17:15:54     08-10-2013
გოგა ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს - გარდაცვლილის მამა შვილის მკვლელობის სულისშემძვრელ ვერსიაზე საუბრობს
![a25760.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25760.jpg)
ქუთაისის # 2 საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახი დამოუკიდებელ გამოძიებას გეგმავს.
გარდაცვლილის მამა თენგიზ ძველაია აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის იმიტაცია გაითამაშეს.
თენგიზ ძველაია: გოგა ჯერ მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს. ის ვერ შეძლებდა ისე წვრილად და პროფესიონალურად დაეხვია ზეწარი. არ ვიცი, პატიმრებს შემოაკვდათ თუ ვის, მაგრამ ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. როდესაც გოგა ქუთაისში ციხეში გადაყავდათ, მითხრა: მამა, იქ პრობლემები მაქვსო. ვკითხე, რა ხდება-მეთქი, არადა, ვფიქრობდი, ქუთაისი უფრო ახლოს არის და უფრო ხშირად ვინახულებთ შვილს-მეთქი... ჩხუბი მოგვივიდა და ერთ-ერთს ყბა გავუტეხე, ის კი, იმ ახალ ”ზონაში” ”მაყურებელია” და ვიცი, მასთან კონფლიქტი გაგრძელდებაო. მაინტერესებს, დაახლოებით, დღის 3-4- საათზე მიყვანილ ჩემს ბავშვს რა დაემართა ისეთი, რომ რამდენიმე საათში, მეორე დილას თავი მოიკლა... თანაც, ციხის უფროსის სახელზე განცხადება დაწერა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გთხოვთ, ცალკე კამერაში მომათავსოთო. მოათავსეს კიდეც ცალკე კამერაში, ანუ ციხის უფროსიც იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა პატიმრებს შორის და ჩვენ რატომ არაფერი შეგვატყობინეს, ან რამე ზომები რატომ არ მიიღეს?..
„პრესა.ჯი“-მ ძველაიას შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოგროვება შეძლო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან, 16 წლის მოზარდი სასჯელს ხულიგნობისთვის იხდიდა.
რამოდენიმე დღის წინ, გოგა ძველაია პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. ადგილობრივთა განცხადებით, პოლიცია მას რაიონში მდებარე მაღაზიის გატეხვას ედავებოდა. სენაკელებს სჯერათ, რომ მისი დაკავება შეცდომით მოხდა, რადგან 16 წლის მოზარდი ინცინდენტის დროს შემთხვევის ადგილზე შეყვარებულთან შესახვედრად იმყოფებოდა.
„პრესა.ჯი“-სთავის ცნობილი გახდა კიდევ ერთი ფაქტი: რამოდენიმე თვის წინ, ძველაია მობილურის ქურდობისთვისაც აიყვანეს. მას სამარშრუტო ტაქსის მძღოლის კუვნილი მობილურის მოპარვა დაუმტკიცდა, თუმცა საპყრობილე მალევე დატოვა. მოზარდი სააღდგომოდ პრეზიდენტმა შეიწყალა.
0