16:51:05     30-10-2013
მამრაძე: ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევაა, სააკაშვილს მის სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის

მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროსს პეტრე მამრაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ექს–პრემიერი ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მამრაძე ამბობს, რომ გამოძიება ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არა მკვლელობას, არამედ მათი გარდაცვალების შემდეგ მომხდარი ჩარევით უნდა დაინტერესდეს. მამრაძე ასევე დარწმუნებულია რომ ჟვანიას მსგავსად, რაულ უსუპოვიც გაზით გაიგუდა.
ყოფილი პარლამენტარის განცხადებით, აღნიშნული პიროვნებების გარდაცვალების შემდეგ მოხდა „დიდი დანაშაული“. მამრაძე ირწმუნება, რომ უსუპოვის ცხედარი გაიტანეს და მოგვიანებით, უკანვე დააბრუნეს.
პეტრე მამრაზე: ჩემთ ხელთ არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და ოფიციალური დასკვნა ასახავს ამ რეალობას. უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილი ჰქონდა უხეშ ჩარევას. არავინ უარყოფს იმას, რომ ჭურჭელზე, რომელიც იქ იდო, ბოთლები, ჭიქები, ანაბეჭდები არ იყო. დავუშვათ, არ გამოუყენებიათ. როგორ შეიძლება ჭურჭელი იდგეს და ანაბეჭდი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, დადგმის შემდეგ, ვიღაცამ წაშალა ანაბეჭდები. ამასთან, გადაადგილდა უსუპოვის ცხედარი. როგორც ამბობენ, ამის ამსახველი ვიდეო არსებობს".
მამრაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ძმას, პარლამენტარ გოგლა ჟვანიას საქმეზე FBI-ს დასკვნა გააჩნია და მას კითხვები მკვლელობასთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს. „არ მესმის გოგლა ჟვანიას პოზიცია. FBI-ს დასკვნა ბოლომდე საზოგადოებისთვის საჯარო არაა, მაგრამ ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის. მას შეკითხვები არ უნდა ჰქონდეს. მან ყველაფერი იცის»,- განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს ექსპრემიერის სიკვდილში ბრალი არ მიუძღვის.
„სააკაშვილს ეს არ ჩაუდენია. არც მოუკლავს და არც ხელი დაუფარებია მკვლელებისთვის. ჩარევას ვერც ბარამიძე და ვერც დაცვის წევრები ვერ შეძლებდნენ, თუ ბრძანება არ ექნებოდათ უზენაესიდან. სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან ან ადეიშვილისგან. შეიძლება ოქრუაშვილისგანაც. ეს იყო უბედური შემთხვევა“,- ამბობს მამრაძე.
0