სოჭის ოლიმპიადა - დიდი სპორტი თუ დიდი პოლიტიკა? სოჭის ოლიმპიადა - დიდი სპორტი თუ დიდი პოლიტიკა? />


  11:12:11     09-10-2013

სოჭის ოლიმპიადა - დიდი სპორტი თუ დიდი პოლიტიკა?

a25761.gif

სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. რუსული ოლიმპიადა არა სპორტული, არამედ პოლიტიკური ბრძოლის საგნად რჩება.

ხელისუფლებას ბოიკოტის თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილება უჭირს. მთავრობიგან განსხვავებით, ჩამოყალიბებული პასუხი აქვს სამოქალაქო სექტორს. სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით შემუშავდა, გუშინ კი მასზე ონლაინ რეჟიმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, "როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას".

"ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა... მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით აქციები გაიმართოს.

სოჭის ბოიკოტის საკითხს გამოეხმაურნენ სპორტსმენებიც. ძალოსნობაში სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი და ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ასანიძე აცხადებს,  რომ ამ საკითხზე  ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.

„ სიჩქარეც არ ვარგა, თუმცა პულსზე ხელი უნდა გვედოს და არ გამოგვეპაროს არცერთი დეტალი. ვინაიდან, ჩემი ოჯახი თითქმის აფხაზეთიდანაა, მაქვს ამ კუთხიდან ბევრი ინფორმაცია. ვიცი, რომ ისინი აწყობენ აფხაზური სახლის გაშლას და პროპაგანდას ეწევიან. სიჩქარემ შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს როგორც ქართული მხარე, ასევე ბევრი ის შეთანხმება რომელიც უნდა იყოს დაცული“- აცხადებს ასანიძე.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებისთვის შესაძლო ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა. გედევანიშვილის თქმით, ის მზადაა სოჭის ოლიმპიადაზე უარი თქვას. მოციგურავე  დაელოდება გადაწყვეტილებას, მანამდე კი ვარჯიშს გააგრძელებს.

"რაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვარჯიში განვაგრძოთ", - აცხადებს გედევანიშვილი.

"რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მას შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ. ვცდილობ, ამ თემას არ შევეხო–ხოლმე. მიუხედავად ჩემი წყენისა, მზად ვარ, ყველაფერი დავივიწყო და ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად სოჭში ჩავიდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის", - განაცხადა გედევანიშვილმა.

რუსულ-ქართულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.  "ბოლო ერთი თვის განმავლობაში დამავთულხლართებული დიცი, დვანი და აგერ უკვე აძვი; ბოლო კვირის განმავლობაში დაწუნებული ქართული ღვინო და აბუჩად აგდებული ქართული მეღვინეობა - მაინც ვერ ისწავლეს ღვინის კეთებაო;

ბოლო სამ დღეში საქართველოს აბუჩად ამგდები ონიშენკოს და აგვისტოს ომის "გმირის" ქართულ სოფლების მიზანში ამომღები და ჩახმახზე გამომკრავი ხელით ნათრევი ოლიმპიური ჩირაღდანი მეტი რაღა უნდა გაამწვავონ ამ დედააფეთქებულებმა?!

 რა გვინდა ამ ნაბიჭვრების ოლიმპიადაზე, რომელიც ასევე ჩვენთვის წართმეულ ტერიტორიებზე ტარდება? თან მაქსიმუმ მეოცე ადგილის ასაღებად განწირულებს", - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე".

0

ავტორი: