22:09:00     29-10-2013
გია ნოდია: სააკაშვილი ეპოქალური მნიშვნელობის პრეზიდენტია

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის ტრანსფორმაცია მოახდინა.
ნოდია სააკაშვილს „ეპოქალური მნიშვნელობის პრეზიდენტად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ უახლეს ისტორიაში ერთადერთი წარმატებული მთავრობა ”ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა იყო.
გია ნოდია: ახალი საქართველოს ისტორიაში ჩვენ პრაქტიკულად, წარმატებული მთავრობა არ გვყოლია. ერთადერთი წარმატებული ”ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ის 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში იმყოფებოდა, მართლაც ქვეყნის ტრანსფორმაცია მოხდა. პრეზიდენტმაც თქვა თავის გამოსვლაში, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იყო 10 წლის წინ იყო და ეს უკეთესობა გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასაც, ესაა ყველაზე მთავარი და ძირითადი მიღწევა პირადად სააკაშვილისა და ”ნაციონალური მოძრაობის". ასევე ეკონომიკური სწრაფი ზრდა, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მანამდე იყო და სამწუხაროდ, ვიდრე ახლაა და რა თქმა უნდა, სერიოზული მიღწევაა ევროინტეგრაცია.
პოლიტოლოგი ”ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ერთ-ერთ შეცდომად ზედმეტად კონცენტრირებულ ძალაუფლებას ასახელებს.
"ბევრი შეცდომა იყო. სააკაშვილმა ვერ მოახდინა, პოლიტოლოგების ენაზე რომ ვთქვათ - დემოკრატიის კონსოლიდაცია, ანუ დემოკრატიის დამკვიდრება. ხანდახან დემოკრატიულად იქცეოდა და ხანდახან – არცთუ ისე დემოკრატიულად. ზედმეტად იყო კონცენტრირებული ძალაუფლება. ერთი შეცდომა რომ გამოვყოთ იყო ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იმ მომენტისთვის არ ემზადებოდა, როდესაც ის ძალაუფლებას დაკარგავდა. როდესაც ხელისუფლება მოდის ის, პირველ რიგში, წასასვლელად უნდა ემზადებოდეს. საქმეს უნდა აკეთებდეს, მაგრამ ისე უნდა აკეთებდეს, რომ წასვლის დროს პრობლემები არ შეექმნას. საქართველოს წინა ხელისუფლება ასე არ იქცეოდა, ამიტომ ის ხელისუფლების დაკარგვისთვის მზად არ იყო", - განაცხადა ნოდიამ.
0