13:26:10     01-10-2013
ორად გაყოფილი დვანი და უმოქმედო მთავრობა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროები, ქარელის რაიონის სოფელ დვანთან, ორად გაყოფილ სოფელში მავთულხლართების მონტაჟს ამ წუთებშიც აგრძელებენ. მამისეული სახლ-კარიდან იძულებით აყრის შემდეგ, მოსახლეობა ხეხილის ბაღებს საკუთარი ხელით ჩეხავს. ადგილობრივები მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას ხელისუფლებისგან უშედეგოდ ითხოვენ.
სოფელ დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ზაზა კოპაძის ინფორმაციით, ოცამდე რუსმა სამხედრომ ე.წ. საზღვრის გადმოწევისა და მავთულხლართების გაბმის პროცესი დაჩქარებული ტემპით დაიწყო. კოპაძის ცნობით, რამოდენიმე საათში სოფელი დვანი ორ ნაწილად გაიყოფა და სასმელი წყალი რუსი ოკუპანტების კონტროლქვეშ მოექცევა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ინფორმაციით, კონფლიქტისპირა სოფლებში 17 სექტემბერს განახლებული „ბორდერიზაციის“ შედეგად, განსაკუთრებით სოფლები დიცი და დვანი დაზარალდა.
ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვართან გავლებული მავთულხლართების სიგრძემ 22-25 კილომეტრი შეადგინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 120-150 მეტრით გადმოიწია.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი კი საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს: “ არაფერი გაზრდილა და არც ე.წ. საზღვარი გადმოწეულა... ვინც ამბობს, რომ გადმოიწია, მაჩვენოს, სად იყო მანამდე გამყოფი ხაზი და ამის შემდეგ ვისაუბროთ მის გადმოწევაზე. ”
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკის პარალელურად, რუსეთის ეს ქმედება ერთგვარი გაფრთხილებაა, ქვეყანამ უარი თქვას არჩეულ საგარეო კურსზე და შეუერთდეს ევრაზიულ კავშირს. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს თემა საქართველოს მთავრობაშიც აქტიურად განიხილება, რადგან ივანიშვილის პასუხი, ფიქრობს თუ არა ახალი მთავრობა პუტნის ევრაზიულ კავშირში შესვლაზე, შემდეგნაირად ჟღერს: რატომაც არა...
რაც შეეხება საზვრიპირა რეგიონში მიმდინარე პროცესებს, პრემიერს აღნიშნულ საკითხზე რუსეთი ერთხელაც არ გაუკრიტიკებია.
მეტიც, საოკუპაციო რეჟიმის სიახლოვეს მოქალაქეების გატაცების ფატების კომენტირებისას, პრემიერმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ვერაფრით წარმოუდგენია, თუ რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია და მსგავსი პოლიტიკა. ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს სიმშვიდე და კვლავ გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება.
გუშინ კი ივანიშვილმა საზღვრიპირა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა.
"საერთაშორისო ორგანიზაციები ფეხზე დავაყენეთ. არ გამოვრიცხავთ პოლიციის გაზრდას, თუ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების უკმაყოფილებას, მათთან შეთანხმებით. მოთმინება და დავალაგებთ მე მგონი ყველაფერს. რაც მთავარია, ვეხმარებით მათ, ვინც დაზარალდა, ვისაც შეეზღუდა უფლებები. მაგრამ არ შეიძლება ემოციურად და აგრესიულად ვიმოქმედოთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ეს იმ ფონზე, როცა მავთულხლართების გაბმის კვალდაკვალ , რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გრიგორი კარასინმა ოფიციალურად განაცხადა რომ „ეს პროცესი რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების დავალებით ხორციელდება“.
საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებლებს, რომლებმაც საკთარი სახლები და საძოვრები დაკარგეს, გამძლებას სთხოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდინარე პროცესი არის საქართველოს ხელისუფლების მოთმინების გამოცდა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს:
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოცდას სწორად გავივლით. მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავს ჩართული, ინფორმირებული და მათი რეაქციები და ჩვენი ძალისხმევა იმ შედეგს მოიტანს, რომ ესკალაცია რეგიონში არ მოხდება“.
დვანში მიმდინარე მავთულხლართების გავლების პროცესს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების საპროტესტოდ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება მოახდინოს.
მიხეილ სააკაშვილი: "ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში და თან ამის შესახებ, პრაქტიკულად, ვერავინ გაიგო. ეს გაკეთდა ისე, რომ რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ხშირად ამბობდნენ, ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი ვერ მიტანდა. ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ გეგმაზომიერ შეტევას აქვს ადგილი საქართველოს სუვერენიტეტულ საზღვრებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში?!"
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესი განიხილეს და შეშფოთება გამოხატეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც.
მიქაელ ასტრუპ იანსენისა და ბორის ცილევიჩის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეს ღობეები და დაბრკოლებები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ზიანის მომტანია სასაზღვრო ზონაში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობებისთვის“.„მოვუწოდებთ რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩერონ ასეთი ტიპის საზღვრების მშენებლობა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცენ", - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
0