13:48:30     24-10-2013
თინათინ ბოკუჩავა მთავრობას ევროპარლამენტის რეზოლუციის დამახინჯებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, თინათინ ბოკუჩავა მთავრობას ევროპარლამენტის რეზოლუციის სხვა კონტექსტში გადმოცემაში ადანაშაულებს. ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი ვანო მერაბიშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მიმდინარეობას დააკვირდება.
„პრესრელიზში, რომელიც მთავრობამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, არასწორად არის ციტირებული რეზოლუცია. ეს ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეცდებიან სულ სხვა კონტექსტში გადმოსცენ საზოგადოებას ამ რეზოლუციის არსი. ნაცვლად მისი დამახინჯებისა, უკეთესი იქნებოდა, რომ მიეღოთ ეს, როგორც ძალიან მკაფიო გზავნილი“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის რეზოლუცის ავტორები შემაშფოთებელს უწოდებენ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, რომლებიც პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება.
”მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებიც პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება, ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული პატივისცემით უნდა ჩატარდეს” - აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის კრიტიკა ასევე ყურადღებას ამახვილებს შერჩევითი სამართლის გამოყენებით ამომრჩევლისთვის, ხელისუფლების არჩევის უფლების ჩამორთმევაზე, ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინასწარ პატიმრობაში და ზოგადად, პატიმრობაში ყოფნა ფუნდამენტურ ევროპულ პრინციპებს უგულვებელყოფს.
0