რა საფრთხეს შეიცავს სოჭის ოლიმპიადა საქართველოსთვის? რა საფრთხეს შეიცავს სოჭის ოლიმპიადა საქართველოსთვის? />


  11:41:44     07-10-2013

რა საფრთხეს შეიცავს სოჭის ოლიმპიადა საქართველოსთვის?

a25737.gif

საქართველოს ტერიტორიაზე რუსი აგრესორების მიერ მცოცავი ოკუპაციის კვალდაკვალ, ქართველი სპორტსმენები აქტიურად აგრძელებენ მზადებას 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის. საქართველოს მთავრობამ ცალყბად გააპროტესტა ოკუპანების მიერ დიცსა და დვანში აღმართული ბარიკადები, თუმცა, ქმედითი საპროტესტო ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

საზოგადოება კი ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროტესტის ნიშნად უარი თქვას პუტინის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. სასჯელაღსრულების ყოფილმა  მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ ის მიზეზები დაასახელა, რატომაც უნდა თქვას საქართველომ უარი სოჭის ოლიმპიადაზე.

ხათუნა კალმახელიძე:  ყოველგვარ პროტესტს ეკარგება აზრი, მაშინ, როდესაც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მზაობას ვაფიქსირებთ. ეს დიდი შეცდომაა და რბილად რომ ვთქვათ - შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის დაიღუპა. ნუთუ არ უნდა გავაპროტესტოთ სოჭის ოლიმპიადა, რომლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აფხაზეთის საზღვაო ზოლის აბრაზია განხორციელდა? არგუმენტად ისმის ის, რომ ცოდონი არიან სპორტსმენები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას გაუშვებენ ხელიდან. რა ეგოისტური არგუმენტია!

დარწმუნებული ვარ, უამრავი ქართველი სპორტსმენი დამეთანხმება, რომ საქართველოს ხათრით, დაღუპული ბიჭების ხათრით, ნამდვილად ღირს ოკუპანტის ქვეყანაში, ორჯონიკიძეს მიერ გასხვისებულ საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ მედალზე უარის თქმა. ბოლო–ბოლო, ვისთვის უნდა მოიპოვოს მედალი სპორტსმენმა? თავისთვის თუ საქართველოსთვის? რა ფასი აქვს ამ მედალს?

აღსანიშნავის ის ფაქტიც, რომ ოლიმპიური ცეცხლის ანთება რუს მფრინავს  ივან ნიჩაევს ანდეს. ნიჩაევი, 2008 წლის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელსაც ქართველების სისხლი აქვს დაღვრილი.

სპორტსმენების ნაწილი საქართველოს მონაწილეობას ოლიმპიადაზე დიდი პოლიტიკით ხსნის. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა არ გამორიცხა, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნას ან დახურვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

რუსულ სააგენტო "იტარტასთან" საუბრისას,  ხაბელოვმა განაცხადა,  რომ ეს ვარაუდი ბოლო დროს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგების ნიადაგზე გააკეთა. „როგორც ვიცი, რუსეთთან ურთიერთობა დათბობისკენ მიდის, ამ კონტექსტში ვთქვი, რომ, სავარაუდოდ, სოჭის ოლიმპიადაზეც იქნება პრემიერ-მინისტრი". – განაცხადა ხაბელოვმა რამოდენიმე თვის წინ.

ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმნების მონაწილეობით შეშფოთებულია ოპოზიციაც. საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ   როდესაც ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, თამაშებში მონაწილეობა დაუშვებელია. ნათელაშვილის განცხადებით, ამ ქმედებით, ქართული მხარე აღიარებს წართმეულ ტერიტორიებს, რაც  მისი აზრით, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

„ლეიბორისტები” მოუწოდებენ ოლიმპიურ კომიტეტს,  არ გაითვალისწინოს პრემიერის გადაწყვეტილება და ქართულმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღოს სოჭის ოლიმპიადაზე.

მართალია პრეზიდენტ სააკაშვილს პირდაპირ არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, მაგრამ იგი ყოველთვის მიანიაშნებდა, რომ 2014 წლის ოლიმპიადის ადგილი პრობლემური იყო.

„ეს უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ოლიმპიადის ადგილიდან რამოდენიმე კილომეტრში რუსეთმა ოფიციალურად, პოლიტიკურ დონეზე მოახდინა ეთნიკური წმენდის ლეგალიზება აფხაზეთში“ – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სოჭი აფხაზეთის გვერდითაა, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა „ეს ის ადგილიცაა, სადაც ჩერქეზთა გენოციდი მოხდა“.

შარშან საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები გენოციდად აღიარა.

ექსპერტი გოჩა გვარამია კი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისაას რუსეთის პრემიერის იმ განცხადებას იხსენებს, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ეხებოდა.

გოჩა გვარამია: პუტინის განცხადება გარკვეული ნიადაგის მომზადებას ჰგავს. თუ ჩვენ ახლო მომავალში ვიხილეთ, რომ ქართული მხარე პუტინის ამ შეთავაზებას დათანხმდა, მაშინ ქვეყნის უსაფრთხოებას ნამდვილად დაესმება წერტილი. რუსული სპეცსამსახურები, 90-იანი წლების მსგავსად, კვლავ დაიწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე თავის საქმიანობას. გააქტიურდება ის აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოში დღემდე შემორჩა...

გვარამია ოლიმპიადაზე გარკვეული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას რუსეთის მხრიდან, არ გამორიცხავს.

„სულაც არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადაზე ტერაქტები რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყონ და ქართულებს გადააბრალონ. რუსეთის მხრიდან მსგავსი პროვოკაცია ჩეჩნეთთან მიმართებაში უკვე ვნახეთ. კრემლის სპეცსამსახურები დედაქალაქში აფეთქებდნენ სახლებს და აბრალებდნენ ჩეჩნებს“,- აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონთან სიახლოვეს მიმდინარე პროცესს,  პროექტის ღირებულებად, უპრეცედენტო ციფრი, 51 მილიარდი დოლარი დასახელდა, ეს მაშინ, როცა თამაშებამდე 4 თვით ადრე ობიექტების ნაწილი ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესშია. ექსპერტები აცხადებენ, რომ გაურკვეველია რაში გამოიყენებს რუსეთი 2 კვირის შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს და რამდენი წელი დასჭირდება იმას, რომ დანახარჯმა მოგება მოიტანოს.

0

ავტორი: