13:43:43     08-10-2013
სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს?!

“პრესა.ჯი”-ს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ,სოზარ სუბარი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ფიქრობს.
„სუბარი ამ საკითხზე უკვე ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილი მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას აჩევნებამდე არ ჩქარობს“,- აცხადებს სანდო წყარო, რომელიც სუბარის გადადგომას ციხეში მოხშირებულ სისხლიან გარჩევებს უკავშირებს.
„ფაქტია, რომ ყოფილი სახალხო დამცველი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, ციხეს მაყურებლები მართავენ, გახშირდა პატიმართა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტები. ამის გამო, მას, ივანიშვილის კარზე არაერთხელ მოუწია თავის მათლება. ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ ციხეებში არსებულ სიტუაციას შედარებით მკაცრი ხელი სჭირდება. სუბარსაც გადაწყვეტილი აქვს დატოვოს თანამდებობა და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლოს“,- აცხადებს მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრი.
გარდა ამისა, სუბარის გადადგომის მაპროვოცირებელ ერთ-ერთ თემად მთავრობაში არსებული დაპირისპირება სახელდება. კულუარული ინფორმაციით, რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომელიც სოზარ სუბარის წინააღმდეგ გაიმართა, სწორედ სამთავრობო კულუარებიდან იყო მართული.
სუბარის გადადგომას ითხოვს სამოქალაქო სექტორიც. მუშაობის ერთი წლის თავზე, სასჯელაღსრულების სამინისტრო სკანდალში არაერთხელ გაეხვა. ბოლო სკანდალი 16 წლის გოგი ძველაიას გარდაცვალება გახდა. გარდაცვლილის მშობლებს სამინისტროს ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი, რომელიც ციხეში 24 საათის შეყვანილი იყო, მაყურებლების დავალებით გაგუდეს.
არანაკლებ სკანდალური გამოდგა 24 წლის ლევან კორტავას საქმე. გამოძიებამ დაადგინა, რომ კორტავა გეგუთის ციხეში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაკვეთითა და ქურდული სამყაროს წევრების დავალებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. აღსანიშნავია, რომ პატიმარ კორტავას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებისთვის მიმდინარე წლის 23 მაისს გახდა ცნობილი. მაშინ სუბარი ურცხვად იტყუებოდა, რომ პატიმარი კიბიდან დაგორდა.
მას შემდეგ, რაც ოჯახმა სამინისტროს პოზიციაში ეჭვი შეიტანა, სოციალურ ქსელში კი ნაწამები პატიმრის ფოტოები გავრცელდა, სამინისტრომ ოფიციალური განცხადება შეცვალა და მომხდარი პატიმრებს შორის დაპირისპირებას დაუკავშირა.
რამოდენიმე კვირის წინ კი გეგუთის მეთოთხმეტე დაწესებულებაში გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გეგუთის ციხის თანამშრომლები და წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
27 სექტემბერს, 37 წლის დენის ყვარელასვილის გარდაცვალებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ადანაშაულებს გარდაცვლილის ადვოკატი მამუკა ნოზაძეც. მისი თქმით, პატიმარზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდებოდა. C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანს ციხის ადმინისტრაციის წევრები შესაბამის მკურნალობის საშუალებას არ აძლევდნენ და ხშირ შემთხვევაში აშიმშილებდნენ.
სუბარის უწყების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, მე-6 დაწესებულებაში 25 აგვისტოს გარდაცვლილი ჯაყელის ოჯახიც, რომელმაც უწყების ცნობით თავი ჩამოიხრო. გარდაცვლილის ოჯახი ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად ემიჯნება.
"როგორ უნდა დავიჯერო რომ მან თავი მოიკლა, როცა რამდენიმე დღის წინ დაგვირეკა და გვითხრა, იქნებ მიშველოთ, მკლავენო. როცა სახლში მომისვენეს, ისეთი ნემსი ჰქონდა გაკეთებული რომ არაფერი ეტყობოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მოკლეს და ახლა ამ ფაქტის დამალვას ცდილობენ", - აცხადებს გარდაცვლილის დედა.
აღსანიშნავია, რომ პატიმართა გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი ქუთაისის #2 საპყრობილეში ფიქსირდება. მიმდინარე წლის პირველ მაისს, პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმარმა თავი ზეწრით ჩამოიხრჩო. საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას ( საკუთარი ზეწრის გამოყენებით - ასფიქსია).
იმავე თვეს, ამავე ციხეში, პატიმარი, ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. პრესაში ინფორმაციამ გაჟონა, რომ გარდაცვლილი „ციხის მაყურებელი“ იყო, რის შემდეგაც სუბარის უწყება უძულებული გახდა, პატიმრის გარდაცვალება ოფიციალურად დაედასტურებინა. უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ ქუთაისის ციხეში, ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა თავისუფლად ხდება.
ციხეებში ე.წ „მაყურებლების“ არსებობის შესახებ, ქუთაისის ციხის ყოფილი მთავარი ექიმი მამუკა მდივანიც საუბრობს. მისი თქმით, ციხეებში ადგილი აქვს „ობშიაკის“ აკრეფვის ფაქტებსაც.
„მე გიდასტურებთ, მთელი პასუხიმგებლობით, რომ „მაყურებლები“ ბრუნდებიან სისტემაში, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. სასჯელაღსრულების ახალმა შემადგენლობამ იპოვა იოლი გამოსავალი, ეს არის საშინელება. ქუთაისის ციხე, ისევე როგორც სხვა დაწესებულება ბარდება პატიმრებს და ბრუნდება „მაყურებელი“. ყველანაირი უფლება მისცეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს მისჯილებს, რომ მათი მდგომარეობა შეამსუბუქონ და წყნარად ჰყავდეთ ადგილებზე.
ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ შეინიშნება „საერთოს“ აკრეფვის ფაქტებიც... სუბარი სუსტი მინისტრი აღმოჩნდა. სასჯელაღსრულებაში ძალიან ცუდი ვითარებაა, ვერ კრებს გუნდს, რომ დაამყაროს წესრიგი, არც გამოცდილება აქვს და არც იცის სისტემა“ - აცხადებს ქუთაისის ციხის ყოფილი მთავარი ექიმი.
„პრესა.ჯი“ სუბართან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას დილიდან ცდილობს, თუცა მინისტრი ჩვენ ზარებს არ პასუხობს.
0