16:45:17     04-10-2013
საზღვრიპირა სოფლებში არსებული მდგომარეობა ელჩებმა შეაფასეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდი საოკუპაციო საზღვართან მიმდინარე სიტუაციას ტრაგიკულს უწოდებს.
”ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო, დიპლომატიური კორპუსი გაცნობოდა ადგილზე არსებულ ვითარებას. სიტუაცია ნამდვილად ტრაგიკულია და მახსენდება ბერლინის კედელი. ხალხი დააშორეს საკუთარ მიწა-წყალს, წინაპრების საფლავებს. ჟენევის მოლაპარაკების პარალელურად, აქ ხალხს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს“- განაცხადა ნორლანდმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურვალეთის, დიცისა და დვანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ნორლანდთან ერთად აღნიშნულ სოფლებში სხვა ელჩებიც იმყოფებიან. ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ივან იესტრჟაბმა რუსეთს ბარიერების აღებიკენ მოუწოდა.
”ჩვენ გერმანიის გაერთიანებას აღვნიშნავთ. დღეს კი აქ ხალხის გაყოფას ვხედავთ. ჩეხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მავთულხლართები კი ერთიანობას და იმ შეთანხმებას არღვევს , რომელიც 2008 წელს გაფორმდა. ეს ბარიერები უნდა აიღონ.” -განაცხადა იესტრჟაბმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა კი, სოფლებში არსებულ სიტუაციას ჰუმანიტარული დრამა უწოდა.
”ძალიან მტკივნეულია, როცა ამ ყველაფერს ნახავ. ადგილობრივების ცხოვრების ნორმალური რიტმი დარღვეულია. მათ არ შეუძლიათ ნათესავების მონახულება, საკუთარ მინდვრებში შესვლა. ეს არის ჰუმანიტარული დრამა . ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება ამ საკითხზე და და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს პრობლემა ყველგან წინა პლანზე იყოს წამოწეული.” - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
0