11:36:28     17-10-2013
ივანიშვილი: თარგამაძე ჩემთვის მოღალატის ეტალონია, ნათელაშვილი კი ლამის მასხარა გახდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთებისა და რადიოების რედაქტორებთან შეხვედრას მართავს. ჟურალისტები საპრეზიდენტო არჩევნებითა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებით დაინტერესდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატებზე საუბრისას პრემიერმა შალვა ნათელაშვილს მასხარა, გიორგი თარგამაძეს კი მოღალატის ეტალონი უწოდა.
„აუცილებლად მოდით არჩევნებზე, არ მოხვალთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მოვლენ, მე ამ ნაწილისაც მესმის, მე იმ ნაწილსაც გაგებით ვეკიდები, რომ ნათელაშვილსაც აქვს ერთი თუ ორი პროცენტი, ნათელაშვილი 20 წელია საზოგადოებას ატყუებს, მე იმ ნაწილსაც გაგებით ვეკიდები, გიორგი თარგამაძის მხარდამჭერების ერთ თუ ორ პროცენტს, ამ ადამიანს, მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა და ჩემთვსი მოღალატის ეტალონია. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა. მესმის რომ ბევრს არ აქვს ანალიზის გაკეთების სწორი უნარი. როდესაც იქნება იდოელოგიური ბრძოლა, ეს არის ჩემი დიდი სურვილი. ნათელაშვილი რომელიც 20 წელია გვატყუებს და ლამის მასხარა გახდა და ეს პროცენტები აქვს, რა თქმა უნდა პრეტენზიები არის“, - განაცხადა ივანშვილმა.
ივანიშვილმა კანდიდატების შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ რეიტინგების უპირობო ლიდერი გიორგი მარგველაშვილია.
"ყველა ანალიზიდან, რომელსა მე ვეთანხმები და ჩვენ შიდა კვლევებსაც ვატარებთ ბაქრაძე უსწრებს უსწრებს ბურჯანაძეს ჰოდა აი მეორე ტურიც ბაქრაძე და ბურჯანაძე და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების მეორე ტურის საჭიროება დადგება, მარგველაშვილს ვურჩევდი მასში მონაწილეობა არ მიეღოს.
„ეს გიორგის გადასაწყვეტია, თუმცა მე გიორგის ვურჩევდი საერთოდ არ მიეღო მას მონაწილეობა, თუ საეჭვოდ მიიჩნევს ხალხი მის პრეზიდენტობას. თუმცა, გიორგი არჩევანში თავისუფალია და შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, თუ მარგველაშვილი 60 %-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
რადიოებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წევრებმა მასთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთეს.
0