05:06:14     17-10-2013
ივანიშვილის მოურავი

"ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო", - ეს გამონათქვამი ამერიკის მე-40 პრეზიდენტს, რესპუბლიკერ რონალდ რეიგანს ეკუთვნის.
მისი ფრაზა ზუსტად გამოხატავს იმ მანკიერ თვისებას, რომელიც ძალაუფლების მონოპოლიას ახლავს თან.
ძალაუფლების კონცენტრირება ერთი კაცის ხელში, თვისობრივად უპირისპირდება უმნიშვნელოვანეს ღირებულებას - თავისუფლებას, რომლისკენაც ასე ჯიუტად მიიწევს ცივილიზებული სამყარო და რომლისკენაც ასე ჯიუტად უნდა მივიწევდეთ ჩვენც - საქართველოს მოქალაქეები.
თუმცა, სამწუხაროდ, აქ, საზოგადოების ნაწილი მზადაა მხარი დაუჭიროს არა მხოლოდ მას, ვისაც ძალაუფლების კონცენტრირების ასე დაუოკებელი და საშიში სურვილი აქვს, არამედ მის მიერ შემოგდებულ, სრულიად ალოგიკურ და გაუგებარ კანდიდატსაც.
რატომ მარგველაშვილი? იმიტომ…
რატომ დაასახელა საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო კანდიდატად "არავინ" და "არაფერი" პოლიტიკაში?
პირი, რომელზეც ამომრჩეველმა მხოლოდ ის იცის რომ ის "პლასტელინივით კაცია და სადაც მიაგდებ, იმ ფორმას მიიღებს"…
ცხადია, ამ თემაზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. მაგალითად ის, რომ ივანიშვილმა, ურეიტინგო, უუნარო და უქარიზმო მარგველაშვილის დასახელებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ნინო ბურჯანაძეს მისცა…
რომ მარგველაშვილი, ე.ი. "არავინ და არაფერი", ივანიშვილი-ბურჯანაძის ფარული გეგმის ნაწილია და ა.შ…
შესაძლოა, ამ მოსაზრებას ჰქონდეს არსებობის საფუძველი, რადგან მარგველაშვილი იმდენად უსუსური პოლიტიკოსი გამოდგა, რომ მან დღემდე ვერ აკრიფა საჭირო რეიტინგი.
მიუხედავად იმისა რომ მას, მართლაც "შემოულაწუნესავით" დაატარებენ "ჩადგმით" თუ "ჩამოტარებით"…
თუმცა, ივანიშვილის მიერ "არავინ" და "არაფრის" წამოყენების მთავარი და რეალური მიზეზი მაინც ძალაუფლების კონცენტრირება და მისი მონოპოლიის დაუოკებელი ჟინია.
ვინ იქნებოდა ივანიშვილი გაუმჭვირვალედ მოპოვებული მილიარდების, ზოგადად - ფულის გარეშე?
- საჩხერის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი,
- ჭორვილის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე,
- მეცნიერ-მუშაკი,
- იქნებ ზემო იმერეთის მასშტაბით ცნობილი ფილოსოფოსიც, მაგრამ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი…
რატომ უნდა აირჩიოს საქართველოს მოქალაქეებმა მარგველაშვილი?
რა გააკეთა მან ისეთი, რის გამოც პრეზიდენტობას იმსახურებს?
ან რას გააკეთებს ისეთს, ეს იდიოტური ექსპერიმენტი რომ ღირდეს?
რატომ უნდა მივცეთ ხმა "არავის და არაფერს"?
- იმიტომ რომ უბრალოდ, ასე სურს მას, ვისაც ბრიყვულად სჯერა რომ სადღაც ჩვენს ზემოთაა, ჩვენზე მაღლა დგას და რასაც ჩამოგვძახებს, ის უნდა ავძახოთ, რადგან აქ, "ქვევით", "საზოგადოებას აღზრდა სჭირდება"…
- იმიტომ რომ ის ძალაუფლების კონცენტრირებას, მის მონოპოლიას ცდილობს, რომელიც ასე ცხადად ეწინააღმდეგება თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანეს "სერვისს" - თავისუფლებას.
მთელი ამ ბატონ-ყმური დამოკიდებულების ტრაგედია იმაშიც მდგომარეობს, რომ მარგველაშვილის არჩევის შემთხვევაში, ფორმალურად ის საქართველოს პრეზიდენტი, რეალურად კი, ივანიშვილის მოურავი იქნება.
ამიტომაც დადო მან ფსონი, "არავიზე" და "არაფერზე". გამოცდილებით იცის, სუსტი და მითუმეტეს მისი დასმული სუსტი, სახელად "არავინ და არაფერი პოლიტიკაში", ადვილი სამართავი იქნება.
თუმცა, ახლა ჯერი ჩვენზეა - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა ან ვინ ავირჩიოთ: მოურავი თუ პრეზიდენტი, ყმობა თუ თავისუფლება…
უბრალოდ, გვახსოვდეს: ყმები იღებენ იმდენს, რამდენიც მათი არსებობისთვისაა საკმარისი, თავისუფალი ადამიანები კი იღებენ იმდენს, რამდენსაც გამოიმუშავებენ…
0