ვინ უნდა აირჩიოს საქართველომ?! ვინ უნდა აირჩიოს საქართველომ?! />


  21:01:41     26-10-2013

ვინ უნდა აირჩიოს საქართველომ?!

a25939.jpg

ხვალ არჩევნებია. საქართველო მომავალ პრეზიდენტს ირჩევს. მთელი საარჩევნო ვნებათაღელვა, ძირითადად, ორი კანდიდატის გარშემო ტრიალებს. საზოგადოებრივი და სოციალოგიური გამოკითხვებიც მოწმობს, რომ მთავარი და გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ მათ შორის გაიმართება. გამოცდილი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე და ახალბედა გიორგი მარგველაშვილი ამ გამოკითხვებს ლიდერობენ.

ისტორიამ განსაჯოსო, ამბობენ–ხოლმე. საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთზე ბევრი დაწერილა, მატიანე ბევრჯერ გადაწერილა და მიდგომები თუ შეფასებებიც შეცვლილა, თუმცა, საბოლოო ჯამში, იგივე ისტორია ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ის არ ტყუის და შთამომავლობას რეალურ სურათს უნახავს.

უკანასკნელი 10 წელი საქართველოს ახალი ისტორიის გამორჩეულ პერიოდად რომ იქცა, ამის შეფასება და დანახვა ყველა თვალხილულს სულ მცირე ბოლო ორი წლის მოვლენების ფონზე და დღევანდელი სიტუაციის გაანალიზების შემთხვევაშიც შეუძლია. ძნელია იმის თქმა, რას შეადარებენ ჩვენი მომავალი თაობები იმ დაჩქარებულ პროგრესს და ქვეყნის განვითარების საოცარ დინამიკას, რამდენად იქნება ეს ჩვენი შთამომავლობისათვის თუნდაც გიორგი ბრწყინვალის დარი ეპოქა, მაგრამ ფაქტი ნამდვილად არის უკვე ის, რომ უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის მანძილზე, საქართველოს ისეთი აღმავალი პროგრესი არ განუცდია, როგორიც წინა ხელისუფლების დროს.

ეს არ არის უტრირება. ეს ფაქტები, მოვლენები, სტატისტიკა და საკუთარი თვალით დანახული პროცესებია, რომელმაც ჩვენს თვალწინ იგივე ისტორიისათვის სულ უმნიშვნელო, პაწაწინა მონაკვეთში, სულ რაღაც ათ წელიწადში გაიარა. ამ წლების მანძილზე, მსგავსი შეფასებების მოსმენისას, ბევრს ეღიმებოდა, ბევრი საერთოდაც მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებდა, მაგრამ დღეს იგივე ადამიანებიც კი უკვე ეჭვის თვალით უყურებენ საკუთარ, ძველ შეხედულებებს.

უკანასკნელი ერთი წელი კი, მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი, მეოცნებე ხელისუფლება მოვიდა, სრული უძრაობის ხანად იქცა. საინტერესოა, რომ დავუშვათ იმის ალბათობა, რომ ედუარდ შევარდნაძის პერიოდის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულიყო ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ახლა საქართველოს მთავრობა ჰქვია, რა მდგომარეობა იქნებოდა დღეს და სად იქნებოდა საქართველო? ეყოლებოდა საქართველოს რეფორმირებული პოლიცია და პატრული? ექნებოდა ბევრად უკეთესი განათლების სისტემა, შუქი, გაზი, მოწესრიგებული გზები და ინფრასტრუქტურა, განვითარებული რეგიონები – აჭარა, სვანეთი, აშენებული ქალაქები, აღკვეთილი კრიმინალი, აყვავებული ტურიზმი?

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ერთი წლის მანძილზე, თუ რამე კარგი შენარჩუნდა საქართველოში, მხოლოდ წინა ხელისუფლების გაკეთებულის ხარჯზე, დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ისევ იქ, იმ ჯურღმულში ვიქნებოდით, რასაც მძიმე 90–იანი წლები ჰქვია. რომ არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს დღესაც სრული რეალობა იქნებოდა საქართველოსთვის.

კულუარებიდან გამოსული ხმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მსხვილი ფიგურები და თვით პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც კი, გაკვირვებულები დარჩნენ იმ აწყობილი სისტემით, რომელიც წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობად დაუტოვა ახალს. დღეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად პოზირებენ: შსს–ს ახალი შენობიდან, რომლის აშენებასაც ოდესღაც დიდ კატასტროფად სახავდნენ, წინა ხელისუფლების დროს აგებული თავდაცვის სამინისტროს ულტრათანამედროვე ბაზებიდან და ყაზარმებიდან, მთელი რიგი ნაგობობებიდან. ამ ერთი წლის მანძილზე კი, ახალი კი არა, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა, რასაც შედეგად მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი პროექტების, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების შეფერხება და სრული სტაგნაცია მოჰყვა.

ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ვერც ის დანაპირები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედით აღსავსე ელექტორატის ნაწილს მისცა. ეგ კი არა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღემდე ბუნდოვან პასუხს სცემს სახელმწიფოსათვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას: რა სტრაგეგიულ ხაზს ადგას საქართველო საგარეო ურთიერთობებში და რა მომავალი აქვს მას არჩეული. ნატოსა და ევრაზიულ კავშირს შორის უნდილად „მოთამაშე“ ქვეყანას უკვე სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, რაზეც რუსეთის ქმედებებიც მოწმობს კონფლიქტისპირა რეგიონებში.

ამის ფონზე, ძნელი არ უნდა იყოს იმის გააზრება, თუ რა იქნებოდა საქართველოსთვის ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუკეთესო არჩევანი. 10 წელი ისტორიისათვისაც ძალიან ცოტაა და საიმისოდაც, რომ მუდმივად რეგრესის გზაზე მდგომმა ქვეყანამ სრული განვითრება მოიპოვოს. საქართველოს გადარჩენის მთავარი გზა სტაბილური იდეოლოგიის პოლიტიკური ძალა და პრეზიდენტია. ასეთად კი, ძნელია „ოცნების“ მთავრობა დაახასიათო. მთავრობა, რომელიც წინამორბედის მემკვიდრეობას ხავსივით ეჭიდება, თუმცა, როდემდე ეყოფა რესურსები თუნდაც საამისოდ, ძნელი სათქმელია.

0

ავტორი: