18:38:13     26-01-2011
რეზო ჩხეიძის ახალ ფილმს, “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”. მაყურებელი წელს იხილავს
ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, რეზო ჩხეიძე ახალ ფილმზე მუშაობს, რომელსაც «მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი» ჰქვია. ფილმის დასრულებამდე მხოლოდ გახმოვანება დარჩა.
ფილმი გადაღებულია ნობელის პრემიის ლაურეატი შვედი მწერლის სელმა ლაგერლოფის ნაწარმოების მიხედვით. სცენარის ავტორები არიან ნუგზარ ჯუღელი, აწ განსვენებული სულიკო ჟღენტი, ამირან დოლიძე, და რეზო ჩხეიძე.
ოპერატორებია გიორგი ბერიძე, იგორ კრეპსი, ლერი მაჩაიძე. მხატვრები გივი გიგაური და ზურაბ მეძმარიაშვილი («მაგდანას ლურჯადან» რეზო ჩხეიძის განუყრელი თანაგუნდელები). კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე. ფილმის დირექტორია ანდრეი ლოგვინოვი. სარეჟისორო ჯგუფი: ნუგაზ ლორია, თემურ ფალავადიშვილი, მარიამ ქაცარავა, ბიძინა ჩხეიძე, დავით ქაცარავა. მთავარ როლს ასრულებს თორნიკე ბზიავა. ფილმში მონაწილეობენ ანა ამირიძე, ლიდია შუკშინა-ფედოსეევა, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაზე, ბიძინა ჩხეიძე, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქართლოს მარადიშვილი, ხათუნა იოსელიანი, მსახიობები ეგვიპიტიდან და ისარელიდან.
რეზო ჩხეიძის ფილმები ცნობილია თავისი მაღალმხატვრულობით, სულიერებითა და პატრიოტიზმით. მას თავისი მდიდარი შემოქმედების მანძილზე არა ერთი შესანიშნავი სურათი შეუქმნია. ეს ფილმები კარგად ახსოვს ქართველ და უცხოელ მაყურებელს.
“ჯარისკაცის მამა” – ამ სურათით მსოფლიომ დაინახა, რომ ქართველი კაცი მევენახეა და მიწათმოქმედი, მთელი თავისი არსებით, გენეტიკურად. ქართველი კაცი მოსიყვარულეა, რომელიც უსასტიკეს ომშიც კი სიცოცხლის სიმბოლოს, ვაზს ეფერება. ვაზის ჯვრით მონათლული ქართველი ჰუმანურად, სიყვარულით უცქერის “ფრიც” ბავშვებს და არავის და არაფერს აძლევს უფლებას, არც “ზვანიით” უფროსს, არც ომის სისასტიკეს, რომ შრომისა და კულტურის ნაყოფი, ვაზი გაანადგუროს.
მახარაშვილმა, ქართველმა იცის ვაზის ფასი, ისე როგორც არავინ, იცის ღვინის ფასი. მისთვის ტრაგედიაა ხორბლის ყანის დაწვა. იცის რაც არის პური. მათ უნდა მოუფრთხილდე, მოეფერო. იცის, იმიტომ, რომ ახალი აღთქმის უმთვრესი ქვეყნის, საქართველოს შვილია. თითქოს რა დროს ვაზი და პურის თავთავებია გაგანია ომში, მაგრამ, ქართველმა მახარაშვილმა იცის, რომ ვაზსა და ღვინოს, ხორბალსა და პურს შენახვა, გაფრთხილება უნდა, იმიტომ, რომ სწორედ ამისთვის იბრძვის, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს. იცის, რომ კეთილშობილი შრომით მიიღებ ღვინოს და პურს, და მერე, მონანიებით და მღვდელმოქმედებით, ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ჯარისკაცის მამა, რეზო ჩხეიძის გმირი, ამირან დოლიძის სიტყვები რომ გავიმეოროთ, ახალი მოსეა, მამამთავარი, რომელიც მსოფლიოს კეთილშობილებას ასწავლის, რომელიც მსოფლიოს ომიდან გამოიყვანს. «ჯარისკაცის მამაზე” კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება და სხვა ფილმებზეც, რომლებიც რეზო ჩხეიძის გადაღებულია.
რაც შეეხება “მაცხოვრის საფლავზე ანთებულ სანთელს”. ეს კინოსურათი გვახსენებს სულიერებას, სამშობლოს სიყვარულს, მამულისათვის ზრუნვას და თავდადების აუცილებლობას, სიყვარულის ძალას, გადარჩენის პროფეტულ იმედს გვისახავს.
ახალგაზრდა ქართველი, არცთუ სერიოზული მსახიობი იერუსალიმში მოხვდება, განიცდის კათარზისს, შეიცვლება და იქიდან წმინდა ცეცხლი მოაქვს სამშობლოში, რათა გადაარჩეს საქართველო.
ეს ფილმი ყველა ქართველმა თავად უნდა ნახოს. არაქართველი კი, კიდევ ერთხელ გაიგებს რა არის საქართველო, ქრისტიანობის უძველესი ფორპოსტი და წმიდა ცეცხლის გამავრცელებელი იერუსალიმიდან ახალ სამყაროში. მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც ქართველი იგრნობს ამ ფილმს, ინერვიულებს და იმედიც ჩაესახება.
დიდი ხელოვანი ყოველთვის უსწრებს დროს. საპატრიარქოში რეზო ჩხეიძემ მის უწმინდესობას უჩვენა “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”. როცა დასრულდა სურათი, ჩამოვარდა სიჩუმე. ყველა უწმინდესის ვერდიქტს ელოდა. პაუზის მერე კათოლიკოსმა თქვა: “ბატონო რეზო, ეს წინასწარმეტყველური ფილმიაო”.
ამაზე მაღალი შეფასება არ არსებობს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პატრიარქის მიერ იქნა ნათქვამი და არა უბრალო ვინმეს პირით. მაგრამ, მთავარია ის, რომ არ არსებობს ნაწარმოების შეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი.
“შესანიშნავი”, “არაჩვეულებრივი”, “ბრწყინვალე” ძალიან კარგი შეფასებებია, მაგრამ “წინასწარმეტყველური”, მაინც უმაღლესად გვეჩვენება. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ყველამ უნდა ნახოს “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”.
ეს ფილმი დაგვეხმარება ქართველებს კიდევ ერთხელ განვიცადოთ სამშობლოს სიყვარული, კიდევ უფრო მძაფრად და საზოგადოება დაუბრუნდეს სულიერების გზას. მთელი მსოფლიო დაინახავს – ჩვენს სამშობლოში უსათუოდ დაბრუნდება მაცხოვრის საფლავზე ანთებული წმიდა ცეცხლი და საქართველო გაბრწყინდება.
0