16:05:53     04-10-2013
მოკლული ჩვილის დეიდა: “ახლა აღარც “ქართულ ოცნებას” ვაინტერესებთ... თურმე, თავი არავის გამო არ უნდა გაწირო”
![a25717.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25717.jpg)
შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არჩევნების წინა დღეს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბურუსით მოცულ საქმეზე მომხდარიდან ერთი წლის თავზეც არ აქვს დამაჯერებელი პასუხი.
მინისტრი ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარ საქმეს "საკმაოდ მძიმე თემად" მიიჩნევს.
"ეს საქმე არის მძიმე თემა, ის უნდა ყოფილიყო გამოძიებული ჯერ კიდევ წინა მთავრობის პირობებში. წინა ხელისუფლებას ცხელ კვალზე უნდა გაეხსნა ეს დანაშაული. ადგილზე კვალი იყო წაშლილი, ეს აღმოვაჩინეთ და ამის გამო გამოძიება გაიწელა. გამოძიებას აქვს გამოკვეთილი ვერსია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი დღეს არ შემიძლია", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
გარდაცვლილი ჩვილის დეიდა დალი მექერიშვილი, კი აცხადებს, რომ ახლა აღარც “ქართულ ოცნებას” აინტერესებს ეს საქმე.
ბარბარეს დეიდა მედიაში გავრცელებულ ინფრმაციასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გამოძიებას ეჭვი მასზე და მის დაზე აქვს.
„ასე თუ წავიდა გამოძიება და ხელი რომელიმე ჩვენგანს დაგვადეს, ალბათ, ვიღაცამ ძალიან დიდი ფული დახარჯა... არ მინდა, რომ ეს საქმე ასე ჩაიფარცხოს. უნდა გამოიძიონ. ჯერ იმიტომ, რომ ბავშვი მოსპეს, დედას კალთიდან გამოაცალეს ფაქტობრივად. მერე იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაში ამხელა ჩირქი მომეცხო – ხან კახპად გამომაჭენეს, ხან ქურდად, ხან ვითომ მილიონები ავიღე. მილიონი 2 თეთრი ხომ არ არის, რომ დაიმალოს?! ჩემი ცხოვრება ისევ ისე მიდის, თუ უარესად არა. მოვითხოვე, რომ მოეტანათ და მეც შევემოწმებინე და ყველა, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ. ვუთხარი, პირველი მე წამოვალ და შემამოწმეთ, დასამალი არაფერი მაქვს-მეთქი. წავედი და დავჯექი, დასამალი მართლა არაფერი მქონია და მაგაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს“,- აცხადებს მექერიშვილი.
პატარა ბარბარეს დეიდა გამოძიების გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას განოთქვამს და აცხადებს, რომ რეალური დამნაშავის შესახებ ობიექტური გამოძიება შს სამინისტრომ უნდა დადოს.
„ველოდით, რომ საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა, მაგრამ ფაქტია, ერთი წელი გავიდა და ვერ იძიებენ. არ ვიცი, იმ ადამიანს ასეთი დიდი გავლენა აქვს და ვინმე მფარველობს, თუ მართლა, როგორც გამომძიებლები გვეუბნებიან, კვალია წაშლილი… არანაირი ანაბეჭდი, არც მოწმე, არც ხელჩასაჭიდიაო.
ასე ხელს ვერავის დაადებ, ძალიან ძნელია. თვითონ გამოძიებამ დაადგინოს მკვლელი“- ამბობს მექერიშვილი.
მოკლული ბავშვის ოჯახს იმ გავრცელებული ინფორმაციისც არ სჯერა, რომლის მიხედვითაც 10 თვის ჩვილი რელიგიური რიტუალის მსხვერპლი გახდა.
„რა სისულელეა, რა რელიგიური რიტუალი. ვითომ იმასაც ამბობდნენ, დედამ მოკლაო. დედას როგორ შეუძლია ასეთი რამ?! თათია 80 წლის მოხუცს უვლიდა, პამპერსებს უცვლიდა და ამაში დღეში 80 თეთრს, ხან ლარს და 2 ლარს აძლევდნენ, რომ ბარბარესთვის მაწონი ეყიდა… ასე წვალობდა ჩემი და. ასეთი დედა შვილს გაწირავდა?! „- აცხადებს რაფალიანცის დეიდა.
მასალა მომზადებულია „კვირის პალიტრის" მიხედვით.
0