11:14:56     24-10-2013
EP: „მერაბიშვილის სასამართლო ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული პატივისცემით უნდა ჩატარდეს”

ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირობებში, დემოკრატიული კუთხით არსებულ ნაკლოვანებებზე შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტი. ამის შესახებ საუბარია გუშინ დამტკიცებულ რეზოლუციაში. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.
საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირების მხარდაჭერასთან ერთად, ევროპარლამენტარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი ხელმოწერა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ უნდა მოხდეს - ეს პირობებია კანონის უზენაესობის პატივისცემა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარება.
ევროპელი დეპუტატები აღიარებენ გასული წლების მანძილზე ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით წინსვლას. რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს ბოლო წლებში ხელისუფლების წარმატება კორუფციის დამარცხების კუთხით, აგრეთვე სამაგალითო არჩევნებს, რომლის შედეგადაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. მიღწევების აღიარებასთან ერთად, რეზოლუცია კრიტიკასაც შეიცავს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის, ეფექტური სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების მიღწევის, არადისკრიმინაციული საარჩევნო სისტემის შექმნისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე.
ევროპარლამენტის რეზოლუცის ავტორები შემაშფოთებელს უწოდებენ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, რომლებიც პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება.
”მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებიც პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს ეხება ევროპული სტანდარტებისა და ნორმების სრული პატივისცემით უნდა ჩატარდეს” - აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის კრიტიკა ასევე ყურადღებას ამახვილებს შერჩევითი სამართლის გამოყენებით ამომრჩევლისთვის, ხელისუფლების არჩევის უფლების ჩამორთმევაზე, ხაზგასმულია რომ პოლიტიკური ოპონენტების წინასწარ პატიმრობაში და ზოგადად პატიმრობაში ყოფნა ფუნდამენტურ ევროპულ პრინციპებს უგულებელყოფს.
ევროპარლამენტმა რეზოლუცია 23 ოქტომბერს მიიღო. რამდენიმე დღით ადრე, რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა.
0