19:26:51     05-10-2013
მიხეილ სააკაშვილი: წინ გამარჯვებისკენ!

სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქარაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძე რომელიმე მდიდარი ადამიანის მარიონეტობას არ აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი: უნდა იყოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ან რომელიმე ქვეყნის მარიონეტი, ან რომელიმე მდიდარი ადამიანის მარიონეტი? თუ უნდა იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე პიროვნება? მე წინა კვირას ვიყავი გაეროში, მსურს დავსვა კითხვა: გენერალური ასამბლეის შემდგომ ხუთ სესიაზე ვინ უნდა გამოვიდეს: ისინი, ვინც კანდიდატებად არიან წარმოდგენილნი თუ დავით ბაქრაძე? დიდხანს ოცნება ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ძალიან საშიშია, გაიყინები და დაიღუპები".
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დაღუპვის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალი მოძრაობაა.
„ დაღუპვის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალი არის მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე ამბობდა. რა თქმა უნდა, როცა იღლები და 9 წელიწადი დაღლისთვის სრულიად საკმარისი იყო, შეიძლება ჩამოჯდე ქვაზე, დაფიქრდე და ოცნებასაც მიეცე, მაგრამ ამ ექსტრემალურ სიტუაციაში დიდხანს ოცნებით გაიყინები და დაიღუპები.
პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი გამიზნული ბოროტი ჭორაობის, ბრალდების, დევნის და მთავრობის მხრიდან მრავალი განცხადების და უკანონო ქმედების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა.
„ჩვენ გვაქვს მომავალი, საქართველოს აქვს მომავალი. ეს შესაძლებელი გახადეთ ყველა თქვენგანმა და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. მაგარი ქართველები ხართ თქვენ“- მიმართა სააკაშვილმა სპორტის სასახლეში შეკრებილებს.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ამ ნგრევის მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება ის, რომ საქართველო განვითარების და აღმშენებლობის გზას დაუბრუნდება“.
„ რა თქმა უნდა, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია ნებაყოფლობით ტოვებს მმართველობის სათავეებს და ეს არის პირველად ის, რომ სამთავრობო ბერკეტების დაკარგვის შემდეგ, ყოფილი მმართველი ძალა არ გაქრა და არ დაიკარგა ისტორიის ნაპრალში. უფრო მეტიც, ერთ საიდუმლოს გაგიზიარებთ: იმ საღამოს, ბევრისთვის ტრაგიკულ საღამოს, როდესაც ავიღე თავზე, ისე, რომ არავის არ ვკითხე და მივიღე გადაწყვეტილება, გამომეცხადებინა არჩევნების შედეგები, გარწმუნებთ, ვიყავი მძიმე ხასიათზეც და ოპტიმისტურ ხასიათზეც. ჩემს თავს ვუთხარი, ეს არ არის დასასრული, როგორც ღამეს მოსდევს დღე, ქარიშხალს მოჰყვება მოწმენდილი ცა, ასევე, ამ ნგრევის მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება ის, რომ საქართველო განვითარების და აღმშენებლობის გზას დაუბრუნდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ყრილობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” დროშის ახალი ვარიანტი წარმოადგინა - ჯვრის გარშემო გაერთიანებული ოთხი გული.
0