ივანიშვილი: პოზიტივიც ბევრი იყო... ივანიშვილი: პოზიტივიც ბევრი იყო... />


  12:18:36     17-10-2013

ივანიშვილი: პოზიტივიც ბევრი იყო...

a25847.jpg

"პოზიტივიც ბევრი იყო. ის, რომ სასამართლოში კორუფცია არ იყო და ფულს ვერ იღებდნენ, და პოლიცია და პროკურატურაც ასეთი იყო, ამაში ადეიშვილს ლომის წვლილი ჰქონდა”,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის ყოფილ მინისტრზე, ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას გააკეთა.

„მე ვთქვი, რომ იმ ჯგუფიდან იყო ნიჭიერი და კიდევ ვიმეორებ, ამის არ მერიდება. ადეიშვილი რომ ჩემი მინისტრი ყოფილიყო, საუკეთესო მინისტრი იქნებოდა. რასაც იდეოლოგი უკვეთავდა, ვერ გაუძლო, ამიტომ დაისჯება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ დაისჯება, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც დააშავა, მაგრამ რომ არ ჰყოლოდა მას ასეთი პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, პოზიტივში გადავიდოდა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ ჟურნალისტებთან დღეს გამართული შეხვედრისას.

ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მაქსიმუმ კიდევ ერთი წელი გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენა და მერე ყველაფერი დალაგდება.

"ჩვენ აღმშენებლობაზე უნდა გადავერთოთ და არა ანგარიშსწორებაზე, უნდა გავერთიანდეთ და წინ ვიყუროთ", - აღნიშნა პრემიერმა. ივანიშვილი დავით კეზერაშვილის დაკავების ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „სააკაშვილმა ერთი წერილით მოახერხა, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ვერ ჩასვეს“. ივანიშვილის თქმით, სააკაშვილს და მის გუნდს კიდევ აქვთ გავლენა ევროპასა და აშშ-ში.

„სწორედ ამ გავლენის დამსახურებაა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ინტერპოლმა წითელ ცირკულარში არ ჩასვა.

"ყურადღებით დააკვირდით პროცესებს, კეზერაშვილის დაჭერა იყო ჩვენი ძალიან დიდი მუშაობის შედეგი. წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით, სააკაშვილმა ეს ერთი წერილით მოახერხა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იქნებოდა. ცალკე ვიმუშავეთ თითოეულ სახელმწიფოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. კეზერაშვილმა მოახერხა და გადალახა ლონდონის საზღვარი, თუმცა საფრანგეთში დაიჭირეს. რაც შეეხება ექსტრადირებას, ყველა სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრას არც დღეს ჩაუვლის პრემიერის შენიშვნების გარეშე. ივანიშვილის თქმით, მას აქვს პრეტენზია, რომ შეასრულა ყველა დაპირება, რაც გასცა, ახლა კი სურს, ჟურნალისტებისგან არგუმენტირებულად მოისმინოს, სად რა არ გაკეთდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

„მინდოდა უფრო კრიტიკულები ყოფილიყავით. თქვენ ბეჭდური მედია ხართ და უნდა გქონდეთ თქვენი კრიტიკული შენიშვნები. მაქვს პრეტენზია, რომ რაც კი დაპირებები გავეცი, იმაზე მეტი გავაკეთე რეალურად. შემაჩერეთ და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ ტყუილად მაქვს ეს პრეტენზია, ოღონდ არგუმენტირებულად. მითხარით, სად რა არ გაკეთდა, რომელი დაპირება არ შესრულდა. ერთი წელი გავიდა და მაქვს ამბიცია. ცოტა დამიცხრეთ ეს პრეტენზიები“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

0

ავტორი: