17:37     29-01-2011
ია შუღლიაშვილმა მომავალი ქმარი ოთხი წლის ასაკში გაიცნო
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ცნობილი მომღერლის, ინოლა გურგულიას ქალიშვილი, ია შუღლიაშვილი, თავადაც შესანიშნავად მღერის. სიმღერის სიყვარულმა გააცნო მომავალი მეუღლეც. მუსიკოს თემურ მაისაშვილთან სიმღერის არანჟირებისთვის მივიდა, ცოტა ხანში კი მათ შორის გრძნობაც გაჩნდა. ია ორი ვაჟის, დავითისა და ანდრიას დედაა. დავითი 22 წლისაა, ანდრია – 5–ის. ისინი სხვადასხვა მამის შვილები არიან.
ია შუღლიაშვილი: ჩემსა და თემურს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა. როცა მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას გადაღებებზე დავყავდი, თემური უკვე ახალგაზრდა კაცი იყო. პირველად 4 წლის ასაკში მნახა, როცა ვმღეროდი.
თემურ მაისაშვილი: გადაცემა "იავნანას" ჩაწერაზე ვნახე პირველად 4 წლის ია და იქიდან დამამახსოვრდა. ინოლას ორივე შვილი იქ იყო და მომეჩვენა, რომ ძალიან ცელქები იყვნენ.
ია: მორცხვი არ მოგეჩვენე? ძალიან მორცხვი ვიყავი.
თემური: არა, ეტყობა, მაშინ დათოს (იას ძმა. ავტ.) აჰყევი. ძალიან საყვარლები იყავით. წლების მერე ერთმა ნაცნობმა მითხრა, იას სიმღერის გაკეთება უნდაო.
ია: მინდოდა, "ქარი კვლავ არხევს" გამეკეთებინა, მაგრამ ვერავინ ვიპოვე, ვინც ისე სრულყოფილად გააკეთებდა, რომ მისი მღერა გამებედა.
თემური: მეც შემეშინდა ამ სიმღერისთვის ხელის მოკიდება. ვფიქრობდი, იქნებ ვერ გაამართლოს და ისე ვერ იმღეროს, როგორც დედამისი მღეროდა–მეთქი.
ია: რომ შევხვდით და დამიკრა, არ გამართლდა ის შიში, რაც მანამდე გვქონდა. ორივეს მოგვეწონა ერთმანეთი და მერე ამის დამუშავება დავიწყეთ.
– მაშინ ჯერ კიდევ გათხოვილი იყავით?
ია: არა, უკვე გაცილებული ვიყავი ქმარს.
თემური: თავიდან ისე არ დამმართნია, რომ მეთქვა, ეს ის არის–მეთქი. კარგი გოგო იყო, კარგად მღეროდა და მეც კარგად ვიგრძენი თავი. მერე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა შემოქმედების თვალსაზრისით.
ია: მომღერალი არ ვარ, მაგრამ მიწევს ხოლმე სიმღერა და ფაქტობრივად სულ თემური მიკეთებდა და მიკეთებს ფონოგრამებს. დაოჯახება 10 წლიანი ურთიერთობის მერე გადავწყვიტეთ. ამიტომაც გვყავს ძალიან პატარა ანდრია. თემურს მანამდე ოჯახი არ ჰქონია, მე მელოდებოდა.
თემური: თავიდან იას ბიჭთან ურთიერთობა მომეწონა. დათო მაშინ 6 წლის იყო. ცუდად არ მღეროდა, მაგრამ ია ამბობდა, ისე არ მღერის, რომ სცენაზე გამოვიყვანოო. ეს მიდგომა მომეწონა. ზოგიერთების შვილებს სმენა არ აქვთ, სიმღერა არ იციან და მაინც ამღერებენ.
– პატარა ანდრია მღერის?
თემური: არა.
ია: ახლანდელი ბავშვები უფრო ტექნიკური რამეებით არიან დაინტერესებული. ანდრია რაღაცეებს ძერწავს, აშენებს. სიმღერა და ტაშ–ფანდური არ უყვარს.
თემური: თუმცა შესანიშნავი რიტმის გრძნობა აქვს, შესანიშნავი ინტონაციური აღქმის და იმიტაციის უნარი. სიმღერის მოთხოვნილება არ აქვს. ბიძინა კვერნაძეს არასოდეს უმღერია, არ მღერის ნიკა მემანიშვილი, გია ყანჩელი და ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ...
– თქვენ მღერით?
თემური: ვმღეროდი, მაგრამ ხმის არასრულფასოვანი ხარისხის გამო ვერიდებოდი.
ია: შინაურულად ვმღერით ხოლმე. თემური ანსამბლ "ბერიკონის" ერთ–ერთი ხელმძღვანელი იყო და თითქმის ყველაფერს აკეთებდა. არც თემურია პროფესიით მუსიკოსი, არქიტექტურული აქვს დამთავრებული. ბოლოს მაინც მუსიკა აირჩია.
თემური: გასული საუკუნის 80–იან წლებში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, მაგრამ ვერ შევათავსე, რადგან საზღვარგარეთ გასტროლებზე სიარული მერჩია. ახლა არქიტექტორებში მუსიკოსი ვარ და მუსიკოსებში – არქიტექტორი.
ია: ახლა ანდრიას რომ ეკითხებიან, ვინ უნდა გამოხვიდეო, ამბობს, არქიტექტორი უნდა ვიყო და მუსიკა ვწეროო.
– თქვენს ოჯახში ალბათ სულ მუსიკისა და სიმღერის ხმა ისმის.
ია: კი, ასეა. მართალია, თემო ყურსასმენებით ისმენს და ისე აკეთებს...
თემური: დაოჯახებამდე უფრო თამამად ვისმენდი ხმამაღლა, როცა ახალ მუსიკას გავაკეთებდი. ახლა ოჯახსაც ვუწევ ანგარიშს და თანაც ვცდილობ, მეზობლებიც არ შევაწუხო. ჩემი პირველი მსმენელი იაა. დეტალებსაც მისწორებს ხოლმე. ნანა ჯანელიძე მიუზიკლს აკეთებდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ნანას შავად რომ მოესმინა, იას შევასრულებინე და ასევე დარჩა.
– ქმარს მომღერალი ია უფრო მოსწონს თუ მსახიობი?
თემური: ორივე.
ია: ვუყვარვარ! სიმღერით უფრო ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, ვიდრე ნათამაშევი როლებით. ამ ბოლო დროს, რაც სერიალში, "გოგონა გარეუბნიდან" გამოვჩნდი, უფრო პოპულარული გავხდი, თორემ ყველა სიმღერით მიცნობდა. თეატრში როლები მქონია, მაგრამ ბევრი არაფერი შემიქმნია. სიმღერა ღვთის ბოძებულია და გულსა და სულს ვაქსოვ.
– დედა ადრე გარდაგეცვალათ. კარგად გახსოვთ მასთან ურთიერთობა?
ია: კი, კარგად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა, მასთან ერთად გატარებული ბევრი კარგი დღე მახსოვს. დედა ძალიან დაკავებული იყო და შაბათ–კვირას ქალაქგარეთ მივყავდით ხოლმე. იქ გვასწავლიდა სიმღერებს თუ ცხოვრებისეულ რაღაც დეტალებს. ინოლა ხშირად გვამღერებდა და ხმებში გვაშლევინებდა. ეს არის ვარჯიში, რასაც ანდრიასთან ვერ მივაღწიე, რადგან თუ არ ამღერე, ვერც მიხვდება, როგორ გაასწოროს ბგერა. ჩვენ კი სტუმრად მივდიოდით, ვმღეროდით, ჩვენთან მოდიოდნენ, ვმღეროდით. ქუჩაში, ტრანსპორტშიც კი გვამღერებდა ინოლა. ცოტა გვრცხვენოდა, მაგრამ უცბათ რაღაც მოუვიდოდა თავში და შენ ეს იმღერე, შენ – ესო, დაგვავალებდა ხოლმე მე და ჩემს ძმას. ერთხელ სამარშრუტო ტაქსში ვისხედით, ჩვენ წინ ორი ბიჭი იჯდა. თურმე ადრე უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ჩვენ გამო დარჩნენ. ჩუმად, მოგუდულად ვღიღინებდით, მაგრამ გვითხრეს, ისე ტკბილად მღეროდით, ვეღარ ჩავედითო. ხალხი გატრუნული გვისმენდა. მე კი მახსოვს, როგორ მრცხვენოდა, იქნებ არ სიამოვნებთ–მეთქი. დედა არ გვაძალებდა, ისე გვეუბნებოდა, უარს ვერ ეტყოდი. როცა მივხვდი, რომ ხალხს ჩვენი სიმღერა სიამოვნებდა, გავლაღდი.
– სერიალის პერსონაჟი ახლოსაა თქვენს ხასიათთან?
ია: კი, ძალიან ახლოსაა, თუმცა უფრო მეტად გამოვხატავ სიმორცხვეს.
– ბატონო თემურ, თქვენ, როგორც მაყურებელს, გინდათ, იას გმირს სერიოზული თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს და სერიალის შინაბერად არ დარჩეს?
თემური: თუ კარგად მიაწოდებენ მაყურებელს, კარგი იქნება. ხალხს მოსწონს ეს სერიალი. იქ ინტრიგებიც არის, მოულოდნელობებიც... სცენარისტები მშვენივრად ართმევენ ყველაფერს თავს. თურმე ხალხის გარკვეული ნაწილი მართლა მიჯაჭვულია ამ სერიალს.
ია: მე ვიღაცასთან რომანს საქმიანი, სამსახურებრივი ინტრიგები მირჩევნია.
– ხალხი ხშირად პერსონაჟს რეალობასთან აიგივებს. შინაბერას იმიჯმა თაყვანისმცემელი მამაკაცები ხომ არ გაგიჩინათ?
ია: ვიცი, ბევრი წუხს, რომ არაფერი გამომივიდა იმ მამაკაცთან და იმ "საზიზღარმა" სხვა არჩია. ღელავენ, თუ რა ბედი მეწევა სიყვარულის მხრივ.
"ფეისბუქში" მწერენ, თქვენი გაცნობა, თქვენთან შეხვედრა გვინდაო. რა მიზნით მთხოვენ შეხვედრას, აღარ ვიცი, რადგან უპასუხოდ ვტოვებ და ვერ ვიგებ, იმის იქით რას ფიქრობდნენ. თემო, მგონი, ამაზე არ იეჭვიანებ, ხომ? ხომ იცი, ეგეთი რამეები არ მაინტერესებს, რადგან თბილი, ტკბილი ოჯახი მყავს და მორჩა!
– არის ეჭვიანი ბატონი თემური?
ია: არა, რადგან ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა მეორე მხარე ამის საბაბს იძლევა.
თემური: ცოტა ეჭვი მღრღნის ხოლმე, როცა სპექტაკლებზე, გადაღებებზე დადის, რადგან ვთვლი, რომ თავისი საქმე უფრო უყვარს, ვიდრე მე.
ია: ასე მეც ვეჭვიანობ შენს საქმეზე!
თემური: მე მთელი დღე სახლში ვმუშაობ, არსად მივდივარ.
ია: ყურადღებას რომ არ გვაქცევ! არა უშავს, საქმეზე ეჭვიანობა შეიძლება.
– ბატონო თემურ, როგორ შეაფასებთ თქვენი ცოლის დიასახლისობას?
თემური: გადასარევად! დედაჩემიც შესანიშნავი დიასახლისი იყო. მას მხოლოდ ორჯერ დავუწუნე კერძი. იასთვის კი ჯერჯერობით არაფერი დამიწუნებია.
ია: დედა პატარაობიდან მაჩვევდა საქმეს. მახსოვს, 4 წლის ვიყავი, ჭურჭლის ნიჟარასთან სკამზე მაყენებდა და ისე ვრეცხავდი. მართალია, მერე ისევ თავიდან რეცხავდა იმ ჭურჭელს, მაგრამ მაჩვევდა. დედა რომ გარდაიცვალა, ორი წელი, სანამ მამა მეორე ცოლს შეირთავდა, სკოლიდან რომ მოვდიოდი, ოჯახს ვუვლიდი. მერე ჩემი დედობილისგან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან უფრო მეტი დრო ვიცხოვრე, ვიდრე ინოლასთან. მასაც გემრიელი ხელი ჰქონდა და კარგად უვლიდა ოჯახს. ცხოვრებამ მასწავლა ყველაფერი.
თემური: პიურეც კი გემრიელი გამოსდის. თითები, თითები აქვს სხვანაირი და ისინი ხომ მონაწილეობს კერძის გაკეთებაში.
ია: თითები არა, კოვზი მონაწილეობს. განწყობასა და ხელზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივად ვაკეთებ. კარტოფილს ვთლი, დაჭრილს ვყრი ქვაბში, მარილს ვაყრი, წყალს ვასხამ და ასე იხარშება. რომ მოიხარშება, მერე ვდებ კარაქს და კარგად ვჭყლეტ. სხვასაც გაუკეთებია ასე, მაგრამ უთქვამს, ასეთი გემრიელი მაინც არ გამომდისო და ალბათ განწყობის ბრალია.
– თქვენს ოჯახში ყველაზე ხშირად რა თემაზეა კამათი?
ია: ანდრიაზე. როცა გვაბრაზებს, თემო მე მაწყნარებს, მე – თემოს. როცა მე ვაძლევ შენიშვნას, თემოც უმატებს და ბავშვი შეშინებული გვიყურებს ხოლმე – ვინმე მაინც გამომესარჩლეთო. ამაზე ვბრაზდები. თემოს ეს ემოციურად მოსდის და მერე ხვდება, რომ ცოტა უნდა შევარბილოთ. ანდრია ძალიან ცელქია და იმიტომ გვაქვს ეს ამბავი.
თემური: დავინიშნე, რამდენ ხანს გაუძლებდა ახალი სათამაშო. მხოლოდ 25 წამი ითამაშა და გატეხა. კომპიუტერის მაგიდა გავაკეთებინე და სანამ დავაყენე, კომპიუტერი ავაწყვე, რაღაც მოაგლიჯა მაგიდას. ორივეს გვგავს ხასიათითაც და გარეგნობითაც. ახლობლები ხუმრობენ, წელზემოთ დედას ჰგავს, წელქვემოთ – მამასო.
– ია, როცა ქალს ოჯახი ენგრევა, მეორეს შექმნა ცოტა რთულია ხოლმე. რითი დაიმსახურა ბატონმა თემურმა თქვენი ნდობა?
ია: პირველ რიგში, ადამიანობით. ყურადღებიანია, ერთგული. ქალმა უნდა იგრძნო, რომ მამაკაცისთვის ძვირფასი ხარ. ადამიანს პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე უკვე კარგად ვცნობ ხოლმე. ოჯახი რომ შევქმენით, უკვე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს.
– პირველად შეცდომა დაუშვით?
ია: შეცდომას ვერ დავარქმევ. ალბათ უფრო პატარა ასაკის ბრალი იყო და არ შედგა ურთიერთობა. თემურიც იცნობს დათოს მამას, ის კარგი პიროვნებაა, გოგა თავაძე – რეჟისორი, თავისი საქმის კარგი მცოდნე. მაშინ პატარები ვიყავით. მშობლებზე დამოკიდებული რომ ხარ, ურთიერთობები ვერ გამოდის.
– უფროსი ვაჟი, დათო რას საქმიანობს?
ია: ეკონომიკური დაამთავრა და "საქართველოს ბანკში" მუშაობს. თავისი მუსიკალური ჯგუფი ჰყავს და ზოგ კონცერტზეც გამოდის. ფლეიტაზე უკრავს. მამამისი, გოგა თავაძე, თეატრის რეჟისორია, მაგრამ არ ვურჩიეთ, მსახიობი გამხდარიყო, რადგან ცოტა დაუფასებელი პროფესიაა.
თემური: გოგას სპექტაკლებს დავსწრებივარ, მშვენივრად გამოსდის. თვითონაც მოსწონს ჩემი შემოქმედება.
ია: ერთად ვიყავით რაღაც გადაცემაში – მე ვმღეროდი, თემო უკრავდა. გოგამ ნახა და ჩვენს ბიჭს უთხრა, რა მაგარი ყოფილა თემურიო. ასე ასხამენ ერთმანეთს ხოტბას. გოგას სპექტაკლს ვარჩევდით და გვითხრა, რაღაც ერთად გავაკეთოთო. ვშაყირობდი, აბა, რა, შენ რეჟისორი, თემო მუსიკას დაწერს, მე აგერ, მსახიობი და რაღა გვინდა–მეთქი.
Sana.ge
0