10:13:59     01-10-2013
„ფუკუსიმაზე“ რადიოაქტიური წყლის გაჟონვა მოხდა
იაპონიაში, ავარიულ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა–1“–ზე, რადიოაქტიური წყლის მორიგი გაჟონვა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კომპანიის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაჟონვა სადგურზე მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ერთ–ერთ რეზერვუარში დაგუბებული წვიმის წყლის მეორე რეზერვუარში გადაქაჩვა ხდებოდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წყლის დაბინძურების მაჩვენებელი ამ დროისათვის ზუსტად არ არის ცნობილი.
თვის დასაწყისში, კომპანიამ, რომელმაც ნახევარი მილიარდი დოლარი გამოყო ელექტროსადგურის რადიოაქტიური ნივთიერებისაგან გასაწმენდად და სადგურის გარშემო გრუნტის გაყინვისათვის, განაცხადა, რომ ეს ღონისძიებები აუცილებელი იყო იმ შემთხვევისთვის, თუ დაბინძურებული წყალი წყნარ ოკეანეში მოხვდებოდა.
მსგავსი მსხვილი გაჟონვა 2013 წლის დასაწყისშიც დაფიქსირდა. ავარიის მომენტიდან დღემდე, სულ ხუთი მსგავსი ინციდენტია ცნობილი.
„ფუკუსიმა–1“–ზე ავარია 2011 წლის მარტში მოხდა. ცუნამმა რეაქტორების კონდიცირების სისტემა წყობიდან გამოიყვანა. რადიაციული დაბინძურების გამო, საკუთარი სახლები 160 ათასმა ადამიანმა დატოვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ავარიის შედეგები უახლოეს 40 წელიწადზე ადრე ვერ აღმოიფხვრება.
0